სავაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სავაქი
სპარს. سازمان اطلاعات و امنیت کشور
SAVAK.svg
ქვეყანა: ირანი
დაარსდა: 20 მარტი 1957
დაიშალა (გარდაიქმნა): 24 თებერვალი 1979
იურისდიქცია: პრემიერ-მინისტრის ოფისი
შტაბ-ბინა: თეირანი
ბიუჯეტი: 1974 წ. – 310 მლნ. $
საშუალო რაოდენობა: 15,000 თანამშრომელი (60,000 აგენტი)
ხელმძღვანელობა
ხელმძღვანელი: თეიმურ ბახთიარი, ჰასან ფაქრავანი, ნემათოლა ნასირი, ნასერ მოყადამი
მოადგილე: ჰოსეინ ფარდუსთი, ფარვიზ საბეთი, მანუჩეჰრ ჰაშემი, ჰასან ალავი-ქია, მანსურ რაფიზადე

სავაქი (სპარს. ساواک; სპარსული აბრევიატურა: سازمان اطلاعات و امنیت کشور, SAVAK – Sazman-e Ettela’at va Amniyat-e Keshvar) — ირანის დაზვერვისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახური შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობის დროს (1957–1979).

თანამედროვე ირანის სპეცსამსახურების ჩამოყალიბების ისტორია იწყება 1957 წლის შემოდგომიდან, როდესაც აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა (CIA) და ისრაელის „მოსადი“-ს ხელშეწყობით შეიქმნა შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობისას ჩამოყალიბდა ირანის ინფორმაციის და უშიშროების ორგანიზაცია „სავაქი“, რომლის პირველი ხელმძღვანელი გახდა თეიმურ ბახთიარი. „სავაქი“ მოითვლიდა თავის რიგებში 15 ათასს თანამშრომელს და მას დაევალა მეტად სტრატეგიული მისია: ახლო და შუა აღმოსავლეთის რეგიონებში საბჭოთა სადაზვერვო სტრუქტურების ბლოკირება (ამავე დროს ოპერატიული თამაშების წარმოება ერაყის და ეგვიპტეს სპეცსამსახურების წინააღმდეგ, რომლებსაც მართავდნენ პროსოციალისტური პარტიები) და დასავლეთის სპეცსამსახურების ხელშეწყობით სსრკ-ს სამხრეთ რეგიონებში სათანადო ინფორმაციების მოპოვება[1].

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირანის შაჰის რეჟიმის ერთ-ერთი განსაკუთრებული განსხვავება ის იყო, რომ 1957 წლამდე (ანუ, დინასტია ფეჰლევის აღზევებიდან 30 წლის განმავლობაში) ქვეყანას არ გააჩნდა არანაირი სპეციალიზირებული პოლიტიკური პოლიცია ან დაზვერვის სამსახური. არსებობდა ნაციონალური და პროვინციული პოლიცია, რომელიც უმკლავდებოდა კრიმინალებს და ბანდიტებს[2].

ოფიციალურად „სავაქი“, როგორც ოგრანიზაცია, დაფუძნდა 1957 წ. 20 მარტს შაჰის სპეციალური კანონით, რომელიც უფლებამოსილი იყო შეეგროვებინა ინფორმაცია ფეჰლევის დინასტიის მონარქიული რეჟიმის პოლიტიკურ ოპოზიციაზე, ასევე, აღეკვეთა ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. საბოლოოდ, „სავაქ“-ის დაარსების კანონი დამტკიცდა 1957 წ. 18 ოქტომბერს, მე-19 მოწვევის მეჯლისის სხდომაზე[3]. კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ გამოვიდა სენატორი ებრაჰიმ ხაჯენური[4][5][6].

CIA-ს აგენტი უილიამ ჯ. დოგერთი განმარტავს: „აშშ-ს მთავრობის ყველა რჩევის მიუხედავად, შაჰმა გადაწყვიტა ფოკუსირება გაეკეთებინა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა მიმართული ყოფილიყო შიდა უსაფრთხოებაზე და საგარეო დაზვერვაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ მან ერთ ორგანოში გააერთიანა CIA, FBI და საზვღვრის დაცვის სამმართველო[7].

სავარაუდოდ, შაჰი, ამგვარი გადაწყვეტილებით ცდილობდა შეექმნა ერთიანი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა როგორც პოლიტიკური დისიდენტების გაკონტროლება, კონტრდაზვერვა, ბრძოლა პარტიზანულ დაჯგუფებებთან და ასევე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის მონიტორგინგი, ირანული დიასპორის პოლიტიკური შეხედულებების დადგენა და ა.შ.[8]. მრავალი ფუნქციონალური ვალდებულებების გამო „სავაქი“ მუდმივად გადატვირთული იყო.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სავაქ“-ს ორი ძირითადი მოვალეობა ჰქონდა – საგარეო დაზვერვა და სახელმწიფო უსაფრხთოება[9], რომელიც რეალურად, აშშ-ის CIA-სა და FBI-ს ერთობლიობა იყო და ამერიკელმა მრჩეველებმა დანერგეს, რომლებიც იმჟამად ირანში იმყოფებოდნენ[10][11]. გენერალი ჰოსეინ ფარდუსთი თავის მემუარებში „სავაქ“-ის სტრუქტურას დეტალურად აღწერს.

I დეპარტამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სავაქ“-ის I დეპარტამენტს ბრიგადის გენერალი სეიფოლა ფროუზინი ხელმძღვანელობდა, რომლის კომპეტენციაში ასევე ადმინისტრაციული საქმეები შედიოდა. ამ დეპარტამენტის სტრუქტურაში იყო კადრების, კომუნიკაციის და სტუმრების მიღების განყოფილებები[12]. ჰოსეინ ფარდუსთი: „ნებისმიერი რადიო და სატელეფონო მომსახურება ამ განყოფილების მეშვეობით ხორციელდებოდა. კომუნიკაციის სისტემის გაფართოებასა და უზრუნველყოფაში, ასევე, პერსონალის მომზადებაში ჩემს ფუნქციას ეფექტურად ვასრულებდი[13].

II დეპარტამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს დეპარტამენტი საგარეო დაზვერვასა და სამიზნე ქვეყნებიდან ყველა სახის ფარული ინფორმაციის მოძიებაზე იყო პასუხისმგებელი[14], რაც შემდეგ, გამოსაძიებლად, მე-VIII დეპარტამენტს ეგზავნებოდა[15]. დეპარტამენტს მანსურ ყადარი ხელმძღვანელობდა, რომელიც 1948 წელს, იორდანიაში ირანის ელჩად დაინიშნა. ის ბრიგადის გენერალ ფარაზიანის მემკვიდრე და მოადგილე გახლდათ.

მე-II დეპარტამენტში თანამშრომლებს, „სავაქ“-ის სხვა დეპარტამენტების მსგავსად, ფრთხილად იღებდნენ. ამ დეპარტამენტში მუშაობის მსურველს აუცილებლად უნდა გაევლო საგანგებო-ტერიტორიული სწავლების სპეციალიზირებული კურსი. მე-II დეპარტამენტის სხვადასხვა განშტოება და განყოფილება პასუხისმგებელი ერთი ან ორი ქვეყანაზე იყო და ამ დეპარტამენტების თანამშრომლები, რამდენიმე წლის შემდეგ, კონკრეტული ქვეყნების საკითხებში ექსპერტები გახდნენ[16].

III დეპარტამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს დეპარტამენტი, რომელსაც უზარმაზარი აპარატი ჰყავდა, პასუხისმგებელი შიდა უსაფრთხოებაზე იყო[17][18]. გამომდინარე იქიდან, რომ „სავაქ“-ის სტრუქტურაში მე-III დეპარტამენტი ყველაზე დიდი იყო, რომელიც ყველა ქალაქსა და სოფელში მუშაობდა, შესაბამისად მისი ბიუჯეტი სხვა დეპარტამენტებთან შედარებით გაცილებით დიდი იყო[15]. „სავაქ“-ის ოფიცრები ამ დეპარტამენტს აბუჩად იგდებდნენ, რადგან მისი მეთოდები ძალიან ხისტი და თითქმის განუსაზღვრელი შესაძლებლობების იყო[19]. ციხეების ზედამხედველობას და ე.წ. „სიკვდილის ესკადრონებს“ აღნიშნული დეპარტამენტი აკონტროლებდა[15].

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანა ანტისამთავრობო საქმიანობის აღკვეთა[20][21]და მონარქის ძალაუფლების განსაკუთრებით ფარული საშუალებებით გაფართოება გახლდათ. ასევე, ახორციელებდა შპიონაჟის საწინააღმდეგო ოპერაციებს და FBI-სა და MI-5-ის[ა] მსგავსი სხვა პასუხისმგებლობებიც ჰქონდა. ამ დეპარტამენტს უშუალოდ „სავაქ“-ის უფროსი მეთვალყურეობდა[22] . საზღვარგარეთ ფარული პოლიტიკური მისიების განხორციელებაზე პასუხისმგებელიც მე-III დეპარტამენტი იყო და ამას გენერალ თეიმურ ბახთიარის ლიკვიდაციაც მოწმობს.

IV დეპარტამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-IV დეპარტამენტს ბრიგადის-გენერალი ქანგარლუ ხელმძღვანელობდა. აშნიშნული დეპარტამენტი „სავაქ“-ის უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი[23]. იგი 3 სექციად იყო დაყოფილი და თითიეულს სხვადასხვა ვალდებულება ჰქონდა: პირადი შემადგენლობის, ადგილმდებარეობისა და დოკუმენტაციის უსაფრთხოება. ფილიალის ქვეგანყოფილება დაკავებული იყო დაცვით. პროვინციებში არსებული „სავაქ“-ის ბიუროების მეთაურებიც, ასევე, მე-IV დეპარტამენტის განკარგულებაში იყვნენ[24].

V დეპარტამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეპარტამენტს ბრიგადის გენერალი საედი ხელმძღვანელობდა და იგი ტექნიკურ საკითხებზე იყო პასუხისმგებელი[25] [26]. გენერალი საედი, მიუხედავად იმისა, რომ საექსპერტო ცოდნა არ ჰქონდა, ეფექტური მენეჯერი გახლდათ. მაშინ, როცა „სავაქ“-ში მუშაობა ფარდუსთმა დაიწყი, დეპარტამენტი უფრო ანტიკური მუზეუმივით იყო, ვიდრე – განყოფილება, რომელიც ტექნიკურ საკითხებს განაგებდა: მთელ მის აღჭურვილობას 2-3 გამოუსადეგარი მაგნიტოფონი, 4 მიკროფონი, 6 კამერა და სხვა მსგავსი ნივთი წარმოდგენდა.

