კანაგავას ტალღის ქვეშ
კანაგავას ტალღის ქვეშ | |
---|---|
神奈川沖浪裏, Kanagawa-oki Nami Ura | |
ავტორი | კაცუსიკა ჰოკუსაი |
წელი | გამოქვეყნდა 1831 წელს |
ტიპი | უკიო-ე, meisho-e და nishiki-e |
სიმაღლე | 25.80 სანტიმეტრი |
სიგანე | 37.90 სანტიმეტრი |
კანაგავას ტალღის ქვეშ (იაპ. 神奈川沖浪裏 - Kanagawa oki nami ura), უფრო მეტად ცნობილი, როგორც „დიდი ტალღა“[1] — პოლიქრომული ხის გრავიურა, სერიიდან მთა ფუძიამას ოცდათექვსმეტი ხედი (Fugaku sanjurokkei), შექმნილია კაცუსიკა ჰოკუსაის (იაპ. 葛飾 北斎, 1760-1849) მიერ. მან ამ ნამუშევარზე მუშაობა 1830 წელს დაიწყო, როცა 70 წლის იყო, ხოლო 1831 წელს გრავიურა უკვე გამოქვეყნდა.[2][3]
ნამუშევრის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავად ჰოკუსაის კარიერა შვიდი ათწლეულის განმავლობაში გაგრძელდა. მან დიდ პოპულარობას მიაღწია ხის გრავიურების და ილუსტრირებული წიგნების დინამიური დიზაინის შექმნით, ამასთან ერთად ის ძალიან გამოცდილი მხატვარი იყო. ჰოკუსაი ამ ნამუშევარში წარმოგვიდგენს ტალღებს, მათ შორის მოქცეულ ნავებს. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ არეალს ძირითადად დიდი ტალღა იკავებს, დისტანციაზე იაპონიის ყველაზე მაღალი მწვერვალი, მთა ფუძიამაც მოჩანს[4] პატარა სამკუთხედის სახით, ეს კი ბუნების ძალის სიმბოლოა.
ნამუშევარში დახვეწილად არის გამოყენებული ლურჯი ფერის სხვადასხვა შეფერილობა, რაც დამახასიათებელია, თავად იმ სერიის რამდენიმე გრავიურისთვის, რომელსაც ეს ნამუშევარი ეკუთვნის. ამ გრავიურის შექმნის პერიოდში, დიდი მოთხოვნა იყო ბერლინის ლურჯზე, ანუ ცნობილი, როგორც პრუსიული ლურჯი, რომელიც იმპორტირდირდებოდა ნიდერლანდებიდან, ჩინეთიდან. ჰოკუსაის ეს ნამუშევარი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელშიც ეს ფერი იქნა გამოყენებული. სანამ პრუსიული ლურჯი იაპონიას მიაღწევდა, გრავიურების შემქნელები ინდიგოსა და დღის ყვავილის ცისფერ შეფერილობებს იყენებდნენ, რომლებიც გაცილებით ნაკლებად ტოვებს ცოცხალ შთამეჭდილებას, თუმცა მეცნიერულმა ანალიზმა აჩვენა, რომ დახვეწილი გრადაციების შესაქმნელად ნამუშევარში გამოყენებულია, როგორც პრუსიული ლურჯი, ასევე ტრადიციული ინდიგო ფერი.[5][2]
ნამუშევრის სხვადასხვა ვერსიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მნიშვნელოვანია ვახსენოთ ის, რომ თავად ამ ნამუშევრის ბევრი ვერსია არსებობს და არა მხოლოდ ერთი განსაზღვრული. მაგალითად, ბრიტანეთის მუზეუმს კოლექციაში ამ ნამუშევრის სამი ვერსი აქვს, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს - ოთხი და მეიდსტონის მუზეუმს (დიდი ბრიტანეთი) - ერთი. მათ შორის იკვეთება განსხვავებები, რის მიხედვითაც შეგვიძლია დავადგინოთ როდის შესრულდა იგი.
იმ დროს, როგორც ჩანს, გრავიურები ძალიან იაფი იყო და სანამ ყიდვის მსურველები არსებობდნენ, ნამუშევრის სხვადასხვა ვერსიები იქმნებოდა, ერთი და იმავე ანაბეჭდით.
ვერსიები დათარიღებული არ არის, თუმცა ვიცით ის, რომ ხის ბლოკი დროდადრო ბეჭდვის პროცესში ზიანდება, შესაბამისად ვერსიებს შორის ხის ცვეთის ნიშნების აღმოჩენით შეგვიძლია დავადგინოთ, რომელი უფრო ძველია.
საგულისხმოა ისიც, რომ ზოგიერთ ვერსიას შორის ძალიან მკვეთრი სხვაობაა, აშკარად ვხვდებით, რომ ისინი სხვადასხვა ხის ბლოკისგან არიან დამზადებულნი. აქ ჩნდება კითხვები, თუ რატომ გახდა საჭირო ახალი ბლოკის დამზადება? ან რატომ არ დამზადდა ზუსტად ისეთი ხის ბლოკი და რატომ არის ასე განსხვავებული ის წინისაგან? შესაძლოა ბლოკი იმდენად დაზიანდა, მისგანა ნაბეჭდის მიღება შეუძლებელი გახდა, მაგრამ გამოცდილ ხის მჭრეს ზუსტად მსგავსი ხის ბლოკის დამზადება არ გაუჭირდებოდა. ეს ნაჩქარევობაზე და მოუვლელობაზე შეიძლება მეტყველებდეს.
სამწუხაროა ის, რომ არ არსებობს ჩანაწერები ედოს პერიოდში წარმოებული დიდი ტალღის ანაბეჭდების რაოდენობის შესახებ, არც ის არის ზუსტად დადგენილი, რამდენი მათგანია დღემდე შემორჩენილი. მწარმოებლები ნამუშევრებს ყიდდენ, სანამ ხის ბლოკი არ გაცვთებოდა. ექსპერტების შეფასებით კი, ამ ლოგიკით დაახლოებით 8000 ანაბეჭდი უნდა შექმნილიყო. იმის გამო, რომ იმ პერიოდში ასეთი ნამუშევრები ღირებულად არ ითვლებოდა და საკმაოდ იაფათაც იყიდებოდა, საზოგადეობა დიდად არ უფრთხილდებოდა მათ და უმეტეს შემთხვევაში ადამიანები გადააგდებდნენ კიდევაც. მოგეხსენებთან იაპონიის ქალაქებშიც მიწისძვრებიც და ხანძრებიც ხშირი იყო და მრავალი ანაბეჭდი სწორედ სტიქიური მოვლენების შედეგად განადგურდა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოდ, რომ ამ ნამუშევრის ანაბეჭდების უმრავლესობა დაიკარგა, ჩვენთვის კი მათი გარკვეული რაოდენობაა ცნობილი, რომელთა შედარება და გაანალიზება შეგვიძლია.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ print, The British Museum
- ↑ 2.0 2.1 2.2 The Great Wave: spot the difference, The British Museum
- ↑ The Great Wave by Hokusai, Art Institvte Chicago
- ↑ Can You Find the Great Wave in the Tokyo National Museum?, Google Arts & Culture
- ↑ Hokusai's Iconic "Great Wave", The Met