ნემათოლა ნასირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნემათოლა ნასირი
ნემათოლა ნასირი
სპარს. نعمت‌الله نصیری
სავაქის მე-3 დირექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
იანვარი 1965 – 6 ივნისი 1978
მონარქი  შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი
წინამორბედიჰასან ფაქრავანი
მემკვიდრენასერ მოყადამი

დაბადებული4 აგვისტო 1911
სემნანი, ირანი
გარდაცვლილი15 თებერვალი 1979 (67 წლის)
თეირანი, ირანი
განათლებაირანის არმიის ოფიცერთა სკოლა
წოდებაგენერალი
პროფესიადიპლომატი, პოლიტიკოსი, ირანის სპეცსამსახურების თანამშრომელი
რელიგიაისლამი, შიიზმი
ჯილდოებიგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ღირსების ორდენი

ნემათოლა ნასირი (სპარს. نعمت‌الله نصیری‎; დ. 1911 წლის 4 აგვისტო, სემნანი — გ. 15 თებერვალი, 1979, თეირანი) —  ირანელი სახელმწიფო მოღვაწე, სავაქის მე-3 ხელმძღვანელი (1965 წლის იანვარი1978 წლის ივნისი). ირანის შაჰის სპეცსამსახურების ლიდერი. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალი  (Arteshbod). [1][2] [3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნემათოლა ნასირი დაიბადა 1911 წელს სანგუსარში, სემნანის მახლობლად. საშუალო განათლება თეირანში მიიღო. 1929 წელს იგი ჩაირიცხა არმიის ოფიცერთა სკოლაში. ნასირი გახლდათ ტახტის მემკვიდრე უფლისწულის თანაკლასელი, რამაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის კარიერაში.[4][5]

ნასირმა  თავისი კარიერა დაიწყო, როგორც მე-2 რანგის ლეიტენანტმა.  იგი სწრაფად დაწინაურდა სამხედრო სამსახურში. 1949 წელს, პოდპოლკოვნიკის წოდებით, ნასირი  ქერმანის პროვინციის გუბერნატორი გახდა. [6]

მონაწილეობა 1953 წლის სამხედრო გადატრიალებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლეგების აღიარებით, ნემათოლა ნასირი, ჯერ კიდევ უმცროსი ოფიცრის რანგში, ყოველთვის გამოირჩეოდა შაჰისადმი უპირობო ერთგულებით. პოლკოვნიკი ნასირი  ცნობილი გახდა 1953 წლის სამთავრობო კრიზისის დროს,  როდესაც შეუერთდა შაჰის ირგვლივ დაჯგუფებულ ირანის არმიის ოფიცერთა ჯგუფს.

1953 წლის 15 აგვისტოს პოლკოვნიკმა ნასირმა პირადად გადასცა შაჰის ბრძანებულება (ფირმანი) პრემიერ მინისტრ მოჰამედ მოსადეყს, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო. ნასირი სასწრაფოდ დააკავა პრემიერ-მინისტრის დაცვამ. იგი  გაათავისუფლეს მოსადეყის მთავრობის დამხობის შემდეგ (1953 წლის 19 აგვისტო).[7][8]

მოსადეყის დამხობის და შაჰის ავტორიტარული მმართველობის აღდგენის შემდეგ პოლკოვნიკი ნასირი დაწინაურდა; გახდა მოჰამედ რეზა ფეჰლევთან დაახლოებული პირი, რომელმაც სწრაფად მოიპოვა შაჰის ნდობა. მსახურობდა შაჰის გვარდიის მეთაურად. ნასირის შემდგომი კარიერა სწრაფად განვითარდა. ამ პერიოდის შემდეგ არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი ან პოლიტიკური აქცია, რომელშიც ნასირი არ ღებულობდა მონაწილეობას.