გენერალ ფარდუსთმა მე-V დეპარტამენტის ნაკლოვანებები გამოასწორა და ქვეგანყოფილებების მუშაობაც ეფექტური გახადა. დეპარტამენტისთვის თეირანში, პროვინციებსა და საზღვარგარეთ შეძენილ იქნა ახალი აღჭურვილობა, რომლის ერთი-მესამედიც საწყობებში ინახებოდა[27].

VI დეპარტამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს დეპარტამენტი, რომელსაც ბრიგადის გენერალი ზანგანე ხელმძღვანელობდა, სავაქი-ს ფინანსურ საქმეებზე ზრუნავდა[25] [26]. გენერალ ფარდუსთის აღიარებით, გენერალი ზანგანე კარგი ადმინისტრატორი არ იყო და მისი ნდობა არც ფინანსურ საკითხებში შეიძლებოდა – როგორც შემდგომ აღმოჩნდა, მან ბიუჯეტის ხუთი პროცენტი მიითვისა. მე-VI დეპარტამენტის ბიუჯეტს ექსპერტ-ბუღალტერი აკონტროლებდა.

მე-VI დეპარტამენტი რამდენიმე განყოფილებისგან შედგებოდა. ანგარიშების განყოფილება წლიურ ბიუჯეტს ანაწილებდა და პასუხისმგებელი გადასახადებზეც იყო. ასევე, ამზადებდა საკვებს სტუმრებისა და მცველებისთვის, რომლებიც 24 საათს განმავლობაში მუშაობდნენ[28].

VII დეპარტამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ სენსიტიური დეპარტამენტის ამოცანას მე-II დეპარტამენტის მიერ შეგროვილი საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და ანალიზი წარმოადგენდა[29] [26]. მას ბრიგადის გენერალი ალი მოჰამედ ქავე უძღვებოდა.

VIII დეპარტამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს დეპარტამენტი კონტრდაზვერვასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის კონტროლზე იყო პასუხისმგებელი.„სავაქ“-ის დაარსების პირველ ეტაპზე, რადგან მას არ გააჩნდა სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა და გამოცდილება, მე-VIII დეპარტამენტს უწევდა მუშაობა „მეგობარი“ სახელმწიფოების დახმარებით, მაგრამ თანდათან გამოცდილების შეძენასთან ერთად კონტრდაზვერვის დეპარტამენტი გადავიდა დამოუკიდებელ ქმედებებზე[26]. სხვების მსგავსად, მე-VIII დეპარტამენტიც ამერიკელების მიერ საგულდაგულოდ იყო ორგანიზებული. მას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთთან, კერძოდ, ბრიტანულ „MI-6“-სა და აშშ-ის „CIA“-სთან. მე-VIII დეპარტამენტს ბრიგადის გენერალი მანუჩეჰრ ჰაშემი ხელმძღვანელობდა, რომლის მოადგილე ყაჯარი საკმაოდ გამოცდილი ადამიანი იყო (მოგვიანებით, გენერალ-მაიორი გახდა, რევოლუციის შემდეგ კი, აშშ-ში წავიდა)[30]. გენერალი ჰაშემი „სავაქ“-ის კონტრდაზვერვაში 1957-დან 1979 წლამდე მუშაობდა[31]. მე-VIII დეპარტამენტში გადმოსვლამდე, ის ფარსსა და ხორასანში „სავაქ“-ის პროვინციულ ბიუროებს უძღვებოდა[32]. შაჰის დამხობის შემდეგ, გენერალი ჰაშემი აქტიურად ჩაერთო „ირან-კონტრას“-ის საიდუმლო საქმიანობაში – ერთმანეთს დააკავშირა CIA-ს ოფიცერი თეოდორ შექლი და სავაქი-ს ყოფილი ოფიცერი მანუჩეჰრ ყორბანიფარი და ჰასან ქარუბი[33][34].

IX დეპარტამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-IX დეპარტამენტში ყველა იმ პირსა და დაჯგუფებაზე ინახებოდა ინფორმაცია, რომელსაც სავაქ-თან გარკვეული შეხება ჰქონდა. ასევე, ამ განყოფილებაში ინახებოდა ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ყველა პიროვნებაზე[35].

ბიუჯეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956–1962 წწ. სახელმწიფო ხარჯები უსაფრთხოების ძალებზე (არმია, პოლიცია, ჟანდარმერია და სავაქი) შეადგენდა ბიუჯეტის 27%[36]. ცხადია, რომ 1950-იან წლებში აშშ-ს მიერ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ დიდი როლი ითამაშა შაჰის ძალოვანი უწყებების განვითარების საქმეში[37].

1963–1973 წლების პერიოდში შაჰმა მნიშვნელოვნად გაზარდა არმიისა და სავაქი-ს ბიუჯეტი, რამაც მას საშუალება მისცა უფრო ეფექტური წინააღმდეგობა გაეწია მონარქიის მოწინააღმდეგეებისთვის[38]. სავაქი-ს ბიუჯეტი 1972–1973 წწ. $ 255 მლნ იყო. 1974 წელს კი – $ 310 მლნ.[39].

