ორანგუტანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორანგუტანი
OrangutanP1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: პრიმატები
ოჯახი: პონგოსებრნი
სახეობა: ორანგუტანი
ლათინური სახელი
Pongo pygmaeus

ორანგუტანი (მალაიური orang-utan, სიტყვასიტყვით — ტყის კაცი) (Pongo pygmaeus), ადამიანის მსგავსი მაიმუნი. გავრცელებულია კუნძულ კალიმანტანსა და კუნძულ სუმატრაზე. მამლის სხეულის სიგრძე 130-150 სმ, მასა — 100 (იშვიათად 250) კგ აღწევს. დედალი ტანად გაცილებით პატარაა. ხელების შლილი 3 მ-მდეა. აქვს გრძელი და განიერი მტევნები. ცერი რუდიმენტულია, ფეხები — შედარებით მოკლე. კუდი და საჯდომი კორძები არა აქვს. სახე ტიტველია. ცხოვრობს ტყეში. ხიდან მიწაზე იშვიათად ჩამოდის. მაკეობა 275 დღე გრძელდება. შობს ერთ ნაშიერს, რომელსაც ძუძუს აწოვებს 3-4 წლამდე, სქესობრივად მწიფდება 10-12 წლისა. ცოცხლობს 30 წლამდე. ღამის გასათევად ორანგუტანი ხეზე მიწის ზედაპირიდან 10-20 მ სიმაღლეზე იკეთებს ბუდეს. იკვებება მცენარეებით, ფრინველების კვერცხებით. ორანგუტანის დაჭერა აკრძალულია.

ორანგუტანი („ტყის კაცი“)[რედაქტირება]

ორანგუტანების ერთი სახეობა არსებობს, თუმცა ისინი განსხვავდება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განასხვავებენ ბორნეოსა და სუმატრაზე მობინადერე ორანგუტანებს, რომლებიც გარეგნულად ოდნავ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. სუმატრაზე მობინადე ორანგუტანი შედარებით გამხდარია და აქვს გრძელი სახე და ბეწვი.

ორანგუტანი პრიმატთა ყველაზე დიდი წარმომადგენელია. ისინი, სახის გარდა, დაფარულნი არიან გრძელი, მოწითამო, უხეში ბეწვით. სუმატრაზე მობინადრე სახეობას კი სახეზე წვერი შეენიშნებათ. მამალი ორანგუტანების სხეულის ზომები ორხერ აღემატება დედლისას. მამლები მეტად მუქი შეფერილობის არიან, აქვთ განიერი მტევნები და ცხიმის ნაკეცები თავზე.

ორანგუტანს გრძელი კიდურები აქვს და მათი წყალობით შეუძლია ხის ტოტებზე ისეირნოს და ერთი ხის წვეროდან მეორეზე გადავიდეს. თუმცა დიდი წონა მას ოდნავ მოუქნელობას მატებს, გრძელი და მძლავრი ხელების საშველებით ორანგუტანი ადვილად ადის ყველაზე მაღალ ხეზე და ნაყოფსა და ნორჩ ფოთლებს წყვეტს, ამტვრევს ტოტებს თავის ბუნაგისათვის. ორანგუტანი მიწაზე ვერტიკალურად არასოდეს არ დადის.

ორანგუტანის განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ ყოველთვის მარტოამა. ერთად ცხოვრება მხოლოდ დედას და მის ნაშიერს შეუძლია მანამ, სანამ პატარა ძუძუთი იკვებება. ზრდასრული მამლები ბინადრობენ საკუთარ ტერიტორიაზე, რომელსაც განსაკუთრებულად არ ნიშნავენ. შეხვედრისას, მამალი ორანგუტანები ცდილობენ იგნორირება გაუკეთონ ერთმანეთს, თუმცა ხშირად მათ შორის სასტიკი შეტაკებებიც ხდება.

ბუდის კეთება[რედაქტირება]

ორანგუტანი აქტიურობს დღისით. დიდი წონის მიუხედავად, ისინი დროის უმეტეს ნაწილს ხეზე ატარებენ, სადაც იშენებენ ბუდეს. ტოტებისაგან ორანგუტანები დასაწოლ ადგილს წნიან, ძილის წინ ისინი თავზე იყრიან ტოტებს. ხნიერი მამლები მეტ დროს მიწაზე ატარებენ, რადგან მათი ასაკი და წონა მათთვის შემაწუხებელი ხდება.

მთელ ღეს ეს პრიმატები კვებაში ატარებენ. მათი საყვარელი საკვებია ხილი, დიდი და ძლიერი ყბა კი ამ ხილის დაქუცმაცებაში ეხმარებათ. მათი რაციონი მრავალფეროვანია, დაწყებული ხილიდან და ფოთლებიდან, დამთავრებული მცირე ზომის ფრინველებითა და ძუძუმწოვრებით.

სხარტი გონება ეხმარება მათ დაიმახსოვრონ ხილის ხეების მიმდევრობა და მათი სეზონური აყვავება. საკვების მოპოვებისას ორანგუტანები შორ მანძილზე არ მიდიან. კვებას ისინი ძალიან დიდ დროს უთმობენ.

ერთი ზრდასრული მამალი ორანგუტანის საბინადრო ტერიტორიაზე გვხვდება რამდენიმე დედალი პრიმატი. როდესაც დედალი სქესობრივად მგრძნობიარეა ხდება, წყვილდება მამალთან და ერთად ცხოვრობენ რამდენიმე კვირის განმავლობაში. წყვილი იშლება ეგრევე, როგორც კი დედალი მაკდება. ამის შემდეგ მათ ერთმანეთთან აღარაფერი აკავშირებს. მამალი სხვა დედალს პოულობს.

ახალშობილი ორანგუტანი[რედაქტირება]

დაახლოებით, ცხრათვიანი მაკეობის შემდეგ, დედალი ორანგუტანი შობს ერთ ნაშიერს. რომელიც არ შორდება დედას სამი წლის განმავლობაში, როდესაც ძუძუთი იკვებება. ზოგრჯერ პატარა ორანგუტანი დედასთან რჩება მანამ, სანამ დედას ახალი ნაშიერი არ გაუჩნდება. საშუალოდ დედალი პრიმატები ხუთ წელიწადში ერთხელ შობენ. დედალ ორანგუტანებს მაკეობა და მშობიარობა 30 წლის ასაკამდე შეუძლიათ.

დედასთან განშორების შემდეგ ორანგუტანები დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. შჳრად ისინი სხვა ახალგაზრდა პრიმატებთან ერთად ბინადრობენ. ასეთ ჯგუფში ორანგუტანები 10-15 წლის ასაკამდე ცხოვრობენ.

ზრდასრული მამალი ორანგუტანებისათვის დამახასიათებელია ხმამაღალი და ხანგრძლივი ყმუილი, რომელიც ზოგჯერ 3 წუთსაც გრძელდება. ამგვარად, მამალი იზიდავს სქესობრივად მგრძნობიარე დედალებს.


ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ა. ჯანაშვილი, ქსე, ტ. 7, გვ. 552, თბ.,1984