1963 წლის ივნისში, რუჰოლა ხომეინის მხარდამჭერი სტიქიური გამოსვლების დროს, გენერალმა ნასირმა მონაწილეობა მიიღო დემონსტრაციების ჩახშობაში.[9][10]

ნასირი სავაქის სათავეში (1965 წლის იანვარი — 1978 წლის ივნისი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წლის იანვრის ბოლოს შაჰმა ნასირი დანიშნა სავაქის დირექტორის პოსტზე, მას შემდეგ რაც გენერალი ჰასან ფაქრავანი  გაათავისუფლეს ამ თანამდებობიდან იმის გამო, რომ მისი მეთაურობით სავაქმა ვერ აღკვეთა პრემიერ-მინისტრ ჰასან ალი მანსურის მკვლელობა.

შაჰის სპეცსამსახურების მოდერნიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოჰამედ რეზა ფეჰლევმა გენერალ ნასირს მკაცრი მითითებები მისცა სავაქის საიდუმლო პოლიციის ეფექტურობის აღდგენასა და მონარქისთვის სათანადო სამსახურის გაწევასთან დაკავშირებით.

გენერალმა ნემათოლა ნასირმა შესანიშნავად გაართვა თავი შაჰის დავალებას: უმოკლეს დროში შეიქმნა ტოტალური გამოძიების და დენონსაციის საკმაოდ რთული და ყოვლისმომცველი სისტემა, რომელიც აკონტროლებდა ირანის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს.  მაგალითად, "ცენზურის ოფისი" — აკონტროლებდა ჟურნალისტებს, ლიტერატურულ მოღვაწეებს და აკადემიკოსებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვინც არ ჯდებოდა რეჟიმის ოფიციალურ ჩარჩოში, სავაქი მის მიმართ  რეპრესიულ ზომებს მიმართავდა. ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც იდეოლოგიურად დაასაბუთა "შაჰისა და ხალხის თეთრი რევოლუცია", გახლდათ მწერალი და პუბლიცისტი ჯალალ ალ-აჰმადი — "ვესტერნიზაციის" ავტორი, 1961 წელს გამოსცა "ვესტერნიზაციის" („მოწამვლა დასავლეთით (ვესტოქსიკაცია))“ პირველი ვერსია, რის გამოც  სავაქის აგენტების მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა. ამ ნაშრომმა დიდი პოპულარობა მოუტანა ჯალალ ალ-აჰმადს და დიდი გამოხმაურებას ჰპოვა ირანის ინტელიგენციასა და პროგრესულ ახალგაზრდებში. ნაწარმოების მთავარი იდეაა ხაზგასმით აღინიშნოს წინააღმდეგობები მდიდარ და ინდუსტრიულ დასავლეთსა და აგრარულ აღმოსავლეთს, ანუ მესამე სამყაროს ქვეყნებს შორის. ამ სოციალურ-ჟურნალისტურ ნაშრომში ავტორი, მკაცრად აკრიტიკებს ირანის ეკონომიკურ და კულტურულ დამოკიდებულებას დასავლეთის ექსპლუატატორ ქვეყნებზე, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებზე. სავაქის ანგარიშებში წიგნი „ვესტერნიზაცია“ კლასიფიცირებულია, როგორც „განსაკუთრებით საშიში არსებული რეჟიმისთვის“, ხოლო მისი ავტორი ასე ხასიათდება:

ვიკიციტატა
„...ეს ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე მოქმედებდა სახელმწიფო წესრიგის წინააღმდეგ. მისი მეტსახელი პოლიტიკურ წრეებში არის „ძველი პარტიზანი“.“

სიმინ დანეშვარის (ჯალალ ალ-აჰმადი ცოლის) და ირანული პრესის ცნობით, ჯალალ ალ-აჰმადი გარდაიცვალა 1969 წლის 15 სექტემბერს, გულის შეტევით, თავის ვილაში სოფელ ასალიმში (გილანი).  თუმცა, მისი ძმის შამს ალე-აჰმადის თქმით, ჯალალ ალ-აჰმადი მოკლეს შაჰის სავაქის აგენტებმა.[11]

19651966 წლებში. სავაქის უფლებამოსილება გაფართოვდა ოპერატიული ინფორმაციის შეგროვებისა და მონარქიული რეჟიმის მოწინააღმდეგეების განეიტრალების სფეროში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. უნივერსიტეტებს, პროფკავშირებსა და გლეხთა ორგანიზაციებს სავაქის აგენტები და ფასიანი ინფორმატორები სულაც არ არის გამოგონილი და გაზვიადებული ფაქტი, რომ ირანში შესვლა შეუძლებელი იყო სავაქის საიდუმლო პოლიციის თვალთახედვის არეში ყოფნის გარეშე.

