შინაარსზე გადასვლა

რეგვენების შეთქმულება

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„რეგვენების შეთქმულება“
A Confederacy of Dunces

პირველი ქართული გამოცემა
ავტორი ჯონ კენედი ტული
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
გამომცემელი ლუიზიანის შტატის უნივერსიტეტი
გამოცემის თარიღი 1981
ქართულად გამოიცა 2018
მედია ბეჭდური
მომდევნო The Neon Bible

რეგვენების შეთქმულება (ინგლ. A Confederacy of Dunces) 一 მეოცე საუკუნეში მოღვაწე ამერიკელი მწერლის, ჯონ კენედი ტულის პიკარესკული რომანი, რომელიც, თავდაპირველად, 1981 წელს, ავტორის სიკვდილიდან თერთმეტი წლის შემდეგ, გამოიცა.[1] მწერალ უოლკერ პერსისა და ავტორის დედის, ტელმას ძალისხმევით, წიგნმა არნახული პოპულარობა მოიპოვა, იქცა რა საკულტო კლასიკად და გახდა ერთადერთი ნაწარმოები, რომელმაც პულიცერის პრემია ავტორის გარდაცვალების შემდეგ დაიმსახურა. რომანი დღემდე აღიარებულია, როგორც ე.წ. „კანონიკური ვესტერნი“ სამხრეთ აშშ-ის ლიტერატურაში. [2]

ნაწარმოების სათაური აღებულია ირლანდიული წარმოშობის ბრიტანელი მწერლისა და სატირიკოსის, ჯონათან სვიფტის ესედან 一 ფიქრები სხვადასხვა საკითხზე, მორალური და თავშესაქცევი 一, უფრო კონკრეტულად კი ალუზია კეთდება შემდეგ ამონარიდზე: „როდესაც სამყაროში ნამდვილი გენიოსი გამოჩნდება, მის შესახებ თქვენ იმ ნიშნით გაიგებთ, რომ ის რეგვენთა შეთქმულების მსხვერპლი აღმოჩნდება“.

რეგვენების შეთქმულება წარმოადგენს ე.წ. პიკარესკულ რომანს, რომელშიც წარმოჩენილია მთავარი გმირის, ეგნატე რაილის უბედურებით აღსავსე ცხოვრება. ის საკმაოდ განათლებული, თუმცა ზარმაცი 30 წლის მამაკაცია, რომელიც ცხოვრობს დედასთან ერთად 60-იანი წლების ნიუ-ორლეანში, სამსახურის ძიებაში კი ის ფრანგული კვარტლის მრავალ პერსონაჟს ეცნობა. ტულმა რომანი 1963 წლის ზაფხულში, პუერტო-რიკოში ყოფნისას დაწერა. წიგნს მოიხსენიებენ, როგორც "ნიუ-ორლეანური დიალექტის დეტალიზებულად ამსახველად". ცნობილია, რომ ავტორმა რაილის პერსონაჟი, ნაწილობრივ, დააფუძნა მისი კოლეჯის ლექტორზე, სახელად ბობ ბირნიზე, რომლის მიმართაც ავტორს მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. სხვა ვერსიით, პერსონაჟში თავად ავტორი ამოიცნობა, რამდენადაც ნაწარმოებში წარმოჩენილი მრავალი პრობლემატური საკითხი თავად ავტორის ცხოვრებას უკავშირდება. ტულანში ყოფნისას, მწერალს მოუწია სხვადასხვა პროფესიის გამოცვლა, ისეთების, როგორებიცაა ტანსაცმლის ქარხანაში, ან ტამალეს გამყიდვლად მუშაობა, ყველა ამ სახის გამოცდილება კი ავტორმა საკუთარ მაგნუმ ოპუსში ასახა.

