ნიკოლოზ ესაკია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ესაკია.

ნიკოლოზ (ნიკო) მიხეილის ძე ესაკია (დ. 21 იანვარი [ძვ. სტ. 8 იანვარი], 1906, ფოთი — გ. 15 აპრილი,[ა] 1987, თბილისი[1]) — ქართველი საბჭოთა სამთო ინჟინერი, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის სპეციალისტი, II რანგის გენერალ–დირექტორი[2], საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი (1967), სკკპ წევრი 1940 წლიდან. დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო–მეტალურგიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი (1931). 1933—1977 წლებში ეკავა ხელმძღვანელი პოსტები საბჭოთა კავშირში მეტროპოლიტენისა და უმნიშვნელოვანესი მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობებზე.

ნიკოლოზ ესაკია საბჭოთა კავშირსა და გერმანიაში ხელმძღვანელობდა მთელ რიგი უნიკალური მიწისქვეშა საინჟინრო ნაგებობების, მათ შორის მოსკოვის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის მშენებლობას, ომის პერიოდში, კრემლში, მნიშვნელოვან სიღრმეზე მნიშვნელოვანი ზომის მიწისქვეშა ნაგებობის, ე. წ. „სტალინის პირადი ბუნკერის“ მშენებლობას [3], ქ. ჟელეზნოგორსკში (სხვა სახელი კრასნოიარსკ-26) კლდის მასივში საიარაღო პლუტონიუმის საწარმოს „კომბინატი № 815“ მშენებლობას. მონაწილეობდა პირველი საბჭოთა ატომური იარაღის წარმოებაში, რის გამოც დაჯილდოებული იქნა სოციალისტური შრომის გმირის წოდებით (1949).[4] 1966 წელს, საბჭოთა ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების გამო დაჯილდოვდა საბჭოთა კავშირში არსებული უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი — ლენინური პრემიით.

1969–1972 წლებში ნიკოლოზ ესაკია იყო ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს უფროსი. 1972 წლიდან მუშაობდა თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე.

ნიკოლოზ ესაკია იყო ლენინური (1966) და სტალინური (1949) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებული იყო ლენინის 3 ორდენით, სოციალისტური შრომის გმირის წოდებით (1949). სამამულო ომის I ხარისხის, შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გარდაცვალების თარიღად 15 აპრილს ასახელებს ენციკლოპედია „საქართველო“. რუსული საიტის „Герои страны“ მიხედვით, გარდაცვალების ცნობა 14 აპრილს გამოქვეყნდა, შესაბამისად, ამ წყაროს მიხედვით, ნიკოლოზ ესეკია 15 აპრილს არ გარდაცვლილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]