მიეონგსეონგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიეონგსეონგი
კორეის (ჩოსონის) დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 20 მარტი, 1866
მმართ. დასასრული: 8 ოქტომბერი, 1895
წინამორბედი: ჩეორინი
მემკვიდრე: სუნმიეონგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 ოქტომბერი, 1851
დაბ. ადგილი: იოჯუ, კორეა
გარდ. თარიღი: 8 ოქტომბერი, 1895, (43 წლის)
გარდ. ადგილი: გიეონგბოკგუნგი, კორეა
დაკრძ. ადგილი: ჩოსონის დინასტიის მეფეთა აკლდამები
მეუღლე: გოჯონგი, კორეის იმპერატორი
შვილები: სუნჯონგი, კორეის იმპერატორი
დინასტია: იეოჰეუნგ-მინი
მამა: მინ ჩი-როკი
დედა: ლი ჰანსანი

დედოფალი მიეონგსეონგი (კორ. 명성태황후 민씨), აგრეთვე ცნობილია როგორც დედოფალი მინი, ან იმპერატორის მეუღლე მიუნგ-სუნგი (დ. 19 ოქტომბერი, 1851, იოჯუ, კორეა — გ. 8 ოქტომბერი, 1895, გიეონგბოკგუნგი, კორეა) — კორეელი არისტოკრატი და კორეის დედოფალი 1866-1895 წლებში როგორც მეფე გოჯონგის ერთადერთი მეუღლე. კორეის იმპერატორ სუნჯონგის დედა. თავისი ქმრის რეგენტი 1873-1894 და 1895 წლებში. იგი აქტიურად აწარმოებდა ანტიიაპონურ პოლიტიკას, რამაც დროებით დააყოვნა იაპონიის მიერ კორეის დაპყრობა, რაც 1910 წელს, მისი ვაჟის მმართველობის დროს მაინც მოხდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიეონგსეონგი დაიბადა 1851 წლის 19 ოქტომბერს, კორეის ქალაქ იოჯუში, სადაც ცხოვრობდა რვა წლამდე. იგი იყო ადგილობრივი დიდებულის, მინ ჩი-როკისა და მისი ცოლის, ჰანსანის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ წარსულში მამამისი კორეის პრემიერ-მინისტრი იყო. როდესაც რვა წლის იყო, მისი მშობლები უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ, რის შემდეგაც ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა. პატარა მიეონგსეონგზე მზრუნველობა დედის ოჯახმა იკისრა, რომელიც არც თუ ისე შეძლებული იყო. მიუხედავად ამისა, იგი საკმაოდ ჭკვიან გოგონად ითვლებოდა, რადგან მშობლიური კორეულის გარდა, მოახერხა და შეისწავლა ჩინური ენა (რაც კორეელებს ძალიან უჭირთ). იგი იმდენად კარგად დაეუფლა ჩინურს, რომ ჩინურ ნაშრომებს ორიგინალში კითხულობდა.

თავისი გონიერების წყალობით მან სახელი მალევე გაითქვა, რის შემდეგაც დედა-დედოფალმა ჩეორინმა ბიძამისის, ჰუნგსონ დაევონგუნის რეკომენდაციით 14 წლის მიეონგსეონგი თავისი ვაჟის, 13 წლის მეფე გოჯონგის საცოლედ შეარჩია. დედა-დედოფლის განმარტებით, მისი არჩევანი განპირობებული იყო იმით, რომ სიღარიბის გამო მიეონგსეონგის ოჯახს სამეფო ტახტზე უფრო ნაკლები პრეტენზია ექნებოდათ ვიდრე სხვა არისტოკრატ ოჯახებს. წყვილი 1866 წლის 20 მარტს დააქორწინეს ჩხანდოკუნის სასახლეში.

1873 წელს მეფე გოჯონგმა საბოლოოდ ჩამოაცილა თავისი მშობლები ხელისუფლების სადავეებს და ერთპიროვნულ მმართველად იქცა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ დედოფალ მიეონგსეონგს უფრო დიდი ძალაუფლება ჰქონდა ვიდრე მის ქმარს. 1873 წლიდანვე, დედოფალმა ქმრის რეგენტობა მიიღო და კორეის ერთპიროვნული მართვა დაიწყო. მან გავლენიანი მოკავშირეები გაიჩინა და კორეის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალად იქცა, რომელიც თავის ნებაზე მართავდა ქვეყანას. იაპონიის იმპერიის ზრახვების საწინააღმდეგოდ, მან პრორუსული პოლიტიკის გატარება დაიწყო. სწორედ მისმა ანტიიაპონურმა პოლიტიკამ გაუხანგრძლივა კორეას დამოუკიდებლობა.

