შინაარსზე გადასვლა

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი გულისხმობს დამოუკიდებელ საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის — ნენსკრა ჰესის მშენებლობას. პროექტს განახორციელებს სს «ნენსკრა ჰიდრო», რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის - K-Water-ისა (ინვესტორი) და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია Salini Impregilo განაახორციელებს.

ნენსკრა ჰესი სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში აშენდება. მშენებლობა 2017 წლის სექტემბერში დაიწყება. ელექტროენერგიის გამომუშავებას ჰესი 2020 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტზე მუშაობა  2021 წელს დასრულდება. 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ყოველწლიურად 1,219 გიგავატ/სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არსებითად დამოუკიდებელია ელექტროენერგიით მომარაგების თვალსაზრისით, ზამთრის პერიოდში, როდესაც მდინარეებში წყლის დონე იკლებს, ქვეყნის ელექტროენერგიით უწყვეტად უზრუნველსაყოფად, ხორციელდება როგორც ელექტრო ენერგიის, აგრეთვე თბოელექტროსადგურებისათვის განკუთვნილი ბუნებრივი გაზის იმპორტირტი. პროექტის განხორციელების შედეგად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დეფიციტი და, შესაბამისად, იმპორტიც საგრძნობლად შემცირდება, რაც საქართველოს ენერგოუსაფრხოებას განამტკიცებს.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ხორციელდება ე.წ. BOT (Build-operate-transfer) სქემით, რომელიც გულისხმობს ნენსკრა ჰესის ექსპლუატაციაში შესვლიდან 35 წელიწადში მის საქართველოს საკუთრაბაში უსასყიდლოდ გადმოცემას.

ნენსკრა ჰესი მდინარე ნენსკრაზე,  კავკასიონის სამხრეთ კალთაზე აშენდება. ნენსკრა მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადია. მისი სიგრძე 42 კმ-ია, აუზის ფართობი - 623 კმ². მდინარე სათავეს ზღვის დონიდან 2915 მ-ზე იღებს, საზრდოობს მყინვარული, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულშია, წყალმცირობა — ზამთარში. შემოდგომაზე მას წყალმოვარდნა ახასიათებს, ზამთარში კი - ყინულნაპირისი, ფსკერის ყინული, თოში. საშუალო წლიური ხარჯი 40,1მ3/წმ-ია.

ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზეგავლენის შეფასების ანგარიში 

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სს „ნენსკრა ჰიდროს“ პრიორიტეტია, პროექტი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შერბილება და უსაფრთხოებაა.

პროექტის ზეგავლენა გარემოზე მინიმალური იქნება, რასაც მასში ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის ჩართულობა უზრუნველყოფს. კომპანია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ყველა საერთაშორისო სტანდარტსა და ნორმას დააკმაყოფილებს, რასაც ხელს შეუწყობს ასევე პროექტში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა.

2015 წელს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტმა საქართველოს მთავრობას გარემოსდაცვითი და სოციალური ზეგავლენის შეფასების ანგარიში წარუდგინა, რაც  ეროვნული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღების პროცესის ნაწილს წარმოადგენს.

2015 წლის ანგარიში ქართულმა კომპანიამ შპს "გამა კონსალტინგმა" 2011-2014 წლებში ჩატარებულ საველე კვლევებზე დაყრდნობით,  საჯარო საკონსულტაციო შეხვედრების შემდეგ, 2015 წლის მაისში მოამზადა. გარემოსდაცვითი ნებართვა გარემოსდაცვითმა ორგანოებმა 2015 წლის ოქტომბერში გასცეს.

მას შემდეგ რიგ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით მოწვევა გაეგზავნათ. იმისთვის, რომ გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის მოთხოვნების დაცვა გარანტირებული ყოფილიყო, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა რეკომენდაცია გასცეს, პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზეგავლენის დამატებითი კვლევები ჩატარებულიყო.

დამატებით კვლევებზე დაფუძნებული ანგარიში, რომელიც 10 ტომს მოიცავს, 2017 წელს განსაჯაროვდა. იგი ხელმისაწვდომია სს „ნენსკრა ჰიდროს“ ვებგვერდზე.

