შინაარსზე გადასვლა

რადიოგეოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რადიოგეოლოგია (იგივეა რაც ბირთვული გეოლოგია; ლათ. radio – გამოვასხივებ და გეოლოგია) — გეოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის დედამიწის ნივთიერების ბუნებრივ ბირთვულ გარდაქმნებს და მათ გავლენას გეოლოგიურ პროცესებზე. ტერმინი რადიოგეოლოგია შემოიღო ვლადიმერ ვერნადსკიმ 1937 წელს.

რადიოგეოლოგია მჭიდროდ უკავშირდება ბირთვულ ფიზიკას, გეოქიმიასა და კოსმოქიმიას. მის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ბუნებაში მიმდინარე რადიოაქტიური დაშლის პროცესების კვლევა. რადიოაქტიური დაშლის პროდუქტების შესწავლა საშუალებას იძლევა განსაზღვროთ ქანებისა და ცალკეული მინერალების აბსოლუტური ასაკი (გეოქრონოლოგია), აგრეთვე სხვადასხვა გეოლოგიური პროცესის მიმდინარეობის სიჩქარე და სხვა, რომლის ამოცანას შეადგენს აგრეთვე დედამიწის ქერქში მიმდინარე რადიოაქტიური დაშლის პროცესების ენერგეტიკული ბალანსის შესწავლა, სასარგებლო წიაღისეულის ძებნისა და ძიების რადიომეტრიული მეთოდების თეორიული საფუძველბის დამუშავება და დედამიწის ქერქსა და ატმოსფეროში კოსმოსური გამოსხივების გავლენით მიმდინარე ბირთვული რეაქციების შესწავლა.