შინაარსზე გადასვლა

ოსთა რელიგია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოსთა რელიგია — ოსები ძირითადად ქრისტიანები არიან; გვხვდებიან მაჰმადიანებიც. რაც შეეხება მაჰამდიანობას განსაკუთრებით დიგორელ ოსებში იყო გავრცელებული. ოს ხალხში ქრისტიანობა VI-VII საუკუნეებში ჯერ ბიზანტიიდან, შემდეგ კი საქართველოდან, თუმცა ამ სარწმუნოებამ აქ ფეხი მყარად ვერ მოიკიდა. გვიან შუა საუკუნეებში მთის ხეობებში მცხოვრებნი წარმართები იყვნენ. საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა მიგრირებული ოსებისათვის ქრისტიანობა მიეღებინებინა. ისლამი დასავლეთ ოსეთში ყაბარდოდან XVII-XVIII საუკუნეებში გავრცელდა. ოსებს ჰყავდათ ქრისტიანიზირებული ღვთაებები: უაც-გიორგი, უასტირჯი (წმინდა გიორგი); უაცილა - წმინდა ილია; უაც-ნიკოლა - წმინდა ნიკოლოზი; უაც-ტოტურ - წმინდა თევდორე და სხვ.

ოსეთში იყო საერთო ოსური სალოცავებიც (ძუარები), სახეობო, სასოფლო და საგვარო კულტები. მაგალითად, ალაგირელთა სალოცავი იყო - რეკომი. აღნშნულ სალოცავში არსებულ ზარზე ქართული ნუსხურით შესრულებული წარწერა განტავსებული. ლოცვებში ხშირად ახსენებენ მიქალგაბრიტას და თარანჯელოზს. ნათელია, რომ ამ ორ მოსახსენებელში იგულისხმება მიქელგაბრიელი და მთავარანგელოზი. რაც შეეხება ქურთათისა და თაგაურის ხეობებს, აქ საერთო სახევო კულტები არ ყოფილა, აქ იყო მხოლოდ სასოფლო სალოცავები განთავსებული. მაგალითად, ასეთი იყო ძიგვისი ძუარ წმ. გიორგის სახელზე. ოსებმა, ისევე როგორც ქართველმა მთიელებმა, იცოდნენ სალოცავისადმი მიწის შეწირვა.

ქრისტიანობა ოსეთში ბიზანტიისა და საქართველოს ზეგავლენით გავრცელდა. X საუკუნიდან ქრისტიანობა ალან-ოსთა ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

IX საუკუნის მოღვაწე, სლავური დამწერლობის შემქმნელი კონსტანტინე იგივე კირილე, ცნობილი ბერძენი სწავლული ალანებს მათ შორის იხსენიებს, რომლებსაც „დამწერლობა აქვთ და ადიდებენ ღმერთს მშობლიურ ენაზე“. ამ დროისათვის ითარგმნებოდა ქრისტიანული სასულიერო ლიტერატურა და ღვთისმსახურებაც ალანურ ენაზე სრულდებოდა. XVII-XVIII საუკუნეებში დიგორელი ოსების ერთმა ნაწილმა ყაბარდოს გავლენით ისლამი მიიღო.

რამდენიმე საეკლესიო ტერმინი ოსურში ქართულიდანაა შესული: дзуар (ჯვარი), чырыстон (ქრისტიანი) და სხვ. კვირა დღეს ოსები ღვთის დღეს (Хуыцёубон) უწოდებენ.

საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ოსები, პატივს მიაგებდნენ ქართულ სალოცავებსაც. ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა ხეობებიდან წამოსულ ოსებს მამა-პაპური სალოცავებიდან თან მოჰქონდათ რაიმე ნიშანი (მაგ: ქვა) და ახალ სამოსახლოზე აარსებდნენ საკუთარ სალოცავს, ქვით ამოშენებულ მცირე ნაგებობას, რომელშიც ძველი სალოცავიდან წამოღებულ საგანს ათავსებდნენ. ეს სალოცავი ძირითადი ოჯახიდან გასული ოჯახებისთვის თაყვანისცემის ადგილს წარმოადგენდა და მისი სახელობის დღესასწაულზე ყველა ერთად იყრიდა თავს.

აღსანიშნავია, რომ ოსებში დღესაც შემორჩენილია ძველი ხალხური რწმენა-წარმოდგენები, რომელთა შორის იკვეთება როგორც ძველი ირანული, ასევე კავკასიური ელემენტებიც. მაგალითად სამხრეთელი ოსების რწმენა-წარმოდგენებიდან ბევრია დაკავშირებული აგრარულ კულტთან. ოსები დღესაც აღნიშნავენ ძველ და ტრადიციულ დღესასწაულებს: თიბვის დაწყებას, მოსავლის აღებას და სხვ.

ოსეთში გვხვდება ტოტემური რწმენის ნაშთები. აქ მრავლადაა შემორჩენილი საგვარეულო და სასოფლო კულტები. განსაკუთრებული პატივისცემით იყო მოცული წმინდა გიორგის, წმინდა ილიას, მთავარანგელოზთა სალოცავები, რომლებსაც ოსები ქართველებთან ერთად მიაგებენ პატივს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოსთა_რელიგია“-დან