სარდიონ ალექსი-მესხიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სარდიონ დიმიტრის ძე ალექსი-მესხიშვილი (დ. 1814, სოფ. რუისპირი, ახლანდელი თელავის რაიონი ― გ. 1863, დაკრძალულია ახალ შუამთის ეკლესიაში) — ქართველი კრიტიკოსი, მთარგმნელი, სამხედრო ექიმი. მსახიობ ლადო ალექსი-მესხიშვილის მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1832—1836 წლებში სწავლობდა სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის მოსკოვის განყოფილებაში, რომელიც დაამთავრა ექიმისა და ვეტერინარის წოდებით. 1840 წლიდან მუშაობდა ექიმად თელავში, სიღნაღსა და თბილისში. 1848 წელს წარდგენილი დისერტაციის საფუძველზე მიენიჭა შტაბ-დოქტორის წოდება. ალექსი-მესხიშვილის კრიტიკული წერილები და თარგმანები (როჟე დე ბოვარის, ჟ. ფ. მარმონტელის, ეჟენ სიუს თხზულებებისა) იბეჭდებოდა გაზეთ „კავკაზსა“ და ჟურნალ „ცისკარში“. ეკამათებოდა თერგდალეულებს, იცავდა „მამათა“ პოზიციებს. 1861 წელს „ცისკარში“ გამოქვეყნებულ ალექსი-მესხიშვილის წერილს („უსტარი ანტიკრიტიკული“). აქ იგი იცავდა სამი სტილის თეორიას და იმ ასო-ნიშნებს, რომელთა ხმარებაზე ილია ჭავჭავაძემ უარი თქვა (უ, ჱ, ჲ, ჳ, ჴ). ამავე წერილში მან პასუხი გასცა ილია ჭავჭავაძეს ფრანგულიდან ჟ. ფ. მარმონტელის „მეუდაბნოენის“ საკუთარი თარგმანის გამო (დაიბეჭდა 1852 წლის № 1 და №2 „ცისკარში“) და დამრიგებლური ტონით გაახსენა კარამზინის დამსახურება რუსულ ლიტერატურაში. ი. ჭავჭავაძემ საპასუხო წერილი „სარდიონ მეხიევის კრიტიკის“ გამო წარადგინა „ცისკრის“ რედაქციაში, მაგრამ ი. კერესელიძემ იგი აღარ დაბეჭდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მედიცინის ისტორია, ტ. 4, თბ., 1960;
  • ქართული ლიტერატურული კრიტიკის ისტორიისათვის (ქრესტომათია), ტ. 1, შედგ. ს. ხუციშვილის მიერ, თბ., 1954;
  • ჭუმბურიძე ჯ., ქართული კრიტიკის ისტორია, ტ. 1, თბ., 1974;
  • ხუციშვილი ს., შენგელია მ., ქსე, ტ. 1, გვ. 302, თბ., 1975
  • ხუციშვილი ს., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 104, თბ., 1997