შინაარსზე გადასვლა

ჟაკ I (ლა მარშის გრაფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟაკ I დე ბურბონი
დაბადების თარიღი 1319
გარდაცვალების თარიღი 6 აპრილი, 1362
ეროვნება ფრანგები
წოდება ლა მარშისა და პუატიეს გრაფი, საფრანგეთის კონეტაბლი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ჟანა დე შატილონი
მშობლები მამა: ლუი I, ბურბონის ჰერცოგი
დედა: მარი ავესნისი

ჟაკ I დე ბურბონი (ფრანგ. Jacques Ier de Bourbon; დ. 1319 — გ. 6 აპრილი, 1362) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი და მისი ლა მარშული განშტოების დამაარსებელი. ბურბონის ჰერცოგ ლუი I-ისა და მარი ავესნისის ვაჟი. ლა მარშისა და პუატიეს გრაფი, საფრანგეთის კონეტაბლი. აქტიურად იბრძოდა ასწლიან ომში, აგრეთვე იბრძოდა ნავარასა და ტულუზაში, მონაწილეობა მიიღო პუატიეს ბრძოლაში, გარდაიცვალა კომპიენის ალყისას.

ჟაკი დაიბადა 1319 წელს და იგი იყო ბურბონისა და ლა მარშის გრაფ ლუი I-ისა და მარი ავესნისის უმცროსი ვაჟი.

1341 წელს, ლუი I-ის გარდაცვალების შემდეგ ჟაკს ლა მარშის საგრაფო ერგო, მის უფროს ძმას კი ბურბონის საჰერცოგო. 1342 წლიდან შარლ დე ბლუასთან და ჟან დე მონტფორტთან ერთად ჩართული იყო ბრეტანის მემკვიდრეობის ომში. 1351 წელს კი საფრანგეთის მეფე ჟან II კეთილმა ჟაკს ერთგულებისათვის პუატიეს გრაფობა უბოძა.

1346 წელს ჟაკმა თავი გამოიჩინა კრესის ბრძოლაში, 1356 წელს კი პუატიეს ბრძოლაში, სადაც მართალია იგი გადარჩა, თუმცა მისი ძმა დაიღუპა, მეფე კი ტყვედ ჩავარდა.

ჟაკი სიცოცხლის ბოლომდე ბრძოლებში იყო ჩაბმული 1357-60 წლებში იგი იბრძოდა ნავარის სამოქალაქო ომში და ტულუზაში. 1362 წელს კი ქალაქ კომპიენის ალყისას მოკლეს ინგლისელებმა.

ქორწინება და შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1335 წელს ჟაკმა ცოლად შეირთო ლუსეს ლორდ უგო დე შატილონის უფროსი ასული ჟანა დე შატილონი, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა:

  1. იზაბელი (1340-1371), პირველად ცოლად გაჰყვა ბემონ-ა-მაინის ვიკონტ ლუი II-ს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ვანდომის გრაფ ბუშარდ VII-ს;
  2. პიერ II (1342-1362), ლა მარშის გრაფი, გარდაიცვალა ახალგაზრდა და დაუოჯახებელი;
  3. ჟან I (1344-1393), ლა მარშის გრაფი, ცოლად შეირთო კატრინ დე ვენდომი, რის შემდეგაც იგი ვენდომის გრაფი გახდა. მათი შთამომავალი იყო ანრი IV და შემდეგში საფრანგეთის, ლუქსემბურგის, ესპანეთისა და იტალიის ყველა ბურბონი მმართველი;
  4. ჟაკი (1346-1417), ტურის ბარონი, ცოლად შეირთო მარგარიტა დე პრეი, რომელთანაც შეეძინა ექვსი ქალიშვილი.
  • Sumption, Jonathan, The Hundred Years War II: Trial by Fire, University of Pennsylvania Press, October 2001, ISBN 0-8122-1801-9