ნელი ბლაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნელი ბლაი
დაბადების სახელი Elizabeth Jane Cochran
დაბადების თარიღი 5 მაისი1864
კოკრანს მილზი პენსილვანია
გარდაცვალების თარიღი 27 იანვარი1962 (57 წლის)
ნიუ-იორკი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მწერალი,ჟურნალისტი, მეწარმე
მეუღლე(ები) რობერტ საიმონი
ჯილდოები ქალთა დიდების ეროვნული დარბაზი (1998)
ხელმოწერა

ნელი ბლაი (ინგლ. Nellie Bly; ნამდვილი სახელი ელიზაბეტ ჯეინ კოკრანი, ინგლ. Elizabeth Jane Cochran; დ. 5 მაისი, 1864 (ან 1867), კოკრანს - მილზი, პენსილვანია — გ. 27 იანვარი, 1922, ნიუ-იორკი) — ამერიკელი ჟურნალისტი, მწერალი, მეწარმე. საფუძველი ჩაუყარა საგამოძიებო ჟურნალისტიკის ახალ მიმართულებას.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნელი ბლაი დაიბადა კოკრანს-მილზში (Cochran’s Mills),( არმსტრონგის საგრაფო, პენსილვანია), რომელიც მდებარეობს პიტსბურგიდან 65 კილომეტრში. მისი მამა, ყოფილი მოსამართლე, გარდაიცვალა, როდესაც გოგონა ექვსი წლის იყო. სამი წლის შემდეგ, დედა გათხოვდა, მაგრამ განქორწინდა, როდესაც ელიზაბეტი 14 წლის გახლდათ.

ახალგაზრდობაში კოკრანმა თავის გვარს დაამატა ასო «ე» (Cochrane, კოკრეინი).

21 წლის ნელი ბლაი მექსიკაში

1880 წელს ოჯახი საცხოვრებლად პიტსბურგში გადავიდა და 1885 წელს ელიზაბეტმა დაიწყო  მუშაობა რეპორტიორად გაზეთში «Pittsburgh Dispatch». გაზეთმა გამოაქვეყნა  დისკრიმინაციული სტატია ქალების მიმართ. პუბლიკაციის საპასუხოდ, კოკრეინმა მკაცრი წერილი გაუგზავნა გაზეთის რედაქტორს. წერილმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ  რედაქტორმა ახალგაზრდა ქალს სამუშაო შესთავაზა. იმ პერიოდში ქალი ჟურნალისტები ხშირად იყენებდნენ ლიტერატურულ ფსევდონიმებს. კოკრეინმა აირჩია ფსევდონიმი ნელი ბლაი სტივენ ფოსტერის სიმღერის სათაურის მიხედვით, რომელიც იმ დროს ძალიან პოპულარული იყო.

თავდაპირველად, ბლაი გაზეთში აქვეყნებდა ნარკვევებს პიტსბურგის ქარხანაში მომუშავე ქალების გაჭირვებაზე, ღარიბების ცხოვრებასა და მსგავს თემებზე, მაგრამ რედაქტორებმა აიძულეს იგი გაეკეთებინა ის, რითაც მაშინ შემოიფარგლებოდა  ქალების მოღვაწეობა ჟურნალისტიკაში — დაეწერა სტატიები  მაღალი საზოგადოების ცხოვრების, მოდის, მებაღეობის და ა.შ. ბლაი, რომელიც არ ეთანხმებოდა ასეთ მიდგომას, 1886-1887 წლებში გაემგზავრა მექსიკაში, საიდანაც აგზავნიდა ნარკვევებს მექსიკელების ცხოვრების შესახებ: აღწერდა  მექსიკაში ღარიბების მძიმე ყოფას და ქვეყანაში  გამეფებულ კორუფციას. ერთ-ერთ სტატიაში ბლაი ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივი ჟურნალისტის დაკავებას მექსიკის მთავრობის კრიტიკის გამო (იმ დროს ხელისუფლებაში გახლდათ პორფირიო დიასი). ამის გამო იგი დაპატიმრების მუქარით გააძევეს ქვეყნიდან. მოგვიანებით მისი სტატიები გაერთიანდა  და გამოიცა კრებულის სახით  „Six Months in Mexico“ („ექვსი თვე მექსიკაში“, 1888).

