ოფიცერთა სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოფიცერთა სახლი
დიდი დარბაზი

ოფიცერთა სახლითბილისის არტისტული წრისათვის („კრუუჟოკი“) (რუსთაველის გამზირი N16) 1916 წელს აიგო არქიტექტორ დავიდ ჩისლიევის პროექტით. შენობა ევროპული ნეოკლასიციზმის ნიმუშია.

შენობა გრძივად მიჰყვება გამზირს, ბესიკის ქუჩის კუთხესთან კი მომრგვალებულია. პირველი სართული რუსტირებულია და ფართო სწორკუთხა ღიობებით არის დანაწევრებული. ვარდისფერი ქვით მოპირკეთებულ გამზირისპირა ფასადზე სამკუთხა ფრონტონით დაგვირგვინებული ფართო რიზალიტი გამოიყოფა. ფასადს რუხი ქვის გიგანტური სადა პილასტრები ანაწევრებს. ქვის გიგანტური პილასტრებით არის გამოყოფილი ნაგებობის მომრგვალებული კუთხეც, რომლის აივნების შემკულობა (დორიული სვეტები II სართულზე; მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის შესრულებული კარიატიდები III სართულზე) და მძლავრი ანტაბლემენტი არსებითია შენობის მხატვრული ხასიათისთვის.

1918 წლიდან ნაგებობის სარდაფში გამართული იყო კეფე „არგონავტთა ნავი“, რომელიც მხატვრებმა კირილ ზდანევიჩმა, ლადო გუდიაშვილმა და ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვმა მოხატეს.

ამჟამად შენობაში განთავსებულია: გალარეა TMS, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წელი, ISBN 99940-0-923-0.