სავაქის აგენტები და ინფორმატორები სისტემატიურ თვალთვალს ახორციელებდნენ არა მხოლოდ ოპოზიციურ ორგანიზაციებსა და მოღვაწეებზე, დისიდენტებზე, არამედ ყველა მაღალჩინოსანზე, შაჰის ერთგულ პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, მეწარმეებზე, მწერლებზე და ა.შ.[12]

ნემათოლა ნასირი. 1970-იანი წლები

გენერალი ნემათოლა ნასირი, რომელიც დაინიშნა სავაქის ხელმძღვანელად, როგორც შაჰთან დაახლოებული სანდო პირი, ჰასან ფაქრავანისგან განსხვავებით, სულაც არ იყო უფერული და დამოკიდებული ფიგურა. მალე გაირკვა, რომ მას არა მხოლოდ თავისი ლიდერობის სტილი ჰქონდა, არამედ საკუთარი ამბიციებიც, მაგრამ ისინი არ სცდებოდა მონარქიზმისა და შაჰისადმი ერთგულების სტაბილურ ჩარჩოებს. გენერალმა ნასირმა ჩაატარა მასიური წმენდა სავაქის სტრუქტურებში, ბევრი არაკომპეტენტური თანამშრომელი გააძევა სადამსჯელო ორგანოებიდან და ერთგული ხალხი დანიშნა წამყვან თანამდებობებზე.[13]მოხდა შაჰის სადაზვერვო სამსახურს (სავაქი) და ირანის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო მთლიანი რეორგანიზაცია და გააქტიურება მზარდი ისლამისტური და კომუნისტური სამხედრო ძალების და პოლიტიკური არეულობის ფონზე.[14]

შაჰის სპეცსამსახურების საქმიანობის ძირითადი აქცენტი „წითელ საფრთხესთან“ ბრძოლას ისახავდა მიზნად. ამავდროულად, ნემათოლა ნასირი 1968 წელს დაინტერესდა სპეცსამსახურების არხების საშუალებით   სსრკ-სთან კონტაქტების დამყარებით კერძოდ, საბჭოთა კავშირში "კონტრდაზვერვის ტექნიკის" შეძენით.

თავიდან შაჰი სავაქს  ბოლომდე არ ეყრდნობოდა.  1958 წელს დააარსა სპეციალური „შაჰის ინსპექცია“, რომლის  უფროსად დანიშნა თავისი მეგობარი, თანაკურსელი შვეიცარიაში სწავლისას გენერალი ჰოსეინ ფარდუსტი. ამ საიდუმლო ორგანიზაციამ მონარქს მიაწოდა ინფორმაცია ირანის ელიტის საქმიანობის „ბნელი მხარეების“ შესახებ.[15]

მანსურ რაფიზადე (ამერიკის შეერთებულ შტატებში სავაქის ფილიალის დირექტორი 1970-იან წლებში), ისლამური რევოლუციის შემდეგ, ამტკიცებდა, რომ გენერალ ნასირის ტელეფონს უსმენდნენ სავაქის თანამშრომლები და იწერდნენ დისკზე და პირდაპირ აცნობებდნენ შაჰს ნასირის მონარქიისადმი ერთგულების დონის შესახებ.

შაჰთან და მის გარემოცვასთან სიახლოვემ ნასირს საშუალება მისცა სწრაფად გამხდარიყო ირანის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. 1970-იანი წლების დასაწყისისთვის. ნასირი უკვე იყო უმდიდრესი მიწის მესაკუთრე კასპიის ზღვის მთელ სანაპიროზე.