პერსონალის რაოდენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავაქი-ს პერსონალის რაოდენობაზე ისტორიკოსები მრავალი წელი დაობდნენ – ვინაიდან ირანს საიდუმლო პოლიციის თანამშრომელთა ზუსტი ციფრი არასოდეს დაუსახელებია, ზოგი ისტორიკოსი ამბობდა, რომ სავაქ-ს 6,000 თანამშრომელი ჰყავდა[40], ზოგი 20,000 ასახელებდა[41], 25,000[42], 30,000 და 60,000[43][44]. 1977 წელს, ჟურნალის „Der Spiegel“ მორიგ გამოცემაში ეწერა, რომ სავაქ-ს 50,000 აგენტი ჰყავდა[45][46][47].

ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც 1974 წლის 4 თებერვალს გამოქვეყნდა, შაჰმა განაცხადა, რომ სავაქი-ს თანამშრომელთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, თუმცა ივარაუდა, რომ საიდუმლო პოლიციას 2 ათასზე მეტი თანამშრომელი არ ეყოლებოდა[48]. შაჰი, ასევე, უარყოფდა გავრცელებულ ხმას სავაქ-ში „წამებისა და დანაშაულების“ არსებობის შესახებ. შაჰის თქმით, სავაქი-ს „დაუნდობლობასა და სისასტიკეზე“ გაზეთები ცრუობდნენ[49]. ისლამური რევოლუციის შემდეგ გავრცელებულ ბუკლეტებში მითითებული იყო, რომ სავაქ-ში ოფიციალურად 15,000 ირანელი მსახურობდა, თუმცა სავაქ-ს მრავალი არაოფიციალური თანამშრომელიც ჰყავდა[50].

1974 წლის 14 ოქტომბერს, ჟურნალი „Newsweek“ იუწყებოდა: „ ...სავაქ-ზე მუდმივად 30,000-დან 60,000-მდე ადამიანი მუშაობს, თუმცა ეს მხოლოდ უფრო დიდი აპარატის ხერხემალია. სავაქ-ს, მინიმუმ, 3 მილიონი ინფორმატორი ჰყავს და ისინი მუშაობენ სასტუმროებში, სკოლებში, საელჩოებში, საკონსულოებში, კომპანიებში, საავადმყოფოებში და ა.შ. ასევე, სავაქი-ს აგენტები არიან საერთო საცხოვრებლებსა და რესტორნებში, სადაც ირანელი სტუდენტები ცხოვრობენ“[51][52].

ზოგი მოსაზრებით, სავაქ-თან კავშირი ირანის მოსახლეობის 1/3-ს ჰქონდა. რიგითი ირანელები, ძირითადად, საიდუმლო პოლიციის ინფორმატორები ან ფაქტობრივი აგენტები იყვნენ[53]. თანამშრომელთა რაოდენობა დამოკიდებული იყო დაქვემდებარებული რაიონისა თუ დასახლების თავისებურებასა და მოცულობაზე.

სავაქი-ს ფესვები ქვეყნის ყველა სოციალურ-პოლიტიკურ სფეროში ჰქონდა გადგმული. საიდუმლო ორგანოების ყურადღების მიღმა არც სამთავრობო თუ საჯარო დაწესებულება რჩებოდა[54]. 1980 წელს, ჟურნალისტ დევით ფროსტთან ინტერვიუში, რომელიც მას პანამაში, ემიგრაციაში მყოფმა შაჰმა მისცა, მონარქმა განაცხადა, რომ 1978 წელს, საიდუმლო სააგენტოს დაახლოებით, 4,000 თანამშრომელი ჰყავდა[55][56], თუმცა ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ სავაქი-ს თანამშრომელთა რაოდენობა, მისი არსებობის განავლობაში, 3,000-დან 5,000-მდე მერყეობდა[57][58]. მართალია, სავაქ-ს, მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ათასობით ინფორმატორი ჰყავდა, მაგრამ ექსპერტები, რომლებიც ამ საკითხს იკვლევენ, ასკვნიან, რომ საზოგადოებაში სავაქი-ს აგენტურული ქსელის ფართოდ წარმოსახვა და საიდუმლო პოლიციის ყოვლისშემძლეობა, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ემსახურებოდა – უშიშროების სამინისტრო საზოგადოებაში უნდობლობასა და შიშს შეგნებულად ნერგავდა, რათა ხალხს სცოდნოდა, რომ სავაქი მუდამ აკვირდებოდა[59]. სინამდვილეში, სავაქი-ს მთავარი იარაღი დაშინება იყო[60].

