შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ ტულაიკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ ტულაიკოვი
დაბ. თარიღი 26 ივლისი (7 აგვისტო), 1875
დაბ. ადგილი Akshuat
გარდ. თარიღი 20 იანვარი, 1938(1938-01-20)[1] (62 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა აგრონომი
მუშაობის ადგილი Saratov State Agrarian University
ალმა-მატერი პეტრეს სოფლის მეურნეობის აკადემია
ჯილდოები რსფსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

ნიკოლოზ ტულაიკოვი (დ. 7 აგვისტო [ ძვ. სტ. 26 ივლისი ], 1875, აკშუატი, ციმბირის გუბერნია — გ. 20 იანვარი, 1938) — რუსი აგრონომი და ნიადაგთმცოდნე, სსრკ-ს (1932) და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის (1935) აკადემიკოსი, ლენინის პრემიის ლაურეატი (1929).

ნიკოლოზ ტულაიკოვი გლეხის ოჯახში დაიბადა ციმბირის სოფელ აკშუატში. სოფლის დაწყებითი სკოლის დამთავრები შემდეგ ქალაქ სარენსკის მარიამის მიწათმოქმედების სასწავლებელში, სარატოვის მახლობლად და ბოლოს მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (ამჟამად ტიმირიაზევის სახელობის მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო აკადემია). მხოლოდ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობისა და ნიჭის წყალობით გახდა ნიკოლოზ მაქსიმეს ძე ტულაიკოვი დიდი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.

პროფესიული საქმიანობა და და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ტულაიკოვი მისმა მასწავლებელმა, პროფესორმა ვილიამსმა მიიწვია კათედრაზე სამეცნიერო მუშაობისათვის. მაგრამ ტულაიკოვი არასოდეს არ ყოფილა კაბინეტის მეცნიერი, 1901-1907 წლები ტულაიკოვმა ექსპედიციებში გაატარა. მან შეისწავლა ტვერის გუბერნიისა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მუღანის ველის ნიადაგები, გაეცნო კავკასიისა და დასავლეთ ამიერკავკასიის წითელმიწა ნიადაგებს, გამოიკვლია იმ დროს დასაპროექტებელი რკინიგზის გრუნტი და ნიადაგები აქტიუბინსკიდან ტურგაისა და აკმოლინსკის გავლით სემიპალატინსკამდე. უკვე პირველი თავის ნაშრომებში ტულაიკოვი მჭიდროდ უკავშირებდა ერთამნეთს ნიადაგების შემსწავლელ მეცნიერებასა და სასოფლო-სამეურნეო წარმოებას.

განსაკუთრებით ყურადღებას მეცნიერი უთმობდა ბიცობებისა და ნათესებისათვის გამოუსადეგარ სხვა მარილიან ნიადაგებს. ნიკოლოზ მაქსიმეს ძემ მიზნად დაისახა მოენახა ამ ნიადაგების გაუმჯობესების გზები, ისე რომ შესაძლებელი ყოფილიყო მათი გამოყენება სოფლის მეურნეობაში. ამ სამუშაოს მეცნიერმა რამდენიმე წელი მოანდომა და თავისი კვლევის ძირითადი შედეგები მოგვცა წიგნში „ბიცობები, მათი გაუმჯობესება და გამოყენება“ (1922) და უფრო ადრინდელ სტატიებშიც.

19081909 წლებში ტულაიკოვი საზღვარგარეთ იმყოფებოდა მივლინებით - ჯერ ამერიკაში, შემდეგ ინგლისსა და გერმანიაში. იგი კალიფორნიის უნივერსიტეტში გადიოდა ნიადაგმცოდნეობის კურსს, რომელსაც გამოჩენილი ამერიკელი პროფესორები კითხულობდნენ, და ეცნობოდა აგრონომიული განათლების მდგომარეობას შეერთებულ შტატებში. ამავე დროს ტულაიკოვი დიდი გულისყურით ეცნობოდა პრაქტიკაში გამოყენებულ დამლაშებული ნიადაგების გასაუმჯობესებელ ხერხებს და სარწყავი სისტემის მოწყობილობას სხვადასხვა შტატში.