ნასირის, როგორც სავაქის მეთაურის ერთ-ერთი მთავარი დამსახურება იყო შაჰის საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგის — სავაქის პირველი დირექტორის, გენერალ თეიმურ ბახთიარის ლიკვიდაცია. ბახთიარის ლიკვიდაციის სპეცოპერაციის გეგმის შემუშავებას და სავაქის აგენტების მიერ მის ბრწყინვალე აღსრულებას პირადად ხელმძღვანელობდა გენერალი ნასირი, რომელიც პირდაპირ უთანხმებდა შაჰს ამ ოპერაციის ყველა დეტალს. 1970 წლის 12 აგვისტოს თეიმურ ბახთიარი ლიკვიდირებული იქნა ერაყში სავაქის აგენტების მიერ.[16]

გენერალი ნასირი იყო 1976 წელს  დაარსებული საერთაშორისო ანტიკომუნისტური სადაზვერვო საზოგადოება Safari Club-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ისლამური რევოლუცია (1978-1979)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც შაჰის საწინააღმდეგო მასიური დემონსტრაციები დაიწყო, სავაქის ძალებმა გააძლიერეს რეპრესიები  ისლამისტი აქტივისტებსა და რევოლუციურ ელემენტების მიმართ.  აღსანიშნავია, რომ დაწყებული საყოველთაო რევოლუციური მოძრაობის ცეცხლს ნავთი თავად სავაქის სპეცსამსახურებმა დაასხეს (ამაზე შაჰი უკვე გადასახლებაში საუბრობდა).[17]

1978 წლის 6 ივნისს გენერალი ნემათოლა ნასირი გაათავისუფლეს სავაქის ხელმძღვანელის პოსტიდან და დანიშნეს ელჩად პაკისტანში. იგი შეცვალა გენერალ-ლეიტენანტმა ნასერ მოყადამმა, მაღალი რანგის დაზვერვის ოფიცერმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სავაქის III დეპარტამენტს.[18]

დაკავება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალი ნასირი სიკვდილით დასჯის წინ ისლამური რევოლუციის კომისარიატში დაკითხვაზე (1979 წლის თებერვალი)

1978 წლის ნოემბერში შაჰმა, რომელიც დაემორჩილა სასახლის კართან დაახლოებული წრეების და უცხოელი „მეგობრების“ რჩევას, პროტესტის მზარდი ტალღის ჩაქრობის მიზნით, ჩაატარა მასიური წმენდა ძალაუფლების უმაღლეს ეშელონებსა და სახელმწიფო აპარატში (შაჰის ბრძანებით სავაქის პოლიციამ რეჟიმის 13 გამოჩენილი ჩინოვნიკი დააკავა).

პაკისტანში ირანის ელჩად მუშაობის რამდენიმე თვის შემდეგ, გენერალმა ნასირმა გადაწყვიტა ირანში დაბრუნება, რადგან წინასწარ იცოდა, რომ მთავრობა მის დაპატიმრებას აპირებდა რეჟიმის სხვა ცნობილ ჩინოვნიკებთან ერთად. თეირანში ჩასული ნემათოლა ნასირი მალევე დააპატიმრეს და ევინის ციხეში ჩასვეს (ეს ციხე პასუხობდა სავაქის მოთხოვნებს და განთქმული იყო ისლამისტებისა და შაჰის სხვა მოწინააღმდეგეების მიმართ სასტიკი მოპყრობით). ნასირთან ერთად დააკავეს შაჰის რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამირ აბას ჰოვეიდა.[19]

სიკვდილით დასჯა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალი ნასირი ევინის ციხეში 11 თებერვალს შაპურ ბახთიარის ლიბერალური მთავრობის დაცემამდე იმყოფებოდა. ისლამის თეოლოგებმა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველივე დღიდან გამართეს ხოცვა-ჟლეტის ტოტალური და ფართომასშტაბიანი კამპანია შაჰის ჩინოვნიკებისა და გენერლების წინააღმდეგ.[20]

ნემათოლა ნასირის საფლავი ბეჰეშტ-ე-ზაჰრას სასაფლაოზე, ირანის დედაქალაქ თეირანში.