შაჰის რეჟიმის დამხობა და ახალი უშიშროების სამსახურის ("სავამა") ფორმირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამური რევოლუციის დაწყებით ეტაპზე ირანის ძალოვანი სტრუქტურები თითქმის უცვლელი დარჩა. განსხვავებით საფრანგეთისა და რუსეთისა, სადაც რევოლუციის მსვლელობისას სახელმწიფო რეპრესიული მანქანა დაშლილი და დემორალიზებული იყო, შაჰის სამხედრო მანქანა განაგრძობდა ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას (თუ არ ჩავთვლით იმ გეოპოლიტიკურ ზეწოლაზე, რაც ხორციელდებოდა შაჰის რეჟიმის მიმართ დასავლეთის მთელი რიგი ქვეყნების მიერ). ანალოგიურად, ნორმალურად ფუნქციონირებდა უშიშროების სამსახური „სავაქი“. რევოლუციის დაწყების წინ, ირანის შაჰის კონტროლქვეშ იმყოფებოდა „ბოლო ტექნიკით მოდერნიზირებული არმია და ყოვლისშემძლე სავაქი“[61].

ხელისუფლებაში აიათოლა ხომეინის მოსვლის შემდეგ სავაქი ოფიციალურად გაუქმდა 1979 წლის 24 თებერვალს[62]. მის ნაცვლად შეიქმნა – სავამა (დაზვერვისა და ინფორმაციის სამსახური)[63][64], რომელიც რიცხობრივად აღემატებოდა სავაქ-ს. 1984 წლიდან აღმიშნული უწყება ცნობილია ვევაქი-ს სახელწოდებით[65][66], თუმცა ირანელები და ირანული პრესა არ ხმარობს ამ თერმინს და ოფიციალურად მას „ინფორმაციის სამინისტროს“ უწოდებს.

სავამა ჩამოყალიბდა სავაქი-ს ყოფილი ინსტრუქტორებისა და თანამშრომლების დახმარებით[67][68]. პროფესორ ჩარლზ კურცმანის თქმით, ახალმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა სავაქი, თუმცა შეიტანა მცირედი ცვლილებები – ჩამოაშორა შაჰისადმი ერთგული ოფიცრები, უშიშროების პერსონალი კი თითქმის უცვლელი დარჩა[69].

ენციკლოპედია Britannica-ში მითითებულია, რომ ისლამური რესპუბლიკის ახალი უშიშროების ორგანიზაცია ბევრ ქვეყანაში იყენებდა სავაქი-ს პერსონალს[70]. სავამა-ს პირველ დირექტორად დაინიშნა გენერალი ჰოსეინ ფარდუსთი[71][72][73].

1979 წლის 5 მაისს შეიქმნა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ („სეფაჰე ფასდარანე ენყელაბე ესლამი“)[74][75], რომლის მთავარი ამოცანა იყო რევოლუციის პრინციპების დაცვა და „კონტრრევოლუციური ელემენტების“ აღმოჩენა. კორპუსის შექმნა ასევე განპირობებული იყო იმ ფაქტორით, რომ არმია ტრადიციულად შაჰის ერთგულ ინსტიტუტად აღიქმებოდა და საჭირო იყო მძლავრი საპირწონე სამხედრო სტრუქტურის ფორმირება[76].

რევოლუციური მთავრობის პირველივე ნაბიჯები იყო შაჰის რეჟიმის ოფიცრებისა (არმია, უშიშროების სამსახური) და მაღალჩინოსნების სამაგალითო გასამართლება და დასჯა, რომელმაც მასიური სახელმწიფო ხასიათი მიიღო[77].

შაჰის მაღალი რანგის ოფიცრების მასიური რეპრესირება იყო ერთგვარი გზავნილი დაბალი რანგის ოფიცრების მიმართ – ან უპირობო მორჩილება ახალი ხელისუფლებისადმი, ან იგივე ბედის გაზიარება[78].

გენერალი მანუჩეჰრ ჰოსროდადი 13 თებერვალს დააკავეს[79]. 15 თებერვალს, შაჰის 4 გენერალი – ნემათოლა ნასირი, რეზა ნაჯი, მეჰდი რაჰიმი და მანუჩეჰრ ხოსროდადი სიკვდილით დასაჯეს[80][81][82]. სახელმწიფო რადიომ განაცხადა, რომ „ყოფილი რეჟიმის ჯალათების“ სიკვდილით დასჯა განხორციელდა ყველა „რელიგიური ნორმების“ მიხედვით[83]. მომდევნო დღეებში რევოლუციურმა ტრიბუნალმა 20 მაღალჩინოსანი გაასამართლა და უმაღლესი სასჯელი მიუსაჯა[84]. საინტერესოა, რომ რეპრესიები შაჰის მაღალჩინოსნენის მიმართ აქტიური განხილვის საგანი იყო ჯერ კიდევ მეჰდი ბაზარგანის დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრად წარდგენის შემდეგ, როდესაც ხომეინის მომხრეებმა დაიწყეს ყოფილი მინისტრების დაპატიმრება. 6 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ არსებობდა 200 ადამიანის სია, რომლების დაპატიმრება იგეგმებოდა კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით[85]. რევოლუციის შემდეგ ამ გეგმის რეალიზება სრულმასშტაბიანად განხორციელდა.

28 თებერვალს ხომეინიმ გასცა განკარგულება, რომლის მიხედვით ტრიბუნალს დაევალა განეხილა ყველა იმ სამხედროების საქმე, რომლებიც დაახლოებულნი იყვნენ შაჰთან და ეწინააღმდეგებოდნენ რევოლუციურ მოძრაობას. სავაქი-ს თითქმის მთელი ხელმძღვანელობა და დეპარტამენტების უფროსები სიკვდილით დასაჯეს[86]. რეპრესიებს მხოლოდ ის აგენტები გადაურჩნენ, ვინც რევოლუციის გამარჯვების დროს საზღვარგარეთ, მისიებზე იმყოფებოდნენ. მაგალითად, ეგვიპტეში სავაქი-ს თანამშრომლებმა გაიტაცეს თვითმფრინავები და მიიმალნენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც ტრიბუნალი ელოდათ[87].

