შინაარსზე გადასვლა

იოსებ ჟორდანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჟორდანია, იოსებ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟორდანია.

იოსებ თევდორეს ძე ჟორდანია (დ. 15 მაისი, 1895, თბილისი — გ. 20 აგვისტო, 1962, რიო-დე-ჟანეირო) — ქართველი გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

ისტორიკოს თედო ჟორდანიას შვილი, იურისტ გიორგი ჟორდანიას ძმა. 1923 წელს ჟორდანიამ დაამთავრა პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. 1939 წლიდან იგი განაგებდა სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას. 1942 წელს დაინიშნა საბჭოთა კავშირის არმიის მთავარ გინეკოლოგად. ამასთან, 1944 წლიდან იყო მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სამეანო-გინეკოლოგიური კათედრის გამგე. 1950 წლიდან დაინიშნა მოსკოვისა და საბჭოთა კავშირის მთავარ გინეკოლოგად. 1958 წელს იოსებ ჟორდანია თბილისში გადმოვიდა და იმავე წელს სათავეში ჩაუდგა მისივე თაოსნობით დაარსებულ ქალის ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს (1968 წლიდან იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენერაციული ფუნქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), სადაც მუშაობდა კიდეც სიცოცხლის ბოლომდე.

იოსებ ჟორდანია შეისწავლიდა სამეანო სამსახურის ორგანიზაციას, საშვილოსნოს კუმშვადობის ფუნქციას კლინიკასა და ექსპერიმენტში, მშობიარობის ანომალიებს, ქალის უშვილობის მიზეზების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას და სხვა.

დაიღუპა 1962 წლის 20 აგვისტოს რიო-დე-ჟანეიროში, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, როდესაც თავისი მაშველი რგოლი უბილეთო მგზავრ გოგონას დაუთმო.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 255-256.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 304, თბ., 1994