მუარი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
მუარი
ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
კოორდინატები 2°03′00″ ჩ. გ. 102°33′36″ ა. გ. / 2.050000° ჩ. გ. 102.560000° ა. გ. / 2.050000; 102.560000
დაარსდა 1885
ცენტრის სიმაღლე 36.88 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+8
საფოსტო ინდექსი 84000
ოფიციალური საიტი https://www.mpmuar.gov.my
მუარი (ქალაქი) — მალაიზია
მუარი (ქალაქი)

მუარი ან ბანდარ-მაჰარანი (ჯავი: موار) ― ისტორიული ქალაქი და მუარის რაიონის დედაქალაქი მალაიზიის შტატ ჯოჰორში. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილი.[1] მუარი ცნობილია კერძებით, ყავითა და ისტორიული ომისწინა ნაგებობებით. შტატის მეოთხე უდიდესი ურბანული ტერიტორია (ჯოჰორ-ბარუს, ბატუ-პაჰატისა და კლუანგის შემდეგ) ჯოჰორის სამეფო დედაქალაქად სულთანმა იბრაჰიმ ისმაილმა გამოაცხადა. მუარი ამავე სახელწოდების მქონე უფრო დიდი რეგიონის დედაქალაქია, რომელიც მუარის რაიონად და ტანგკაკის რაიონად იყოფა.[2] ტანგკაკის რაიონის განვითარებისა და გაფართოების შემდეგ, ამჟამად მუარის რაიონი მდინარე მუარის სამხრეთ ნაწილს მოიცავს, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი ტანგკაკის რაიონის შემადგენლობაშია. ორივე ადმინისტრაციული რაიონი დღემდე კოლექტიურად მუარის რეგიონად ან ტერიტორიად იწოდება.

მუარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქალაქია. 2017 წელს ქალაქს აზიის სუფთა ტურისტული ქალაქის სტანდარტული ჯილდო გადაეცა.[3]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუარი ასევე ცნობილია როგორც ბანდარ-მაჰარანი. გადმოცემის მიხედვით, ქალაქი წარსულში სხვა სახელებით იყო ცნობილი და დღევანდელი სახელი მდინარე მუარის ესტუარში მდებარეობის გამო მიენიჭა. ქალაქის სხვა სახელწოდებებს შორისაა: ტელუკ-დალამი ― ნიშნავს „ღრმა ყურეს“. ქალაქი მდინარე მუარის შესართავთან მდებარეობს, რომელიც ფართო და ღრმაა; მუარა ― წარმოადგენს ქალაქის მალაიურ სახელწოდებას, რაც „ფართო ღია ესტუარს“ ნიშნავს; მუაკი ― ნიშნავს „მოწყენილს“ ან „დაღლილს“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დიდ და დახლართულ მდინარეზე ცურვისას ნავებზე ნიჩბების მოსმა დამღლელი იყო; ბუკიტ-მორი ― სახელწოდების წარმოშობა შეიძლება დაკავშირებული იყოს მორის მთასთან (ბუკიტ მორი), რომელიც მუარიდან არც თუ ისე შორს, პარიტ-იავაში მდებარეობს; თანამედროვე მუარს თავდაპირველად ბანდარ-მაჰარანი ეწოდებოდა, რომელიც მაჰარაჯა აბუ ბაქარმა უწოდა. ქალაქის ინაუგურაცია 1887 წლის 13 აგვისტოს შედგა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანდარ-მაჰარანი მუარის რაიონში

წარსულში მუარის რაიონის ფართობი 2 346.12 კმ² იყო. 2000 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 328 695 ადამიანს შეადგენდა. მუარი ამავე სახელწოდების მქონე მდინარის შესართავთან მდებარეობს.

ქალაქს ვაკე რელიეფი აქვს, რის გამოც წარსულში ველოსიპედები და ტრიციკლები ტრანსპორტის მთავარი სახე იყო. ქალაქის საბჭო ველოსიპედების ქონისა და მართვის გამო მათი მართვის მოწმობას ითხოვს.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახევარკუნძულის მალაიზიის დანარჩენი ნაწილის მსგავსად, მუარი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელშია მოქეცული, რომელიც თბილი და მზიანი კლიმატით ხასიათდება. ქალაქი უხვი ნალექიანობით გამოირჩევა, განსაკუთრებით, სამხრეთ-დასავლეთ მუსონის დროს, რომელიც აპრილიდან სექტემბრამდე გრძელდება. კლიმატის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს მიმდებარე ზღვა და ქარების სისტემა. 2006-2007 წლებში უჩვეულოდ ხშირმა წვიმებმა ჯოჰორსა და მალაკის შტატებში ნახევარკუნძულის მალაიზიის სამხრეთ ნაწილის მასშტაბით ყველაზე დიდი წყალდიდობა გამოიწვია. წყალდიდობა ერთ თვეს გაგრძელდა და მუარის ბევრი ტერიტორია, როგორებიცაა: პაგოჰი, ლენგა, კუნდანგ-ულუ, ბუკიტ-გამბირი და სავაჰ-რინგი, ძალიან დაიტბორა. ზოგან წყლის სიმაღლემ 3 მეტრს მიაღწია. წყალდიდობის ცენტრიდან 22 933 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.[4]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუარის მუნიციპალური საბჭო

2010 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 239 027 ადამიანს შეადგენს.[5] მოსახლეობის უმრავლესობას (55.9%) ბუმიპუტერები შეადგენდნენ (55.3% ― მალაიები), 35.7% ჩინური წარმომავლობის იყო, 2.4% ― ინდური, ხოლო 0.2% სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი იყო.[6] 2010 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 26.6% 15 წლამდე ასაკის კატეგორიას მიეკუთვნებოდა, 65.2% ― 15-64 ასაკობრივ ჯგუფს, ხოლო 8.2% ― 65 წელს გადაცილებულ კატეგორიას.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუარი საერთაშორისოდ ცნობილია როგორც მალაიზიის ავეჯის მრეწველობის კერა. სამრეწველო ცენტრები მდებარეობს: ტანჯუნგ-აგასში, ბუკიტ-ბაკრიში, ჯორაკში, პარიტ-ბაკარში, პაგოჰსა და ტანგკაკში. ქალაქში მდებარეობს მრავალეროვნული კომპანიების: STMicroelectronics, Micron Technology და Pioneer Corporation-ის ქარხნები.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ASEAN TOURISM FORUM 2018 en. ციტირების თარიღი: 1 January 2019
  2. Muar to say goodbye to Tangkak დაარქივებული 1 September 2012 საიტზე Wayback Machine. , 20 November 2006, The Star (Malaysia)
  3. Muar Gets Honoured With Asean Clean Tourist City Award. MIX. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 29 May 2018
  4. The Star, 25 December 2006.
  5. Department of Statistics, Malaysia: Population Distribution and Basic Demographic Characteristics, 2010, pg 232, Table 18.1: Total population by ethnic group, mukim and state, Malaysia, 2010 (cont'd)
  6. Department of Statistics, Malaysia: Population Distribution and Basic Demographic Characteristics, 2010, pg 11, Table 1 : Key summary statistics for Local Authority areas, Malaysia, 2010 (cont'd)