ორიბასიოს პერგამონელი
ორიბასიოს პერგამონელი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 325[1] |
დაბ. ადგილი | პერგამონი |
გარდ. თარიღი | 403[1] [2] [3] [4] |
მოქალაქეობა | ძველი რომი |
საქმიანობა | ექიმი |
მუშაობის ადგილი | კონსტანტინოპოლი |
შვილ(ებ)ი | Eustathios[5] |
ორიბასიოს პერგამონელი[6] [ბერძ. ’Ορειβάσιος, ლათ. Oribasius; დ. დაახლ. 325, პერგამონი – გ. დაახლ. 403, კონსტანტინოპოლი(?)] — ბიზანტიელი ექიმი. მედიცინა შეისწავლა ალექსანდრიაში. საექიმო პრაქტიკით დაკავებულია იყო ძირითადად კონსტანტინოპოლში, სადაც მსახურობდა იმპერატორ იულიანე განდგომილის კარზე; მისი დავალებით 361 წელს შეადგინა ანტიკური ავტორების სამედიცინო თხზულებების მიმოხილვა ჰიპოკრატედან გალენოსამდე — „საექიმო კრებული“ (ლათ. „Collecta medicinalia“, ბერძ. „’Ιατριϰαὶ Συναγογαί“) 70 წიგნად, რომელიც შემდეგ გამოიცა შემოკლებული, მედიცინის შემსწავლელთა დამხმარე სახელმძღვანელოს — „სინოფსისი“ ( „Σύνοψις“) — სახით 9 წიგნად. ორიბასიოსი ასევე ავტორია პოპულარული თხზულებისა „საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წამლები“, რომელიც განკუთვნილი იყო სამედიცინო განათლების არმქონე ადამიანებისათვის.[7]
ორიბასიოსის ძირითადი ნაშრომი ევროპაში პირველ სამედიცინო ენციკლოპედიად ითვლება. სახელდობრ მისი წყალობით გახდა ცნობილი ანტიკურ ავტორთა მრავალი თხზულება. მასთან ერთად, ძველბერძნული სამედიცინო თხზულებების ავტორ-კომპილატორი და კომენტატორი იყო მრავალი ბიზანტიელი ექიმი, მ.შ. აეციუს ამიდელი, ალექსანდრე ტრალელი, პავლე ეგინელი. მათმა მოღვაწეობა მაკავშირებელი რგოლის როლი ითამაშა კლასიკური ძველი დროისა და არაბული, ხოლო შემდეგ ევროპული მედიცინების დაახლოებაში. იმპერატორ იულიანეს სიკვდილის შემდეგ ორიბასიოსი ანტიკური ავტორებისადმი ერთგულების გამო იდევნებოდა; იმპერატორმა ვალენტიმ იგი კონსტანტინოპოლიდან ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში გადაასახლა. შუა საუკუნეების ევროპაში ორიბასიოსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამედიცინო მწერალი იყო, თუმცა გალენოსის მთელი მემკვიდრეობისადმი არასაკმარისად კრიტიკული დამოკიდებულების გამო მას თვლიან ე.წ. გალენიზმის (სქოლასტიკური მიმართულება შუა საუკუნეების ევროპის მედიცინაში) ფუძემდებლად. ორიბასიოსის თხზულებათა სრული კრებული XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფრანგულ ენაზე გამოიცა პარიზში.[7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Istituto dell'Enciclopedia Italiana Enciclopedia on line
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Sapere Encyclopedia — De Agostini Editore, 2001.
- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ Seeck O. Eustathios 3 // Kategorie:RE:Band VI,1 — 1907.
- ↑ ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 76.
- ↑ 7.0 7.1 Егорышева И. В. Орибасий // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 405.