რეპრესიები ძირითადად შეეხო ძალოვან უწყებებს, რადგან ფეჰლევის რეჟიმის ძირითადი დასაყრდენი ზუსტად არმია და უშიშროება წარმოადგენდა[88]. უნდა აღინიშნოს, რომ სავაქი-ს ოფიცრების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ მემარცხენე ორგანიზაციები, რაც სულაც არ იწვევს გაკვირვებას, გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში სავაქ-მა თითქმის სრულად გაანადგურა გასამხედროეუბლი მემარცხენე დაჯგუფებები[89]. ის ოფირცები, რომლებიც დათანხმდენ ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, შეიწყალეს და ძველ სამსახურში დააბრუნეს (მეთვალყურეობის ქვეშ). ძველ თანამდებობებზე დარჩნენ ასევე ის სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებმაც რევოლუციის კულმინაციის დღეებში განაიარაღეს თავიანთი ნაწილები და შეუერთდნენ რევოლუციას[90][91]. თუმცა მალევე ისინიც აღმოჩდნენ დაუნდობელი „რევოლუციის მახვილის“ ქვეშ[92].

ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებით ისარგებლეს ეროვნულმა უმცირესობებმა და დაიწყეს მოძრაობა ნაციონალური ავტონომიისათვის. ხომეინის აზრით, „სეპარატისრულ მოძრაობას“ შეეძლო ქვეყნის დაშლა და მან დაავალა ძალოვან უწყებებს აღეკვეთათ მათი საქმიანობა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰაშემ საბაყიანმა ღიად განაცხადა: „თუ ჩვენ გამოვიჩენთ მცირედი სისუსტეს მაინც, თითქმის ყველა ეთნიკური უმცირესობა შეეცდება ავტონომიის შექმნას[93].

1980 წელს „The Washington Post“-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „ხომეინის გააჩნია თავისი სავაქი“[94]. სტატია იუწყება: „მიუხედავად იმისა, რომ ხომეინი აკრიტიკებდა შაჰს და მის საიდუმლო პოლიციას სავაქ-ს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მან შექმნა ახალი სადაზვერვო სამსახური, როგორც ჩანს ანალოგიური სტრუქტურით და ძველი კადრებით[95]. მაგალითად, ალი თებრიზლი, რომელიც ირანის შაჰის დაზვერვის მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, რევოლუციის შემდეგ დააწინაურეს. თებრიზლიმ განათლება კემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღო, დაამთავრა თეოლოგური აკადემია საუდის არაბეთში და გაიარა სპეციალური კურსები ლენგლიში[96]. გენერალი ალი მოჰამედ ქავე, რომელიც სავაქი-ს სადაზვერვო ინფორმაციის ანალიზის ბიუროს ხელმძღვანელი იყო, სავამა-ს დირექტორის, გენერალ ფარდუსთის მოადგილედ დაინიშნა[97]. თუმცა, 1980-იან წლებში სავაქი-ს ყოფილი ოფიცრები, რომლებმაც უარი თქვეს მუშაობაზე ახალი რეჟიმის სტრუქტურაში, მონაწილეობდნენ დასავლეთის მიერ ორგანიზებულ სპეცოპერაციებში[98].

