მიხეილ ლაშქარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ ლაშქარაშვილი (დ. 1884, სოფ. ქვემო ხანდაკი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, — გ. 1952, საფრანგეთი, დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე) — ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე; ანტი-საბჭოთა პარტიზანული რაზმის ხელმძღვანელი ქართლში 1920-იანი წლების დასაწყისში.

1900-იანი წლების დასაწყისში მუშაობდა იარალოვის ქარხნის მუშად, შემდეგ რკინიგზის სადურგლო საამქროში. რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი, სახალხო გვარდიის საველე სასამართლოს თავმჯდომარე. მოგვიანებით პოლიტიკას ჩამოშორდა. 1919-1921 წლებში ლაშქარაშვილი იყო სახალხო გვარდიის შტაბის რწმუნებული ახალქალაქში, შემდეგ გორში. მონაწილეობდა გორის მაზრაში ბოლშევიკური ანარქიის ჩახშობაში.

1921 წელს საბჭოთა ხელისუფლების ძალისმიერი დამყარების შემდეგ ლაშქარაშვილი შეუერთდა ქართველი პატრიოტების პარტიზანულ მოძრაობას. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. ემიგრაციაში იგი იყო საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის პარიზის კომიტეტის ჟურნალ „ახალი ივერიის“ (1927–1939) ავტორ–თანამშრომელი. გარდაიცვალა საფრანგეთში 1952 წელს. მეუღლესთან ერთად დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე. დაწერილი აქვს ვრცელი მოგონებები (გამოქვეყნებულია 1991 წლის გაზეთ „რესპუბლიკაში“).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]