1910 წლიდან ტულაიკოვი ბეზენჩუკის საცდელი სასოფლო-სამეურნეო სადგურის დირექტორია. აქ მთელი სისრულით გაიშალა მისი როგორც მეცნიერისა და ორგანიზატორის ნიჭი. სულ მოკლე ხანში პატარა სახდელი სადგური ვეებერთელა სამეცნიერო დაწესებულებად იქცა, რომელიც კარგად იყო ცნობილი არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც. ასეთივე ბედი ეწია სარატოვის საცდელ სადგურს, რომელსაც ტულაიკოვი უფრო მოგვიანებით ხელმძღვანელობდა. იგი მალე გარდაიქმნა გვალვის ინსტიტუტად, ხოლო შემდეგ მარცვლოვანთა მეურნეობის საკავშირო ინსტიტუტად. ამ ინსტიტუტის დირექტორად მუშაობდა ტულაიკოვი 1937 წლის აგვისტოდან.

ტულაიკოვმა ბევრი იშრომა ჩვენი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში ისეთი მეურნეობის შესაქმენლად, რომელიც სხვადასხვა ამინდის პირობებში მდგრად მოსავალს მოგვცმედა. ამ მხარეში მიწათმოქმედების უბოროტესი მტერია გვალვა. სწორედ გვალსავსთან ბრძოლა დაისახა მთავარ მიზნად მეცნიერმა.

უპირველეს ყოვლისა უნდა ესწავლათ ტენის მთელი სისრულით დაგროვება. ნიკოლოზ მაქსიმეს ძემ დაიწყო ცდების ჩატარება თოვლის დასაგროვებლად და თან ცდილობდა უამრავ მნიშვნელოვან საკითხზე გაეცა პასუხი: რა საშუალებით შეიძლება უფრო იაფად და უკეთ თოვლის შეკვება, როგორ უნდა განლაგდეს ფარები და თოვლის შემკავებელ მცენარეთა ნათესები, როგორ უნდა შეინახოს მოგროვილი წყალი ნიაგადში იმ მომენტამდე, ვიდრე იგი მცენარეს დასჭირდება?

მაგრამ ეს არ იყო საკმარისი გვალვის დასამარცხებლად, უნდა სცოდნოდათ, ყველა მცენარე ერთნაირად საჭიროებს წყალს, თუ სხვადასხვანაირად, შეიძლება თუ არა სასოფლო-სამეურნეო მცენარეების უამრავი ჯიშიდან ისეთი მცენარეების შერჩევა, რომელებიც დაზოგვით ხარჯავენ წყალს და ამის შემდეგ გამოვლინდეს ყველაზე „მომჭირნე“ ჯიშები, რომლებსაც გვალვიანი რაიონების მიწათმოქმედება დაეყრდნობა. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ტულიაკოვმა ჩაატარა ცდები სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მათი ჯიშების ტრანსპირაციული კოეფიციენტის შესასწავლად სხვადასხვა ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში. ტრანსპირაციული კოეფიციენტი ეს არის წყლის რაოდენობა გრამებში, რომელსაც მცენარე ხარჯავს თავისი სხეულის ერთი გრამი მშრალი ნივთიერების შესაქმნელად.

მეცნიერმა დააგროვა უმდიდრესი ექსპერიმენტული მალასა და დიდი სიზუსტით განსაზღვრა თითოეული კულტურული მცენარის წყლის რეჟიმი. გამოირკვა, რომ საგაზაფხულო ხორბალი და ყველა საგაზაფხულო მარცვლეული განსაკუთრებით საჭიროებენ წყალს ზაფხულის პირველ ნახევარში. სხვა კულტურები - ფეტვი, სიმინდი და სხვა ფესვოვანი ნაყოფი კარგად იტანს გაზაფხულის გვალვას, მშვენივრად სარგებლობენ ზაფხულის მიწურულის წვიმებით და კარგ მოსავალს იძლევიან. ნიკოლოზ მაქსიმეს ძემ დაადგნია, რა რაოდენობის წყალია აუცილებელი თითოეული კულტურისათვის, ზრდის რომელ პერიოდში სჭირდება მცენარეს ყველაზე მეტად წყალი, კარგი მოსავლის უზრუნველსაყოფად, რა სისწრაფით ისრუტავს მცენარე წყალს და როგორ აწესრიგებს მის აორთქლებას.