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. უშიშროების სამსახური, ცნობილია, როგორც MI-5 (სამხედრო აგენტურა, სექცია 5, ინგლ. Military Intelligence, Section 5) – გაერთიანებული სამეფოს კონტრ-აგენტურული და უსაფრთხოების სააგენტო, რომლის გენერალური დირექტორიც ჯონათან ევანსი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • General Hussein Fardust (1999). Khaterat-e Arteshbod-e Baznesheshteh Hossein Fardoust (The Rise and Fall of the Pahlavi Dynasty: Memoirs of Former General Hussein Fardust. Motilal Banarsidass Publishing, First edition: Delhi, გვ. 463. ISBN 9788120816428. 
  • Kayhan Research Centre (2013). Empire of Fear: SAVAK from beginning to end (1335–1357). Kayhan Publishing Company, გვ. 320. ISBN 978-964-458-286-8. 
  • Taqi Najari Rad (2008). SAVAK and its Role in Internal Development of Pahlavi Regime. The Center for Islamic Revolution Documens. 
  • Sullivan, William H. (1981). Mission to Iran. New York: W. W. Norton & Company, გვ. 308. ISBN 9780393333879. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მაისაია ვ., ობოლაძე ბ., ახალი გეოპოლიტიკური რეალობა და საერთაშორისო ტერორიზმი 21-ე საუკუნეში (გლობალური და რეგიონული ასპექტები), თბ., 2009.
  2. Gasiorowski, Mark J. (2004). “The 1953 Coup d’État Against Mosaddeq.” p. 257.
  3. Kristen Blake. The U.S.-Soviet confrontation in Iran, 1945-1962: a case in the annals of the Cold War. (2009), p. 106.
  4. Ali Rahnema. Behind the 1953 Coup in Iran: Thugs, Turncoats, Soldiers, and Spooks. (2014), p. 305.
  5. Bāqer ʿĀqeli, Šarḥ-e ḥāl-e rejāl-e siāsi wa neẓāmi-e moʿāṣer-e Irān, 3 vols., Tehran, 2001, I, p. 633.
  6. Lidā Mošfeq, ed., Yād-e yār-e mehrbān: Ostād Ebrāhim Ḵᵛājanuri [Ḵᵛājanuri’s biography and a collection of generally laudatory articles and memoirs by over a hundred contributors], Tehran, 1991, p. 34.
  7. Daugherty, William J. "In the Shadow of the Ayatollah: A CIA Hostage in Iran". Annapolis: Naval Institute Press. (2001), pp. 40-41.
  8. Halliday, Fred. (1979). Iran: Dictatorship and Development. New York: Penguin Books. p. 77.
  9. Dr Ardavan Khoshnood, interview by Vasili Papava, May 17, 2016.
  10. Stephen Rosskamm Shalom. Imperial Alibis: Rationalizing U.S. Intervention After the Cold War. (1993), p. 150.
  11. Richard Staples. Prophets and Bad Guys. (2010), p. 158.
  12. Empire of Fear 2013, p. 57.
  13. Fardust 1999, p. 239.
  14. Taqi Najari Rad 2008, pp. 69-70.
  15. 15.0 15.1 15.2 Empire of Fear 2013, p. 58.
  16. Fardust 1999, p. 240.
  17. Mir Ali Asghar Montazam. Islám in Irán: the background to the rule of anarchy and despotism in the country's Islamic past and present. Eurasia Press, 2003.
  18. Dr Ardavan Khoshnood, interview by Vasili Papava, May 17, 2016.
  19. Fardust 1999, pp. 240-241.
  20. Intercontinental Press Combined with Inprecor, Volume 17, Issues 1-6, p. 106.
  21. Former officer of SAVAK, interview by Vasili Papava, May 14, 2016.
  22. Taqi Najari Rad 2008, p. 70.
  23. Taqi Najari Rad 2008, p. 73.
  24. Fardust 1999, p. 245.
  25. 25.0 25.1 Taqi Najari Rad 2008, p. 74.
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 Empire of Fear 2013, p. 59.
  27. Fardust 1999, p. 247.
  28. Fardust 1999, p. 254.
  29. Taqi Najari Rad 2008, p. 75.
  30. Fardust 1999, p. 255.
  31. The Iranian, 11 June 1998, A sober look at SAVAK. Harvard Iranian Oral History Project, Hashemi, Manouchehr.
  32. Harvard Iranian Oral History Project, Hashemi, Manouchehr.
  33. The Iran-Contra Affairs: The Beginning of the Affair.
  34. Lee H. Hamilton, Daniel K. Inouye (1995), Report of the Congressional Committees Investigating the Iran/Contra Affair, DIANE Publishing, p. 526.
  35. Empire of Fear 2013, p. 60.
  36. Bharier, Julian. Economic Development in Iran, 1900-1970, London, Oxford University Press, 1971, pp. 46-47, 67-68.
  37. Hyun Sang Yoo. An analysis of United States security policy towards a third world state during the Cold War era : case study of US-Iran relations. (1996), p. 276.
  38. Graham, Robert. Iran: The Illusion of Power. London: Croom Helm Ltd. (1978).
  39. Harald Irnberger: SAVAK oder der Folterfreund des Westens. Aus den Akten des iranischen Geheimdienstes. Rororo, Band 4182. Rowohlt, Reinbek bei Hamburg 1977, Seite 27.
  40. Sullivan, William H. 1981, pp. 96-97.
  41. Sullivan, William H. 1981, p. 97.
  42. Der Spiegel (02.04.1973).
  43. Graham, Robert. Iran: The Illusion of Power. London: Croom Helm Ltd. (1978), pp. 144-146.
  44. Bangor Daily News (January 15, 1979).
  45. Der Spiegel (15.08.1977).
  46. Der Spiegel (22.01.1979).
  47. Gail Cook-Johnson. High-level manpower in Iran: from hidden conflict to crisis. 1980, p. 39.
  48. Gérard de Villiers: Der Schah. 1976. Seite 396 und 410.
  49. Gérard de Villiers: Der Schah. 1976. Seite 408.
  50. Ephraim Kahana, Muhammad Suwaed. The A to Z of Middle Eastern Intelligence. (2009), p. 123.
  51. Amad Farughy/Jean-Loup Reverier: Persien: Aufbruch ins Chaos?, München 1979, S. 169.
