შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ ასპისოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ მიხეილის ძე ასპისოვი (დ. 1877, ქ. კასიმოვი, რიაზანის გუბერნია — გ. 13 ივლისი, 1952, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ოტოლარინგოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1910), პროფესორი (1922), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941). კლინიკური ოტოლარინგოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში.

1900 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემია. 1901 მუშაობა დაიწყო თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც განაგებდა ყელ-ყურის განყოფილებას. პირველმა დანერგა საქართველოში ოტოლარინგოლოგიური ავადმყოფების ქირურგიული მკურნალობა. 1908–1910 მუშაობდა პროფესორ ნ. სიმანოვსკისთან პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში. 1909 ასპისოვმა შემოიღო ლაბირინთის ფუნქციის გაგრილებული ჰაერით გამოკვლევის ახალი მეთოდი, რისთვისაც დაამზადა სპეციალური პორტატიული აპარატი. ამ მეთოდმა საერთო აღიარება პოვა. 1909 პირველად საქართველოში ამოიღო ბრონქებიდან უცხო სხეული, რითაც დასაბამი მისცა ჩვენში ბრონქო- და ეზოფაგოსკოპიას. 1910-იდან მუშაობდა საზღვარგარეთ ევროპის გამოჩენის ოტოლარინგოლოგებთან (ა. პოლიცერთან, ვ. ურბანჩიჩთან და სხვ.). 1914-იდან განაგრძო მუშაობა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში. 1922–1952 იყო თსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტის ოტოლარინგოლოგიის კათედრის (1930-იდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კათედრა) გამგე. ასპისოვმა შეისწავლა ლაბირინთის გაღიზიანების გავლენა ელექტროენცეფელოგრამაზე, დაადასტურა ვესტიბულარული აპარატის წარმომადგენლობა დიდი ტვინის ქერქში. 1932 დააარსა საქართველოს ოტოლარინგოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, რომლის უცვლელი თავმჯდომარე იყო გარდაცვალებამდე. ასპისოვი დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებით.