პაკისტანის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პაკისტანის გეოგრაფია
Pakistan 65.80715E 26.54314N Small.png
Pakistan 2002 CIA map.jpg

პაკისტანი — სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ირანი, დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით ავღანეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩინეთი, აღმოსავლეთით ინდოეთი, სამხრეთით აკრავს არაბეთის ზღვა. პაკისტანის ფართობია 803 94 კვადრატული კილომეტრი. სახელმწიფო საზღვრების სერთო სიგრძეა 6 774 კილომეტრი. ინდოეთთან გამავალი საზღვრის სიგრძეა 2 912 კილომეტრი, ავღანეთთან 2 430 კილომეტრი, ირანთან 909 კილომეტრი, ჩინეთთან 523 კილომეტრი. სანაპირო ხაზის სიგრძეა 1 046 კილომეტრი.

ქვეყნის 3/5 მთებსა და პლატოებს უკავია, ხოლო დანარჩენი 2/5 ვაკეებს. ქვეყნის დაყოფა შეიძლება ხუთ ძირითად ფიზიკურ-გეოგრაფიულ რეგიონად: 1. ჰიმალაი და ყარაყორუმი მთისწინეთებთან ერთად; 2. ჰინდუქუში და დასავლეთი მთები; 3. ბელუჯისტანის პლატო; 4. მთისწინეთი (პოტვარის პლატო, მარილიანი ქედი, მიმდებარე ტერიტორიები); 5. ინდის ხეობა. თითოეული ეს რეგიონ შეიძლება დაიყოს რამდენიმე ქვერეგიონად.

პაკისტანი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ თითქმის 1500 კილომეტრზე. ქვეყნის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი უჭირავს ინდის ალუვიურ ვაკეს (ინდ-განგის ვაკის დასავლეთი ნაწილი), სადაც გამოიყოფა ბუნებრივი და კულტურულ-ისტორიული ოლქები პენჯაბი (ჩრდილოეთით) და სინდი (სამხრეთით). პაკისტანის სამხრეთ-აღმოსავლეთში შემოდის თარის უდაბნო. ქვეყნის დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი უჭირავს ირანის მთიანეთის განაპირა ქედებს (მაქრანი, კირთარის ქედი, სულეიმანის მთები), ჩრდილო ნაწილი — ჰინდუქუშისა და ჰიმალაის სისტემის ქედებს. უმაღლესი წერტილია მთა ტირიჩმირი, რომლის სიმაღლეა ზღვის დონიდან 7690 მეტრი. იგი ამავდროულად არის მთელი ჰინდუქუშის უმაღლესი წერტილიც.

სასარგებლო წიაღისეულიდან არის ნავთობი, აირი, ქვანახშირი, რკინის მადანი. ცნობილია მანგანუმის, ტყვიის, თუთიის, სტიბიუმის, ქვამარილის, თაბაშირისა და სხვა საბადოები.

ჰავა პაკისტანის დიდ ნაწილში ტროპიკულია, ჩრდილო-დასავლეთით სუბტროპიკული, უმთავრესად მშრალი კონტინენტური, მთაში ჩრდილოეთით მკაფიოდაა გამოხატული სიმაღლებრივი სარტყლურობა. იანვრის საშუალო ტემპერატურა ინდის ვაკეზე 12°C-იდან 16°C-მდეა, მთაში ჩრდილოეთით იცის ყინვები (მაღალმთიანეთში –20°C). ივლისის საშუალო ტემპერატურა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ უდაბნოებში 35°C-მდეა, სანაპიროზე დაახლოებით 29°C, მთებსა და ზეგნებზე დასავლეთით 20-25°C, 5000 მეტრზე მაღლა 0°C-მდე. ატმოსფერული ნალექები სანაპიროზე 15-200 მმ-მდეა წელიწადში, სინდში 100-200 მმ, პენჯაბსა და მთისწინეთში 350-500 მმ, მთაში ჩრდილოეთით 1000-1500 მმ.

მთავარი მდინარეა ინდი და მისი შენაკადი სატლეჯი, რომელიც პენჯაბის მდინარეების (ჩინაბი, რავი, ჯელამი, ბიასი) წყალშემკრებია. დიდ მდინარეებზე შეიმჩნევცა ზაფხულის წყალდიდობა, რაც განპირობებულია მუსონური წვიმებითა და თოვლის დნობით.

ვაკეებზე ჭარბობს რუხი და რუხ-ყავისფერი ნაიდაგები, თარის უდაბნოში, ქვიშიან, ბელუჯისტანის მთათშუა ქვაბულებში უდაბნოს ქვიშიანი ნიადაგები მონაცვლეობს მლაშობებთან. მთისწინეთში ყავისფერი და ყომრალი ნიადაგებია. მთაში სიმაღლის მიხედვით ერთმანეთს ცვლის მთის ყავისფერი, მთა-ტყის ყომრალი, მთა-მდელოსა და მთის მდელოსტეპის ნიადაგები.

მცენარეულობა უმთავრესად ნახევარუდაბნოსი და უდაბნოსია. თარის უდაბნოში იზრდება ქსეროფიტული ბუჩქნარი, ინდის ვაკეზე ნახევარუდაბნო და გაუდაბნოებული სავანაა, დელტაში და არაბეთის ზღვის სანაპიროზე ზოგან მანგროვიანია. ირანის მთიანეთში ნახევარუდაბნოს მცენარეულობაა. მთაში ჩრდილოეთით ფოთოლმცვივანი და წიწვოვანი ტყეებია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]