2019 წელს, BBC News-მა რომანი "100 ყველაზე შთამაგონებელ ნაწარმოებს" შორის გაამწესა.[3]

ეგნატი რაილი არის ჭარბწონიანი და უმუშევარი, ოცდაათი წლის მამაკაცი, რომელიც საკუთარ დედასთან, აირინ რაილისთან ერთად ცხოვრობს. პროტაგონისტს ეზიზღება მის გარშემო არსებული სამყარო, რომელმაც თავისი გეომეტრიული და თეოლოგიური ღირებულებები დაკარგა. ერთ შუადღეს დედამისს იგი მიჰყავს პლიმუთში, რათა ექიმს გაესინჯოს, რამდენადაც იგი ართრიტითაა დაავადებული. მანამ, სანამ დედა ექიმთან იმყოფებოდა, ეგნატი ვინილის საყიდლად მუსიკალურ მაღაზიაში (Werlein's) შეივლის. დედის მოლოდინში მყოფს, რაილისთან ოფიცერი ანჯელო მანსუკო მივა და საიდენტიფიკაციო ბარათის წარდგენას მოსთხოვს. ეგნატი შეურაცხყოფილი და აღშფოთებულია ოფიცერის უსამართლო და დაუსაბუთებელი ქმედებით, რის შედეგადაც ის იწყებს საკუთარი უდანაშაულობის მტკიცებას ბრბოს წინაშე, იმის ფონზე, რომ ყურადღებას ამახვილებს ქალაქის მანკიერ მხარეებზე და ადგილობრივი საპატრულო ინსტიტუტის გაუმართაობაზე. ხანშიშესული მამაკაცი, კლოდ რობიშო, აგრეთვე, ეგნატი რაილის მხარეს იჭერს, აკრიტიკებს ოფიცერს და პოლიციას კომუნისტებად მოიხსენიებს. აჟიოტაჟის შემდეგ, დედა-შვილი ადგილობრივი ბარისკენ გარბიან და იქ აფარებენ თავს, თუმცა ოფიცერი კვლავ არ წყვეტს დევნას.

ბარში ყოფნისას ქალბატონი რაილი ბევრს სვამს და თვრება, შედეგად კი ის ავტოავარიაში მოყვება. ავტოავარიით მიღებულ ზარალს 1020 დოლარი წარმოადგენს, რომელიც იმ დროის სამხრეთ აშშ-სა და ნიუ-ორლეანში საკმაოდ დიდ თანხას წარმოადგენდა. ეგნატი იძულებული ხდება, ზარალის ასანაზღაურებლად და დედის დასახმარებლად მუშაობა დაიწყოს.

შემდეგ ნაწარმოებში წარმოჩნდება იმ ერთგვარ თავგადასავალთა მთელი სერია, რომელთაც ეგნატი გამოცდის სხვა პერსონაჟებთან მაშინ, როცა ის დაბალშემოსავლიანი სამსახურიდან შედარებით მაღალშემოსავლიან სამსახურზე გადასვლას ცდილობს. მთელი ნაწარმოების განმავლობაში, ეგნატი შეპყრობილია საკუთარი გარდერობით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დედამისს და დადის კინოთეატრში მხოლოდ იმისთვის, რომ ეკრანზე ასახული მსახიობი გაკიცხოს. რომანი იკვლევს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ადამიანისა, რომელიც კუჭის იშვიათი დაავადებისგან სტრესს განიცდის და სუსტდება, აგრეთვე ასახავს მთავარ გმირსა და პოტენციურად შენიღბულ, ლიბერალ ადვოკატ მირნა მინკოფს შორის არსებულ დაპირისპირებას 一 ერთადერთ ადამიანთან ეგნატის კოლეჯისთან, რომელთანაც ამ უკანასკნელს მეგობრული დამოკიდებულება გააჩნდა.

