მილოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მილოსი (ბერძ. Μήλος), მელოსი (ძვ. ბერძნ. Μῆλος) — კუნძული ეგეოსის ზღვის სამხრეთ ნაწილში, კიკლადების არქიპელაგში. საბერძნეთის ტერიტორია. ფართობი 158 კმ². ჩრდილოეთ ნაპირზე ღრმა უბეებია, დანარენები სწორხაზოვანია. აგებულია კრისტალური და ვულკანური ქანებით. დაბლობებს ცვლის ბორცვები და დაბალმთიანეთები (სიმაღლე 773 მ-მდე). დაფარულია ხმელთაშუაზღვიური ბუჩქოვანი მცენარეულობით. განვითარება მიწათმოქმედება (ხორბალი, სიმინდი, ზეთისხილის დამუშავება), თევზჭერა. მოიპოვებენ მარმარილოს. დასახლებული პუნქტები — მილოსი, ადამასი.[1]

ფინიკიაში ობსიდიანის ექსპორტის წყალობით კუნძულმა შეძლო გამხდარიყო ადრეული ეგეოსის ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. კუნძულის 50–100 მეტრის სიღრმის უბე წარმოადგენს დატბორილ კრატერს, რომელიც ჩამოყალიბდა ვულკანის ძლიერი ამოფრქვევის შედეგად, რამაც სამხრეთით დაახლოებით 2,4 კილომეტრის სიგანის ყელი შექმნა. მილოსი, კუნძილის დედაქალაქი და მთავარი ქალაქი, მდებარეობს ადამასიდან, მთავარი პორტიდან, ჩრდილოეთით. ქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს კატაკომბები, სადაც კონტინენტური საბერძნეთიდან ადრეულმა ქრისტიანებმა თავშესაფარი ჰპოვეს. ადამასის აკროპოლისში 1820 წელს აღმოაჩინეს ცნობილი ვენერა (აფროდიტე) მილოსელი.[2]

ათენის ბრიტანულმა სკოლამ მელოსთან 1896–1899 წლებში გათხარა კლიმოსის აკროპოლისი (ძვ. წ. 1000–800 წწ.). აღმოაჩინეს სასახლე, სატანვარჯიშო დარბაზი და უფრო გვიანი დროის რომაული თეატრი. თუმცა, ბრიტანული სკოლის მიერ მილოსზე აღმოჩენილი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია ფილაკოპი, რომელიც აპოლონიასთან, მილოსის მეორე პორტთან, ახლოს მდებარეობს, პლაკას კონცხზე. ფილაკოპი ბრინჯაოს ხანის ბოლოს მეზობელ თერაზე (სანტორინიზე) ვულკანის ამოფრქვევამდე აყვავებული დასახლება იყო. 1974 წელს ფილაკოპიში აღმოჩენილმა მტკიცებულებებმა შეცვალა ადრინდელი ვარაუდები იმის შესახებ, რომ ამოფრქვევამ კუნძული გაანადგურა: ცხოვრების უწყვეტობაში წყვეტა არ დაფიქსირებულა. უძველესი ქალაქი თარიღდება ძვ. წ. 2300–2000 წლებით. ამავე ადგილზე გაიზარდა მეორე ქალაქიც (2000–1550 წწ.). მესამე ქალაქი (1550–1100 წწ.), რომელიც უპირატესად მიკენურ ცივილიზაციას მიეკუთვნება, მილოსზე კიკლადური ცივილიზაციის ყველაზე სრულ განვითარებას წარმოადგენს. დაახლოებით ძვ. წ. 1100 წელს ფილაკოპი დორიელმა ახალმოშენეებმა დაანგრიეს.[2]

პელოპონესის ომის დროს კუნძულის მცხოვრებთა ნეიტრალიტეტის გამო ათენელებმა ყველა მამაკაცი გაჟლიტეს (ვ. წ. 416). ამ ხოცვა-ჭლეტვამ დრამატურგ ევრიპიდეს შთააგონა დაეწერა და თავის თანამემამულე ათენელებისათვის წარედგინა ტრაგედია „ტროელი ქალები“ — ომის საწინააღმდეგო ნაწარმოები. ისტორიკოს თუკიდიდეს თავის „მელოსურ დიალოგში“ შემონახული აქვს ათენელებსა და მელოსელებს შორის სამხედრო მოქმედებებამდ გამართულ მოლაპარაკებებზე წარმოთქმული სიტყვები. სპარტელმა მხედართმთავარმა ლისანდრემ კუნძული ისევ დორიელებს დაუბრუნა, თუმცა მელოსმა უწინდელ აყვავებას ვეღარ მიაღწია. ფრანგთა ბატონობის დროს იგი ნაქსოსის საჰერცოგოს შემადგენლობაში შედიოდა.[2]

კლასიკურ ხანაში გოგირდის, შაბისა და ობსიდიანის საბადოთა წყალობით კუნძულმა ფართო კომერციული ცნობადობა შეიძინა. მხატვრები აქაურ მიწას პიგმენტად იყენებდნენ. ცნობილია ძვ. წ. VI საუკუნის მოხატული ლარნაკებითა და საიუველირო ხელოვნებით. დღეს ექსპორტზე გააქვთ ბენტონიტი, პერლიტი, კოალინი, ბარიუმი, თაბაშირი, დოლაბები, მარილი; მოჰყავთ ფორთოხალი, ზეთისხილი, ყურძენი, ბამბა, ქერი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Милос // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 16 — М., 1974.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Melos. Encyclopedia Britannica online (6 დეკემბერი, 2018). ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2022