განხორციელებული კვლევების საფუძველზე კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრომ“  „ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა“ მოამზადა. აღნიშნული გეგმის მიზანია მშენებლობის და ექსპლუატაციის პერიოდებში შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელება საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

ტექნიკური მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნენსკრა ჰესის შენობაში 280 მგვტ ჯამური დადგმული სიმძლავრის 3 ჰიდროაგრეგატი  განთავსდება. გამომუშავებული ელექტროენერგია ამწევ ქვესადგურს გადაეცემა, ხოლო ქვესადგურიდან ელექტროგადამცემი ხაზების საშუალებით ენერგია საქართველოს ერთიან ენერგოქსელს შეუერთდება.

ტურბინებამდე 47.0 მ3/წმ წყლის ნაკადის ტრანსპორტირება მოხდება 15.1 კმ სიგრძისა და 4.5 მ დიამეტრის მიწისქვეშა სადაწნევო გვირაბით, რომელიც ჰესის შენობის სიახლოვეს განშტოვდება 3 დამოუკიდებელ მილსადენად უშუალოდ ტურბინებთან შესაერთებლად. გვირაბში წყალი წყალმიმღების საშუალებით ჩაედინება. ის განლაგდება წყალსაცავის მარცხენა სანაპიროზე, რომელსაც 130 მ სიმაღლის ქვანაყარი კაშხალი შექმნის. კაშხალი სოფელ ტიტას ზემოთ დაახლოებით 5 კილომეტრში, მდინარე ნენსკრას ვიწრო ხეობაში აიგება. მისი აგების შემდეგ 176 მლნ მ3 მოცულობის წყალსაცავი შეიქმნება. წყალსაცავიდან  წყლის ნაკადი სადაწნევო გვირაბში მოხვდება.  ენერგეტიკული სქემის გაუმჯობესების მიზნით  მდინარე ნაკრას 3 ხეობაში დაბალდაწნევიანი კაშხალი აიგება. შექმნილი წყალსაცავიდან 45.5 (?) მ3/წმ-დე (ნაკრასთვის ძალიან დიდი ხარჯია, თუ შეიძლება დააზუსტეთ, დ.ა.) წყლის დამატებითი ხარჯი სატრანსფერო გვირაბით ნენსკრას წყალსაცავში გადაისროლება. წყლის ამ რაოდენობის დამატებით ნენსკრა ჰესის მიერ ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება გახდება 1,219 გიგავატ/სთ.

ნენსკრაჰესის ძალოვანი კვანძი  მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე, სოფელ ჭუბერის განაპირას განთავსდება. ეს კვანძი მიწისზედა ჰესის შენობისა და მის გვერდით მოწყობილი ქვესადგურისაგან შედგება.

ნენსკრას კაშხლის სიმაღლე 125–130 მეტრი იქნება, ხოლო სიგრძე - 870 მეტრი. იგი განთავსდება მდინარე ნენსკრას ზედა წელში და შექმნის 176 მილიონი მ3 მოცულობის წყალსაცავს 2.7 კმ2 სარკის ზედაპირით. კაშხალი მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას წყლებით მდინარე ხუდონის ზემო შენაკადზე შეივსება და 725 მეტრი სიმაღლის დაწნევის გამოყენების შესაძლებლობას შექმნის.

ნაკრას ნაგებობის სიმაღლე 8.7 მეტრი იქნება, ხოლო  სიგრძე- 44 მეტრი. იგი განთავსდება მდინარე ნაკრაზე და შეცვლის წყლის მიმართულებას წყალსაცავის გადამგდები გვირაბისკენ.

ნაკრას გადამგდები გვირაბი, რომელიც ნაკრას ხეობას ნენსკრას ხეობასთან დააკავშირებს, დაახლოებით 12.5 კმ სიგრძის X 3.5 მ. დიამეტრის იქნება. გვირაბი  წყალს ნაკრას წყალსაცავიდან ნენკსრას რეზერვუარში გადაამისამართებს.

ნენსკრას სადაწნევო გვირაბის სიგრძე 15.1კმ იქნება, ხოლო სიგანე -  4.5მ. იგი  ნენსკრას ხეობის მარცხენა სანაპიროს  გაუყვება. ხეობის დონიდან 600 მეტრზე გვირაბი წყალსაცავს ელექტროსადგურთან დააკავშირებს.

