როდოლფო გრაციანი
როდოლფო გრაციანი (იტალ. Rodolfo Graziani; დ. 11 აგვისტო, 1882 – გ. 11 იანვარი, 1955) — გამოჩენილი იტალიელი სამხედრო მოღვაწე, სახელი გაითქვა იტალიის სამეფო არმიის მიერ ჩატარებულ კამპანიებში აფრიკასა და მეორე მსოფლიო ომში. ფაშიზმის ერთგულებით გამორჩეული გრაციანი იტალიური არმიის საკვანძო ფიგურა იყო ვიქტორ ემანუელე III-ის მეფობისას. ამ პერიოდში ის ასევე იყო იტალიის სხვადასხვა აფრიკული კოლონიის გენერალ-გუბერნატორი.
გრაციანიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იტალიის იმპერიის კონსოლიდაციასა და ექსპანსიონისტურ პოლიტიკაში 1920-იან და 1930-იან წლებში, ჯერ ლიბიაში, შემდეგ კი ეთიოპიაში. ის ცნობილი იყო მკაცრი რეპრესიული მოქმედებებით, მაგალითად, საკონცენტრაციო ბანაკების მოწყობითა და აფრიკული კოლონიების სამოქალაქო პირთა მასობრივი მკვლელობებით. აფრიკაში გამოჩენილი სისასტიკისთვის გრაციანის „ფეცანის ყასაბი“ და „ეთიოპიის ყასაბი“ შეარქვეს. 1937 წლის თებერვალში, ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში ცერემონიისას ეთიოპიელთა მიერ მისი მკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გრაციანიმ სასტიკი სადამსჯელო მოქმედებების ჩატარება ბრძანა, რასაც 19,200-30,000 მშვიდობიანი ეთიოპიელის მკვლელობა მოჰყვა, ცნობილი, როგორც „იეკატიტ 12“. იტალიის მიერ მეორე მსოფლიო ომში ჩართვიდან მალევე გრაციანი ლიბიაში დაბრუნდა იქაური იტალიური ჯარების სამეთაუროდ, თუმცა 1940–1941 წლების ბრიტანული შეტევების შემდეგ, რომლებმაც იტალიურ ნაწილებს უკან დაახევინა, ის თანამდებობიდან გადადგა.
იტალიის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, 1943 წელს, გრაციანი იყო იტალიის სამეფო არმიის ერთადერთი მარშალი, რომელიც მუსოლინის მხარეს დარჩა და დაინიშნა ახალშექმნილი იტალიის სოციალური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრად. ის ასევე მეთაურობდა სოციალური რესპუბლიკის ჯარს და მოკავშირეებთან საბრძოლველად აქტიურ სამხედრო სამსახურში დაბრუნდა ომის ბოლომდე.
ომის შემდეგ გრაციანი თავისი სასტიკი ქმედებებისთვის გაეროს ომის დანაშაულების კომისიის მიერ არ გასამართლებულა. ის შეყვანილი იყო კომისიის მიერ შედგენილ სიაში, რომელშიც გასამართლებას დაქვემდებარებული იტალიელები იყვნენ, თუმცა მოკავშირეთა მხრიდან იტალიელ სამხედრო დამნაშავეთა სასამართლო პასუხისგების მიმართ ინდიფერენტული მიდგომის წყალობით, ეთიოპიელთა მცდელობების მიუხედავად, მას პასუხი არ უგია. მოკავშირეთა ამ ქმედების მიზეზი იყო სურვილი, რომ მზარდი კომუნისტური გავლენის სფეროს ფონზე, ომის შემდეგ იტალია დემოკრატიული ქვეყანა ყოფილიყო და მისი რეპუტაცია ნაკლებად შელახულიყო. 1948 წელს იტალიურმა სასამართლომ გრაციანის ცხრამეტწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ნაცისტებთან თანამშრომლობისთვის, თუმცა ის ოთხი თვის შემდეგ გათავისუფლდა.
მოგვიანებით გრაციანიმ მემუარების წერა დაიწყო, რომელშიც თავის ომისდროინდელ ქმედებებს ამართლებდა და პოლიტიკურ საქმიანობას დაუბრუნდა. 1955 წლისთვის გრაციანი იტალიაში ნეოფაშისტური მოძრაობის მფარველად იყო ჩამოყალიბებული. გრაციანი 1955 წელს რომში, 72 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ის სიცოცხლის ბოლომდე მოუნანიებელ ფაშისტად დარჩა და მიიჩნევა ყველაზე ცნობილ და საძულველ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ იტალიელ გენერლად.