1979 წლის 15 თებერვალს ნასირი რევოლუციონერებმა დააკავეს და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად რეფაჰის სკოლაში მიიყვანეს. ის რევოლუციურმა ტრიბუნალმა  სადექ ხალხალის ხელმძღვანელობით  24 სხვა პირთან ერთად დაკითხვისა და წამების შემდეგ 10 საათში გაასამართლა.  ბრალი წაუყენეს ყოველგვარი დაცვისა და დანაშაულის კონკრეტული მტკიცებულების გარეშე — „დედამიწაზე კორუფციის გავრცელებაში“, ხალხის ხოცვა-ჟლეტაში, წამებაში და ღალატში. მას სასიკვდილო განაჩენი და ქონების ჩამორთმევა 22 საათზე მიესაჯა. მას შემდეგ, რაც განაჩენი დაამტკიცა აიათოლა ხომეინმა,  სიკვდილით დასაჯეს 23:45 საათზე. [21]

იმავე დღეს გენერალ ნასირთან ერთად ისლამურმა ფუნდამენტალისტებმა სიკვდილით დასაჯეს შაჰის მაღალი რანგის გენერლები —  მანუჩეჰრ ხოსროუდადი (საჰაერო ძალების სპეცრაზმის მეთაური), მეჰდი რაჰიმი (თეირანის სამხედრო მეთაური და პოლიციის უფროსი), რეზა ნაჯი (ისპაჰანის სამხედრო გუბერნატორი).

სიკვდილით დასჯილთაგან ოთხი, მათ შორის ნემათოლა ნასირი, დაკრძალულია ბეჰეშტე-ზაჰრას სასაფლაოზე.[22]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fred Halliday. "Iran, dictatorship and development". Penguin, (1978), p. 70.
  2. Iran Who's who, Volume 3, Echo of Iran., (1976), p. 383.
  3. Fred Halliday. (1980). Iran, dictatorship and development. Penguin, p. 70. ISBN 9780140220100
  4. Operating in Iran: an economy coming of age. Business International S.A., (1978),p. 7.
  5. ظهور و سقوط سلطنت پهلوي. اطلاعات،. 1991.(სპარს.)
  6. Con Coughlin. "Khomeini's Ghost", London, MacMillan, (2009).
  7. Sepehr Zabih. "The Mossadegh era: roots of the Iranian revolution". Lake View Press, (1982), p. 116.
  8. Welles Hengen (22 December 1953). "Mossadegh Gets 3-Year Jail Term". The New York Times. Tehran.
  9. Milani, Abbas. "Eminent Persians: The Men and Women who Made Modern Iran, 1941-1979", in Two Volumes. (2008), p. 469.
  10. Ludwig Lu Rudel. "Memoirs of an Agent for Change in International Development: My Flight Path into the 21st Century". (2014), p. 61.
  11. US-Iran Political and Economic Relations Handbook - Strategic information and Developments. Volume I. (2007), p. 69.
  12. Clifford E. Simonsen, Jeremy R. Spindlove. "Terrorism Today: The Past, the Players, the Future". Prentice Hall, (2004), p. 243.
  13. Ervand Abrahamian. "Tortured Confessions: Prisons and Public Recantations in Modern Iran". University of California Press, (1999).
  14. Nazir Ahmad Zakir. "Notes on Iran: Aryamehr to Ayatollahs". Royal Book Company, (1988 ), p. 101.
  15. Wayne Madsen. "The Star and the Sword". (2014), p.35.
  16. პაპავა ვ.ა. "სავაქი— მუჰამედ რეზა ფეჰლევის საიდუმლო პოლიცია (1957—1979)". გამომცემლობა "ბერიკა", საქართველო, (2016).
  17. Nikazmerad, Nicholas M. (1980). "A Chronological Survey of the Iranian Revolution". Iranian Studies. 13 (1/4): pp. 327–368.
  18. Darioush Bayandor. "The Shah, the Islamic Revolution and the United States". (2019), p. 170.
  19. Ward, Steven R. (2009). "Immortal: A Military History of Iran and Its Armed Forces". Washington DC: Georgetown University Press. p. 214.
  20. Philipp W. Fabry. "Zwischen Schah und Ayatollah: ein Deutscher im Spannungsfeld der Iranischen Revolution". Damals-Verlag, (1983). (გერმ.)
  21. Nozar Alaolmolki. "Struggle for dominance in the Persian Gulf: past, present, and future prospects". P. Lang, (1991).
  22. "Nematollah Nasiri: One Person's Story". Human Rights & Democracy for Iran. Retrieved 15 September 2018.