შინაარსზე გადასვლა

ნიტრონაერთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიტრონაერთები, ორგანული ნაერთები, რომლებიც მოლეკულაში შეიცავენ ნახშირბადის ატომებთან შეკავშირებულ ერთ ან რამდენიმე ნიტროჯგუფს . განასხვავებენ მონო-, დი-, ტრი- და პოლი ნიტრონაერთებს. ნიტრონაერთები შეიძლება იყოს ალიფატური (ნიტროპარაფინები და ნიტროოლეფინები), არომატული (ნიტროანილინი, ნიტრობენზოლი, ნიტროტოლუოლი, ნიტრონაფთალინი და სხვ.), ცხიმოვან-არომატული (მაგ., ფენილნიტრომეთანი, ნიტროსტიროლი). არომატული ნიტრონაერთები მოყვითალო სითხეები ან კრისტალური ნივთიერებებია, რომლებიც კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, წყალში კი — ცუდად. მრეწველობაში მათ ღებულობენ არომატული ნაერთების ნიტვრისას. ალიფატურ ნიტრონაერთებს ღებულობენ პარაფინების აზოტმჟავათი ან აზოტის ჟანგეულებით ნიტვრისას. უმარტივესი მონონიტროპარაფინები დამახასიათებელი სუნის მქონე უფერული სითხეებია; ალიფატური ნიტრონაერთები ადვილად კონდენსირდება ალდეჰიდებსა და კეტონებთან ერთად და წარმოქმნის ნიტროსპირტებს, რომელთა დეჰიდრატაციის შედეგად წარმოიქმნება ნიტროოლეფინები. ამ რეაქციებს ფართოდ იყენებენ ლაბორატორიულ პრაქტიკაში. ნიტროპარაფინები კარგი გამხსნელია ორგანულ ნაერთებისა. ზოგიერთ ნიტროოლეფინს აქვს ინსექტიციდური, ფუნგიციდური თვისებები. პოლი-ნიტრონაერთები ძლიერ ფეთქებადი ნივთიერებებია (ტრინიტროტოლუოლი, ნიტროგლიცერინი და სხვ.).