1874 წლის 25 მარტს, დედოფალმა თავისი პირველი და უკანასკნელი შვილი — პრინცი სუნჯონგი გააჩინა, რის შემდეგაც მეფესთან სარეცელსაც აღარ იყოფდა. ამის გამო, გოჯონგს სხვა ქალებისაგან კიდევ ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა.

ასეთი დიდი გავლენის ქონის გამო, დედოფალ მიეონგსეონგს უამრავი მოსისხლე მტერი ჰყავდა, რომელთაც არაერთხელ სცადეს მისი მოკვლა. ამის გამო, მას რამდენიმე საძინებელი ჰქონდა, რომლებშიც რიგრიგობით იძინებდა ხოლმე, რათა მკვლელს იოლად არ ეპოვნა. როგორც შემდეგში გამოაშკარავდა, მას მტრები არა ქმარზე გავლენის, არამედ ანტიიაპონური დამოკიდებულების გამო ჰყავდა.

1895 წლის 8 ოქტომბრის დილას, იაპონელი ჯარისკაცები კორეელი მოღალატეების დახმარებით შევიდნენ გიეონგბოკგუნგის სასახლეში, შეცვივდნენ დედოფლის საძინებელში და მოკლეს იგი. ამ დროს მიეონგსეონგი მხოლოდ 43 წლის იყო. მკვლელებმა მის გვამს ნავთი გადაასხეს და ადგილზევე დაწვეს. მათ იმავე დღეს შეიპყრეს მეფე გოჯონგი და მისი ვაჟი, პრინცი სუნჯონგი და ერთ ოთახში გამოკეტეს. ამის შემდეგ კორეა იაპონიის გავლენის ქვეშ მოექცა, მაგრამ გოჯონგი მმართველობას განაგრძობდა. იგი 1907 წელს ჩამოაგდეს და ტახტზე სუნჯონგი დასვეს, რომელიც 1910 წელს გადააყენეს. ამის შემდეგ, კორეა ოფიციალურად შევიდა იაპონიის იმპერიის შემადგენლობაში და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოახერხა დამოუკიდებლობის აღდგენა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bird, Isabella. (1898). Korea and her Neighbours. London: Murray. OCLC 501671063. Reprinted 1987: ISBN 9780804814898;
  • Dechler, Martina. (1999). Culture and the State in Late Choson Korea. ISBN 0-674-00774-3
  • Duus, Peter. (1998). The Abacus and the Sword: The Japanese Penetration of Korea, 1895–1910. Berkeley: University of California Press. ISBN 9780520086142/ISBN 9780520213616;
  • Han, Young-woo, Empress Myeongseong and Korean Empire (명성황후와 대한제국)(2001). Hyohyeong Publishing ISBN 89-86361-57-4
  • Hann, Woo-Keun. (1996). The History of Korea. ISBN 0-8248-0334-5
  • Keene, Donald. (2002). Emperor of Japan: Meiji and His World, 1852–1912. New York: Columbia University Press. ISBN 9780231123402;
  • Lewis, James Bryant. (2003). Frontier Contact between Choson Korea and Tokugawa Japan. ISBN 0-7007-1301-8
  • MacKensie, Frederick Arthur. (1920). Korea's Fight for Freedom. Chicago: Fleming H. Revell. OCLC 3124752 Revised 2006: ISBN 1-4280-1207-9 (See also Project Gutenberg.)
  • The Tragedy of Korea. London: Hodder and Stoughton. OCLC 2008452 Reprinted 2006: ISBN 1-901903-09-5
  • Nahm, Andrew C. (1996). A History of the Korean People: Tradition and Transformation. (1996) ISBN 0-930878-56-6
  • Introduction to Korean History and Culture. ISBN 0-930878-08-6
  • Schmid, Andre. (2002). Korea between Empires, 1895–1919. New York: Columbia University Press. ISBN 9780231125383; ISBN 9780231125390;