  52. Ephraim Kahana, Muhammad Suwaed. The A to Z of Middle Eastern Intelligence. (2009), p. 123-124.
  53. Fisk, Robert. The Great War for Civilisation: The Conquest of the Middle East. New York: Alfred Knopf, 2006, p. 99.
  54. Имам Хомейни. Исламское правление. Атамура-Казахстан, 1993, стр. 71.
  55. Interview mit Mohammad Reza Pahlavi von David Frost. Gesendet am 17. Januar 1980 in ABC.
  56. Mohamed Reza Pahlavi. Answer to History. New York: Stein and DayPublishers. (1980), p. 157.
  57. Rubin, Barry. Paved with Good Intentions: The American Experience and Iran. New York: Penguin Books. (1981), p. 179.
  58. Abrahamian, Ervand. Tortured Confessions: Prisons and Public Recantation in Modern Iran. University of California Press (1999), p. 104.
  59. Saikal, Amin. The Rise and Fall of the Shah. Princeton: Princeton University Press. (1980), p. 190.
  60. Graham, Robert. Iran: The Illusion of Power. London: Croom Helm Ltd. (1978), p. 146.
  61. Skocpol, Theda. (1994). Social Revolutions in the Modern World. New York: Cambridge University Press. P. 243.
  62. Manoucher Parvin. Cry for My Revolution, Iran. Mazda Publishers, (1987), p. 351.
  63. al Labbad, Mustafa (15 August 2013). "Rouhani's Cabinet Seeks New Balance in Iranian Policies". www.al-monitor.com. Al-Monitor.
  64. Former officer of SAVAK, interview by Vasili Papava, May 8, 2016.
  65. Shaul Shay. The Axis Of Evil: Iran, Hezbollah, And The Palestinian Terror. (2005), p. 31.
  66. Rodney Carlisle. Encyclopedia of Intelligence and Counterintelligence. (2005), p. 325.
  67. Henner Fürtig: Die Islamische Republik Iran. 1987. S. 121.
  68. Lois Beck. Nomads in Postrevolutionary Iran: The Qashqa'i in an Era of Change.(2015), p. 103.
  69. Kurzman, Charles. The Unthinkable Revolution, (Harvard University Press), 2009.
  70. Intelligence (international relations): Iran. (2008). In Encyclopædia Britannica. Retrieved July 26, 2008.
  71. Henner Fürtig: Die Islamische Republik Iran. 1987. Seite 121.
  72. Fardust 1999, p. 431.
  73. Farid A. Khavari. Oil and Islam: The Ticking Bomb. Roundtable Pub., 1990, p. 64.
  74. Ostovar, Afshon P. "Guardians of the Islamic/muslim Revolution Ideology, Politics, and the Development of Military Power in Iran (1979–2009)" (PhD Thesis). University of Michigan. (2009).
  75. Rosemary H. T. O'Kane. Terrorism. (2007), p. 33.
  76. Frederic Wehrey; Jerrold D. Green; Brian Nichiporuk; Alireza Nader; Lydia Hansell; Rasool Nafisi; S. R. Bohandy (2009). "The Rise of the Pasdaran" (PDF). RAND Corporation.
  77. Richard W. Cottam, Iran and the United States: A Cold War Case Study (Pittsburgh, PA: University of Pittsburgh Press, 1988), p. 192.
  78. Sadri, Houman and Joseph Kechichian. "The National Security of Iran." Iran: A Country Study. Helen Metz, editor. Washington, DC: U.S. Government Printing Office. (1989), p. 247.
  79. Ibrahim, "Iran's New Premier Names 7 To Cabinet; Khomeini Asks Calm," New York Times, February 14, 1979, 10.
  80. "Four Generals Executed," Tehran Domestic Service in Persian, FBIS, 0619 GMT, 16 Feb 79 (LD160932), February 16, 1979, R10.
  81. "Secret Police Head And 3 Others In Iran Said To Be Executed," New York Times, February 16, 1979, 1.
  82. Ibrahim, "Some Leaders of Shah's Regime Are Put on Display as Prisoners," New York Times, February 13, 1979, 1.
  83. Markham, "20 More Shah Aides Said To Face Death In Start Of A Purge," New York Times, February 17, 1979, 1.
  84. Ibid, 3.
  85. გაზეთი "El País" (7 თებერვალი, 1979 წ.).
  86. James A.Bill. The Iranian Revolution and the Changing Power Structure. (1980), Seite 124
  87. Князева Е.А. Особенности международного уголовного законодательства по борьбе с незаконным захватом и угоном воздушного судна. Материалы всероссийской заочной научно-практической конференции «ЮРИСПРУДЕНЦИЯ В СОВРЕМЕННОЙ РОССИИ». 05 Марта 2011 г.
  88. Iran Profile of Asylum Claims and Country Conditions report. Bureau of Democracy, Human Rights and Labor Department of State. Washington, D.C. 20520. August 1997.
  89. Amnesty International. Law and Human Rights in the Islamic Republic of Iran. L., 1980. P. 10 -12.
  90. Nikola B. Schahgaldian, Gina Barkhordarian. The Iranian Military under the Islamic Republic. (March 1987), p. 20.
  91. Der Spiegel (2.09.1979).
  92. Харас аль-Ватан, 1980, № 2. С.5 – 8.
  93. Tehran Times (03.09.1979).
  94. The Washington Post (June 7, 1980).
  95. "If the Ayatollah Khomeini was an enemy of the United States ruling elite, why did he adopt the CIA's security service?". Historical and Investigative Research - 23 Feb 2006 by Francisco Gil-White.
  96. Абдуллаев Ч.А. «Гран-При» для убийцы: Роман. – М.: Изд-во Эксмо, 1998. Стр. 135-136.
  97. The Washington Post (June 7, 1980).
  98. Савич И. На острие тайной войны: Страницы истории зарубежных спецслужб. М.: Коллекция «Совершенно секретно», 2002. — 384 с.