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოვლენილი ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილუსტრაცია: ნელი ბლაი – 10 დღე ფსიქიატრიულში.

1887 წელს ბლაიმ დატოვა გაზეთი «Pittsburgh Dispatch» და გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც მუშაობა დაიწყო  ჯოზეფ პულიტცერის „New York World“-ში. მისი ერთ-ერთი პირველი წამოწყება იყო სიგიჟის სიმულაცია, რათა მოხვედრილიყო ქალთა ფსიქიატრიულ თავშესაფარში  ბლექველის კუნძულზე (ახლანდელი რუზველტის კუნძული) და გამოევლინა კლინიკის პაციენტების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები. ფსიქიკური აშლილობის და ამნეზიის სიმულაციით, ბლაიმ მოახერხა რამდენიმე ექიმის შეცდომაში შეყვანა. მან კლინიკაში ათი დღე გაატარა. მოგვიანებით გამოაქვეყნა სტატია იმ საშინელი პირობების შესახებ, რომელშიც იმყოფებოდნენ საავადმყოფოს პაციენტები, პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ გულგრილი და დამამცირებელი დამოკიდებულების შესახებ და იმის შესახებ, რომ ზოგიერთი პაციენტი დაწესებულებაში აშკარად შეცდომით იყო მოხვედრილი. [3]

სტატია გახდა სენსაცია და გამოიწვია ის, რომ არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ ხელისუფლება დაინტერესდა ამ ტიპის საავადმყოფოებში არსებული ვითარებით. შედეგად, მნიშვნელოვნად გაზარდა საქველმოქმედო დეპარტამენტის და სასჯელაღსრულების დაწესებულებების  ბიუჯეტი.[4]

მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნელი ბლაი პოლონეთში

ფსიქიატრიულ თავშესაფარში მომხდარი მოვლენების გაშუქების შემდეგ, ნელი ბლაი ფართოდ გახდა ცნობილი. ხალხმა მას "ქალბატონის სენსაცია" უწოდა. ერთ დღეს მან თავის რედაქტორს შესთავაზა: ჟიულ ვერნის წიგნის გმირის რეკორდის გაუმჯობესება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობით. New York World-ის ერთ-ერთ რეგულარულ ნომერში გამოქვეყნდა განცხადება, რომ კარგად ცნობილმა ნელი ბლაიმ გადაწყვიტა ფილეას ფოგის რეკორდის მოხსნა და აპირებს მსოფლიოს შემოვლას 80 დღეზე ნაკლებ დროში. ნელი მსოფლიო ტურნეზე გაემგზავრა 1889 წლის 14 ნოემბერს. გზაში მან გადაუხვია მარშრუტს, რათა თავად ჟიულ ვერნისგან აეღო ინტერვიუ. როდესაც გოგონამ მიზანს მიაღწია, ცნობილმა მწერალმა  დეპეშა გაუგზავნა New York World-ის რედაქციას: ”მე ეჭვი არ მეპარებოდა ნელი ბლაის წარმატებაში. მან აჩვენა თავისი გამძლეობა. ყოჩაღ მას! ჟიულ ვერნი“. ნელიმ მიაღწია თავის მიზანს, მამაცმა ბლაიმ —გამოგონილი პერსონაჟისგან განსხვავებით, იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო ზუსტად 72 დღეში 6 საათსა და 10 წუთში, ეწვია ინგლისს, საფრანგეთს (სადაც შეხვდა ჟიულ ვერნს), იტალიას, სუეცის არხს, ცეილონს, სინგაპურს, ჰონგ კონგს და იაპონიას.