ეგნატე რაილის კრიტიკოსები მოიხსენიებენ, როგორც „თანამედროვე დონ კიხოტს, დაჯილდოებული ისეთი თვისებებით, როგორებიცაა ექსცენტრიულობა, იდეალიზმი და კრეატიულობა, რომელიც, ხშირად, ილუზიაში გადაიზრდება.[4] წიგნის წინასიტყვაობაში უოკერ პერსი ეგნატის აღწერს, როგორც „დოყლაპია ექტრაორდინალურ პიროვნებას, შეშლილ ოლივერ ჰარდის, მსუქან დონ კიხოტს, გარყვნილ თომა აკვინელს“. ის უპირისპირდება თანამედროვებაში დამკვიდრებულ ტენდენციებს, განსაკუთრებით კი პოპ-კულტურას. ზიზღი მას ერთგვარ ჩვევად, აკვიატებად ჩამოუყალიბდა: ის მიდის კინოში მხოლოდ იმისთვის, რომ მსახიობები დაამციროს, გამოხატოს აღშფოთება მათი გარყვნილი ცხოვრების მიმართ. იგი არანაკლებ აღშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ სამყარომ "გეომეტრიიისა და თეოლოგიური საკითხების აღქმა" დაკარგა. ყოველდღიურ ყოფაში ჩართვას, იგი შუა საუკუნეების სქოლასტიკითა და ბოეთიუსის ფილოსოფიით გატაცებას არჩევს.[5] ეგნატი დიდად არ სარგებლობს თანამედროვეობისთვის დამახასიათებელი გასართობი საშუალებებით, როგორებიცაა კაზინოში სიარული, სპორტული აქტივობები და ა.შ. ხოლო თუკი მას მსგავსი გატაცება გაუჩნდება, ეს პირდაპირ კრიტიკითაა გამოწვეული, რაც თავად ეგნატის მიერ კინოთეატრში სიარულითაც აიხსნება. გმირს ირელევანტური დამოკიდებულება აქვს ტექნოლოგიების მიმართაც, რასაც ის "არასასურველ ცვლილებების შედეგად" აღიქვამს. მისი კუჭის დაავადება გარდამტეხ როლს თამაშობს მის ცხოვრებაში 一 როგორც წესი, ის მკვეთრად რეაგირებს განსაკუთრებული ინცინდენტების წინ, რითაც პროტაგონისტი საკუთარ თავს მითოლოგიურ კასანდრასთან აიგივებს ხოლმე, როგორც წინასწარმეტყველების უნარით დაჯილდოვებული.[6]

ეგნატი ფიქრობს, რომ ის ამ სამყაროს არ ეკუთვნის და რომ საკუთარ მრავალმხრივ წარუმატებლობაში წვლილი უზენაესს ძალაუფლებას მიუძღვის. ის განუწყვეტლივ მოიხსენიებს ქალღმერთ ფორტუნას სახელს, როგორც "მისი ბედის ბრობლის არასწორად გამგეს". ეგნატის უყვარს ჭამა და მისი სექსუალური ფანტაზიები უცნაურ მიმართულებას ქმნიან. მიუხედავად იმისა ეგნატი თვლის, რომ აქვს სრულყოფილად განვითარებული და ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა, ის მაინც ცდილობს, გაექცეს ყოველდღიურ ყოფას, რაც აისახება მისი სურვილით, რაც შეიძლება მალე გასცილდეს ქალაქ ნიუ-ორლეანს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Podgorski, Daniel. (August 23, 2016) Peopling Picaresque: On the Well-drawn Characters of John Kennedy Toole's A Confederacy of Dunces. ციტირების თარიღი: November 29, 2016
  2. Giemza, Bryan (Spring 2004). „Ignatius Rising: The Life of John Kennedy Toole“. Southern Cultures (review). Cambridge: Chadwyck-Healey. 10 (1): 97–9. doi:10.1353/scu.2004.0007. ISSN 1534-1488. S2CID 145576623. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2020-01-30.
  3. https://www.bbc.com/news/entertainment-arts-50302788
  4. https://thegemsbok.com/art-reviews-and-articles/tuesday-tome-confederacy-dunces-john-kennedy-toole/
  5. https://www.newstatesman.com/node/148778
  6. Lowe, John (December 2008). Louisiana culture from the colonial era to Katrina. LSU Press, გვ. 164. ISBN 978-0-8071-3337-8.