მიღებული შედეგები მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამ შედეგებზე დაყრდნობით მეცნიერმა დაამტკიცა, რომ აქ, გვალვიან ვოლგისპირეთში, შეიძლება წარმატებით მოიყვანონ სულ სხვადასხვაგვარი კულტურები.

ტულაიკოვი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ხორბალს და ამუშავებდა მისი მოყვანის ხერხებს. სწორედ ვოლგისპირეთიდან მოდის განუმეორებელი ქარვისფერი მარცვალი. იგი 22 %-მდე ცილას შეიცავს, მაშინ, როცა სხვა რაიონების მარცვალში ცილის შემცველობა 10-დან 15 %-მდე მერყეობს. როგორ უნდა შექმნას ხორბლის მცენარემ ცილის ასეთი მაღალი პროცენტი? ნიკოლოზ მაქსიმეს ძემ უამრავი ცდა ჩაატარა. გამოირკვა, რომ ამ რაიონში ნიადაგის ხსნარი მარილებს დიდი რაოდენობით შეიცავს. ხოლო რაც უფრო მაღალია მარილების კონცენტრაცია ნიადაგის ხსნარში, მით მეტი ცილა წარმოიქმნება ხორბლის მარცვალში.

ტულაიკოვს სიმინდიც პერსპექტიულ კულტურად მიაჩნდა ვოლგისპირეთისათვის. თავის ლექციებში, ბროშურებსა და სტატიებში იგი ურჩევდა მეურნეებს უფრო დიდ ფართობზე მოეყვანათ ეს შესანიშნავი მცენარე და თვითონაც გამოყავდა ამ ზონისათვის სიმინდის პირველი ჯიშები.

ტულაიკოვი სამართლიანად ითვლება „მშრალი მიწათმოქმედების“ ფუძემდებლად ჩვენს ქვეყანაში. მეცნიერის აზრით, ყველაზე რეალური საშუალება გვალვასთან ბრძოლაში არის მორწყვა. 1932 წელს იგი სათავეში ჩაუდგა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ საირიგაციო კომისიას.

ნიკოლოზ მაქსიმეს ძე დიდი ენერგიითა და გულმოდგინებით ეწეოდა მიწათმოქმედების რაციონალური ხერხების პროპაგანდას. მეცნიერმა თავის გარშემო შემოიკრიბა გლეხები, რომლებიც ცდებს ატარებდნენ. ისინი გლეხების ფართო მასებში ავრცელებდნენ მის იდეებს. ტულაიკოვი აქტიურ მონაწილეობას იღებდა კოლმეურნეობის ორგანიზაციაში.

ვიკიციტატა
„მზიან, გვალვიან და მკაცრ მხარეს ვუძღვნი მთელ ჩემს სიცოცხლეს“

ეს სიტყვები იყო მეცნიერის დევიზი

დიდი და ორიგინალური კვლევითი სამუშაოს პარალელურად ტულაიკოვი აქტიურად მონაწილეობდა საცდელი საქმის ორგანიზაციაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლენინის სახელობის საკავშირო სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა აკადემიის შექმნაში, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც იყო იგი დღიდან მისი დაარსებისა.

მეცნიერმა წინადადება წამოაყენა, გაეფართოებინათ მარცვლოვანების ნათესები ყამირსა და ნასვენ მიწებზე. მან პირველმა გამოთქვა მოსაზრება მარცვლოვანი კულტურების ნათესები, უმთავრესად კი ხორბლის ნათესები აღმოსავლეთში გადაეწიათ და შემდეგში მეცნიერულადაც დაასაბუთა ეს აზრი.

მეცნიერი ხშირად მოგზურობდა ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორეში, ყველგან აგრონომიულ კონსულტაციებს ატარებდა, აგროვებდა მისთვის საჭირო მასალას სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისთვის, ატარებდა ლექციებს, მოხსენებებს, სხვადასხვა ცნობებს აწვდიდა მეურნეებს და სხვა.

  • საბავშვო ენციკლოპედია, თბ. 1973 წელი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]