მიაზები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კატის მიაზი

მიაზები (< ბერძ. μυῖα — „ბუზი“) — ადამიანისა და ცხოველების დაავადებები, რომლებსაც იწვევს ბუზის მატლების პარაზიტობა. ბუზებს შეუძლიათ კვერცხები დადონ პროდუქტებზე, კანის დაზიანებულ ადგილებში, ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმის ბუნებრივ ღრუებში შეაშხაპუნონ კვერცხის შემცველი სეკრეტი. მიაზების კლინიკური ნიშნები სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულია პარაზიტის სახეობაზე. სხეულში მატლების ადგილსამყოფელის მიხედვით განარჩევენ ქსოვილისა და ღრუს მიაზებს, მატლების პარაზიტობის ხასიათის მიხედვით — შემთხვევითს, ფაკულტატურსა და ობლიგატურს.[1]

შემთხვევითი (ნაწლავის) მიაზები წარმოიქმნება კვერცხებით ან მატლებით (რომლებსაც შეუძლიათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ცხოვრება) დაბინძურებული პროდუქტების ჭამის შედეგად; მაგ., ყველის ბუზი (Piophila casei), ლეშის ბუზი (Cynomyia mortuorum) და სხვ. ასეთ დროს სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი. ფაკულტატური მიაზები გამოწვეულია ჭრილობებსა და კანზე ხორცის მწვანე ბუზის (Lucilia sericata), ასევე ზოგიერთი სხვა სახეობის ბუზის პარაზიტობით. მიაზის დროს კანის დაზიანებას აქვს კვანძისათვის დამახასიათებელი სახე, ფურუნკულის მსგავსი, რომლის ცენტრალური ხვრელიდან ბუზის მატლი პერიოდულად ჰყოფს უკანა ნაწილს (იხ. აგრეთვე ჰიპოდერმატოზები). ობლიგატურ მიაზებს იწვევენ ისეთი ბუზები, რომელთა მატლები იკვებებიან მხოლოდ ქსოვილითა და სისხლით. ღრუს ობლიგატური მიაზების გამოწვევა შეუძლიათ ცხვირხახისა (Oestrinae) და კუჭის ბორებს (Gasterophilinae). ქსოვილის ობლიგატურ მიაზებს იწვევენ ვოლფარტის ბუზის (Wohifahrtia magnifica) მატლები.[1]

მკურნალობა: მატლების მოცილება მათ მიერ გაკეთებული შესასვლელებიდან, ჭრილობებიდან, წყლულებიდან (პინცეტით); თვალის კონიუქტივიდან და კუჭიდან (ამორეცხვით); ნაწლავიდან (ანტიჰელმინთური საშუალებების გამოყენებით). ცხოველებში ფაკულტატური მიაზების დროს იყენებენ ინსექტიციდებს. პროფილაქტიკა: ბუზების განადგურება; რეპელენტების, ფანჯრის ბადეების, დამცავი ტანსაცმლის გამოყენება; პირადი და საცხოვრებლის ჰიგიენის დაცვა; დასახლებული პუნქტების სანიტარული კეთილმოწყობა; საკვების თერმული დამუშავება, ცხვრის კრეჭისა და ცხოველების კასტრაციის დროს მიღებული ჭრილობის დროული დამუშავება, ცხოველთა ლეშისა და ნაგვის უტილიზაცია.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Василевич Ф. И., Горохов В. В. Миазы // Большая российская энциклопедия. т. 20. — М., 2012. — стр. 214.