მიხეილ კვესელავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მიხეილ ალექსანდრეს ძე კვესელავა (დ. 27 მაისი, 1913, თბილისი — გ. 6 დეკემბერი, 1981, იქვე) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1936 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და, როგორც წარჩინებული სამი ევროპული ენის მცოდნე სტუდენტი, ასპირანტურაში დატოვეს. აქედანვე იწყებს პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. მაგრამ სამამულო ომმა თავისი კორექტივები შეიტანა ახალგაზრდა მეცნიერის ცხოვრებაშიც. მ. კვესელავამ გაიარა ბრძოლის მძიმე და გრძელი გზა. მერე კი, როგორც კვალიფიციური გერმანისტი, თარჯიმნად მონაწილეობდა ნიურნბერგის პროცესში. შემდეგ ყოველივე ეს ბრწყინვალედ ასახა თავის ტრილოგიაში „ას ერგასის დღე“.

ომის შემდგომ მ. კვესელავამ განაგრძო საზოგადოებრივი, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა. სხვადასხვა დროს იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი, უცხოეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საზოგადოების თავმჯდომარე, უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, თეატრალური ინსტიტუტის რექტორი და სხვა. 1963 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია და მოიხსენიება იმ პროგრესულ მასწავლებელთა შორის, რომლებმაც ახალგაზრდობას თამამად „გაუეს დასავლური კულტურის ერთ დროს დაგმანული კარი“.

მეცნიერის კალამს ეკუთვნის ფუნდამენტური მონოგრაფიები: „ადამ მიცკევიჩი“, „ბულგარული ლიტერატურა“, ორტომეული „ფაუსტური პარადიგმები“, „პოეტური ინტეგრალები“ და სხვა.

დაჯილდოვებული იყო ორი სამამულო ომის ორდენით, წითელი ვარსკვლავის, „საპატიო ნიშნის“ ორდნებითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 218, თბ., 1994