პირადი ცხოვრება და ცხოვრების ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნელი ბლაის საფლავი

ნელი ბლაი რაც უფრო პოპულარული ხდებოდა, მით უფრო რთული იყო მისთვის საგამოძიებო ჟურნალისტური საქმიანობის წარმართვა, რადგან ყველგან სცნობდნენ. ნელი ბლაიმ გააცნობიერა, რომ ჟურნალისტის კარიერა უნდა მიეტოვებინა. იგი ასეც მოიქცა და დაქორწინდა მილიონერ რობერტ საიმონზე, რომელიც მასზე 42 წლით უფროსი იყო. მათ ბედნიერებას  ჩრდილს აყენებდა ის ფაქტი, რომ რობერტის შვილები უკიდურესად უარყოფითად იყვნენ განწყობილნი ნელის მიმართ. წყვილს არასოდეს ჰყოლია საკუთარი შვილები. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტობას ჩამოშორდა, ნელი "Iron Clad Manufacturing Co"-ის პრეზიდენტი გახდა, რომელიც ამზადებდა ფოლადის კონტეინერებს, რძის ქილებს და ქვაბებს.[5] იგი დაქვრივდა 1904 წელს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნელი ბლაი იყო ერთ-ერთი წამყვანი ქალი მეწარმე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ თანამშრომლების მხრიდან გაფლანგვის გახშირებულმა შემთხვევებმა  იგი გაკოტრებამდე მიიყვანა და ბლაი იძულებული გახდა დაბრუნებოდა ჟურნალისტის პროფესიას. იგი ამზადებდა რეპორტაჟებს 1913 წლის სუფრაჟისტების აღლუმიდან და პირველი მსოფლიო ომის აღმოსავლეთ ფრონტიდან. პარალელურად აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ობლებს.[6]

ნელი ბლაი გარდაიცვალა პნევმონიით ნიუ-იორკის წმინდა მარკის ჰოსპიტალში 1922 წლის 27 იანვარს, 57 წლის ასაკში. დაკრძალეს მოკრძალებულად ბრონქსის ვუდლაუნის  სასაფლაოზე. [7][8][9][10]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bly, Nellie (January 12, 1915). "American Woman Imprisoned in Austria; Liberated When Identified by Dr. Friedman". Los Angeles Herald. p. 2. Retrieved May 13, 2020.
  • Dietz, Dan (2010). Off Broadway Musicals, 1910–2007: Casts, Credits, Songs, Critical Reception and Performance Data of More Than 1,800 Shows. McFarland. ISBN 978-0786457311.
  • Goodman, Matthew (2013). Eighty Days: Nellie Bly and Elizabeth Bisland's History-Making Race Around the World. ISBN 9780345527264.
  • Kroeger, Brooke (1994). Nellie Bly: Daredevil, Reporter, Feminist. Three Rivers Press. ISBN 978-0812925258
  • .Rittenhouse, Mignon (1956). The Amazing Nellie Bly. Dutton.
  • Roggenkamp, Karen (2016). Sympathy, Madness, and Crime: How Four Nineteenth-century Journalists Made the Newspaper Women's Business. Kent State University Press. ISBN 978-1606352878.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Nellie Bly Biography". Biography.com. A&E Television Networks. Retrieved January 27, 2021.
  2. "New York Press Club Announces its 2020 Journalism Award Winners – The New York Press Club". www.nypressclub.org. Retrieved November 5, 2021.
  3. "Amanda Matthews of Prometheus Art Selected to Create Monument to Journalist Nelly Bly on Roosevelt Island, Press Release". Roosevelt Island Operating Corporation of New York. New York State. Retrieved March 2, 2021.
  4. Escaping the Madhouse: The Nellie Bly Story. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2019.
  5. "The Remarkable Nellie Bly". American Oil & Gas Historical Society. Archived from the original on October 4, 2011. Retrieved July 20, 2013.
  6. The remarkable Nellie Bly, inventor of the metal oil drum, Petroleum Age, 12/2006, p. 5.
  7. Dunning, Jennifer (February 23, 1979). "Woodlawn, Bronx's Other Hall of Fame". The New York Times. Archived from the original on January 10, 2018. Retrieved November 29, 2011.
  8. "Nellie Bly Memorial Call for Artists". დაარქივებული 2021-04-15 საიტზე Wayback Machine. Roosevelt Island Operating Corporation of New York. New York State. Retrieved March 2, 2021.
  9. "Nellie Bly, journalist, Dies of Pneumonia". The New York Times. January 28, 1922. Archived from the original on November 15, 2011. Retrieved November 29, 2011.
  10. "Reid, Kerry "Almost 100 Years After Her Death, Nellie Bly Is Back" Chicago Reader, February 2, 2021".