მოძვის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოძვის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოძვში. აგებულია XIX საუკუნეში.

ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. გეგმა მინაშენთან ერთად წაგრძელებული სწორკუთხედია. მთავარი შენობა დაბოლოებულია აღმოსავლეთით სფერული კონქითა გადახურული აფსიდით. აფსიდის განათების წყაროს თაღოვანი სარკმელი წარმოადგენს. სარკმლის ორივე მხარეს მოთავსებული თითო ნიშა. დარბაზი ორ, თითქმის თანაბარ ნაწილად იყოფა, გრძივ კედლებში განლაგებული წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით. ცილინდრული კამარაა. გრძივი და განივი მიმართულებით გადაყვანილია თაღები. ნავი სამხრეთისა და ჩრდილოეთ კედლებშია განათებული, აბსიდის მხრების მახლობლად გაჭრილი თაღოვანი სარკმლებით. დასავლეთ კედლის ზედა მონაკვეთში მესამე სარკმელია. ფართო თაღოვანი შესასვლელით ნაგებობა დაკავშირებულია დასავლეთ მინაშენთან. მინაშენი განათებულია გრძივ კედლებში გაჭრილი სარკმლებით. დასავლეთ კედლის ცენტრში მოთავსებულია შესასვლელი. ფასადები კარ-სარკმლის ლილვოვანი მოჩარჩოებითაა დეკორირებული. სამხრეთი კარის ბალავარზე ამოკვეთილია აყვავებული ჯვარი, ხოლო დეკორაციულ ფრონტონში ჩასმულია მზის სიმბოლური გამოსახულება. აღმოსავლეთი სარკმელი ფართო გეომეტრიული ჩუქურთმითაა მოჩარჩოებული, რომელიც შემოფარგლულია შეწყვილებული ლილვით. მთავარი შენობა და მინაშენი კრამიტის საბურავითაა გადახურული . საბურავს გარს თაროსა და ლილვისაგან შემდგარი ლავგარდანი შემოუყვება. ფასადები შელესილია, შემდეგ შეთეთრებული. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ყორექვა კირის დუღაბზე და მომწვანო-მოყვითალო ქვიშაქვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8954