რამონ სანჩეს პისხუანი (სტადიონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რამონ სანჩეს პისხუანი
ლა ბომბონერა
Estadio Ramón Sánchez Pizjuán Preferencia and Gol Norte-2007-04-05.jpg
ხედი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ტრიბუნიდან
სრული სახელი Estadio Ramón Sánchez Pizjuán
მდებარეობა სევილია, ესპანეთი
აშენდა 1955
გაიხსნა 1958 წლის 7 სექტემბერი
მესაკუთრე ს.კ. სევილია
ოპერატორი ს.კ. სევილია
არქიტექტორი ჯეიმზ კოქსი/მანუელ მუნიოს მონასტერიო
ტევადობა 42 500

რამონ სანჩეს პისხუანის სახელობის სტადიონი (ესპ. Estadio Ramón Sánchez-Pizjuán) — საფეხბურთო კლუბ „სევილიის“ საშინაო არენა, სადაც გუნდი მართავს ესპანეთის ჩემპიონატის, ესპანეთის სამეფო თასის, ევროპა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის და სხვა ტურნირების მატჩებს. ტევადობა — 45 500. წლების მანძილზე სტადიონმა უმასპინძლა ისეთ მნიშვნელოვან მატჩებს, როგორიცაა ჩემპიონთა თასის ფინალი (1986) და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი (1982).

სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა 1958 წლის 7 სექტემბერს. იმ დღეს გაიმართა „სევილიასა“ და „რეალ ხაენს“ შორის მატჩი, რომელიც საყაიმო ანგარიშით, 3-3 დასრულდა. სტადიონის მშენებლობის მოთავე იყო კლუბის ლეგენდარული პრეზიდენტი, რამონ სანჩეს პისხუანი. პისხუანი სტადიონის გახსნიდან მალევე გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრემ, რამონ დე კარანსამ რამონ სანჩეს პისხუანის პატივსაცემად სტადიონს მისივე სახელი უწოდა.

სანჩეს პისხუანმა 1982 წელს უმასპინძლა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ დაპირისპირებას საფრანგეთსა და დასავლეთ გერმანიას შორის. სევილიაში ნამდვილი სუპერმატჩი შედგა. გუნდებმა ძირითადი დრო 1-1 ითამაშეს, დამატებით ტაიმებში ფრანგებმა 2 ბურთის გატანა შეძლეს, თუმცა გერმანელებმა 102-ე და 108-ე წუთებზე გატანილი გოლებით წონასწორობა აღადგინეს და შეხვედრა პენალტების სერიაში გადავიდა. ე.წ. საფეხბურთო ლატარეაში გამარჯვებული დასავლეთ გერმანია გამოვიდა (5-4). 1986 წელს ჩემპიონთა თასის ფინალიც, რომელიც სანჩეს პისხუანზე გაიმართა, ასევე დრამატული გამოდგა. ერთმანეთს „სტიაუა“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდნენ. უგოლო ტაიმების შემდეგ პენალტების სერიაში რუმინელებმა იმარჯვეს (2-0).

სტადიონს თავდაპირველად კარებების უკან მეორე იარუსი არ ჰქონდა, რაც 1974 წელს დაემატა. შედეგად სანჩეს პისხუანს შეეძლო 70 000 მაყურებლის დატევა. 90-იან წლებში სტადიონზე დამონტაჟდა სკამები, რამაც სტადიონის ტევადებოდა შეამცირა. ასევე ახალი ათასწლეულის დასაწყისში კლუბი აპირებდა მასშტაბური გეგმის განხორციელებას და სტადიონისთვის მესამე იარუსისა და სახურავის დამატებას, თუმცა პროექტის რეალიზება ვერ მოხერხდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]