ძალოვანი კვანძის შემადგენლობაში  იქნება ჰიდროელექტროსადგური, ნამუშევარი წყლის გამყვანი არხი და GIS (Gas Insulated Switchgear) ტიპის ქვესადგური.

წყლის მიმყვანი გვირაბიდან მილსადენის ბოლომდე მომარაგდება. მილსადენი  გვირაბიდან დაიწყება, რომელიც შემდეგ  ტურბინის გვირაბებეში გადავა. წყლის ასაქცევის მეშვეობით ნამუშევარი წყალი მდინარე ნენსკრაში გადავა.

სადგურისთვის გათვალისწინებულია პელტონის ტიპის 3 ელექტრომექანიკური ტურბინა, თითოეული - 93.3 მეგავატი სიმძლავრისა.

ყველაზე დიდი წყალდიდობისგან თავდაცვის მიზნით წყალსაგდების ზომები ისეა შერჩეული, რომ გაატაროს შესაძლო მაქსიმალური ხარჯი  1 101 მ3/წმ,  რაც 3,67-ჯერ  მეტია 10000  წელიწადში ერთხელ მოსალოდნელ ხარჯზე - 300 მ3/წმ-ზე.

წყალსაცავი ნელა, თანდათანობით (ფენებად), წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად შეივსება. კაშხლის ოპერირება მოხდება მდინარის ბუნებრივ რეჟიმში, ქვედა წყალგამშვების მიერ, რათა წყლის დონე 1,370 მ ნიშნულამდე შენარჩუნდეს.

 საზოგადოებრივი ინვესტირების სტრატეგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

«ნენსკრა ჰესის“ პროქტი ადგილობრივ ბაზარზე შემოსული მსხვილი უცხოური ინვესტიციაა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტოპ-ათეულში სს "ნენსკრა ჰიდროს" მიერ განხორციელებული ინვესტიციაც დასახელდა.

„ნენსკრა ჰიდროს“ პოექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის პერიოდში სამუშაო ადგილებს ქმნის. არაკვალიფიციური მუშახელის 100% ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მცხოვრები მოსახლეობა იქნება. ნაწილობრივ კვალიფიციური მუშახელის 75% იქნება ქართველი, აქედან 50% - მესტიის მკვიდრი.

სს „ნენსკრა ჰიდროს“ ადმინისტრაციამ 2016 წელს კვლევა ჩაატარა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენას ისახავდა მიზნად. ამ კვლევისა და მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, სს “ნენსკრა ჰიდრომ“ საზოგადოებრივი ინვესტირების სტრატეგია შეიმუშავა, რომლის მიზნებია:

  • ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობა და მოსახლეობის კეთილდღობის ამაღლება;
  • ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობითა და გაძლიერებით მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნა;
  • აგრობიზნესის წახალისებითა და მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოზიდვით სოფლის გაძლიერება და განვითარება;
  •  მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობის გაზრდა როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ ცხოვრებაში;
  • ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში საბაზრო და ტურისტული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.
ინფრასტრუქტურა
  • გზების რეაბილიტაცია;
  • სს „ნენსკრა ჰიდროს“ უშუალო ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ თემებში სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
ჯანდაცვა
  • წყლის მიწოდების სისტემის გაუმჯობესება;
  • საავადმყოფოების აღდგენა, სამედიცინო ინვენტარითა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებით აღჭურვა;
  • ნარჩენების მართვის გაუმჯობესება.
განათლება
  • სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა და აღდგენა;
  • პროფესიული მომზადების ტრენინგების ჩატარება;
  • გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი აქტივობების ჩატარება და თანაბარი შესაძლებლობების სამოქმედო გეგმის შემუშავება.
სოფლის მეურნეობა
  • მდგრადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების მხარდაჭერა;
  • ფერმერებისთვის ტრენინგების ჩატარება;
  • სასათბურე წარმოების მხარდაჭერა;
  • მარკეტინგული მხარდაჭერა.
ტურიზმი
  • ტურისტული აქტივობებისა და მარკეტინგის მხარდაჭერა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]