საბუის ღვთისმშობლის ეკლესია (ყვარლის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საბუის ღვთისმშობლის ეკლესია.

საბუეს ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს ცენტრში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (11,7x7მ). ნაგებია რიყის ქვით და აგურით. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა, კარ-სარკმელთა ღიობები, კონსტრ.ნაწილები და ფასადთა მორთულობის ელემენტები გამოყვანილია კვადრატული აგურით. შენობა შიგნიდან და გარედან შელესილ-შეთეთრებულია. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ორივე კარი თარაზულადაა გადახურული და შიგნიდან შეისრულ-შეღრმავებაშია ჩასმული. აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე შიგნიდან და გარედან დადაბლებული თაღით გადახურული სარკმელია გაჭრილი. მსგავსი თითო სარკმელი შენობის დანარჩენ კედლებშიცაა. აფსიდში, სარკმლის ქვემოთ და გვერდებზე. თითო შეისრულთაღოვანი ნიშაა. მათგან სარკმლის ქვემოთ მდებარე ნიშა, გეგმით სწორკუთხაა, დანარჩენი ორი - ნახევარწრიული. საკურთხევლის ბაქანი, დარბაზის იატაკის მიმართ, საფეხურითაა შემაღლებული და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. შიგნით ეკლესია გადახურულია ოდნავ შეისრული კამარით, იგი ერთ შეკიდულ საბჯენ თაღს და დასავლეთი კედლის მიმდებარე თაღს ეყრდნობა. ის კი — კუთხის პილასტრებს.

აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონზე, აგურის წყობის შეღრმავებით, გამოსახულია საფეხურებიან პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვარი, რომელიც ღერძიდან ოდნავ სამხრეთითაა გადაადგილებული დასავლეთ ფასადზე. შესასვლელის ორივე მხარეს, ერთ ვერტიკალზე განლაგებული ოთხ-ოთხი შეღრმავებული რომბია. ფასადის კიდეებთან კი თითო განიერი, შეისრულთაღოვანი ნიშა. ერთი პატარა, სწორკუთხა ნიშა შესასვლელის ზემოთაცაა. ფრონტონზე კი სამი დიდი შეღრმავებული ჯვარია ჩრდილოეთ ფასადზე. შესასვლელი მორთულია. მის ორივე მხარეს, ვერტიკალურად განლაგებული სამ-სამი რომბით. ფასადები დასრულებულია აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდნით. გადახურულია ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]