მთისძირის მეორე ეკლესია და სამაროვანი
მთისძირის მეორე ეკლესია და სამაროვანი — არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის თავში, მდინარე არეშის მარცხენა ნაპირზე, მდინარისადა უსახელო ღელის შესართავთან. ეკლესია დგას შემაღლებულ ადგილას, რომელსაც დასავლეთიდან მდინარის ფლატე საზღვრავს, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან კი – ღელე.
ადრე სოფლის ამ უბანში ლეკებს უცხოვრიათ და ეკლესიას „ენძება“ ჰრქმევია, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობიდან ზოგიერთი, ეკლესიას დღემდე „ანძებას“ უწოდებს. ეკლესია თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით, სამაროვანი XI-XIII საუკუნეებით. ძეგლი გაითხარა 1978 წელს, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არეშის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლ. ჭილაშვილი.
ეკლესია სამეკლესიიანი ბაზილიკაა. იგი სხვადასხვა პერიოდის ორ სამშენებლო ფენას შეიცავს. შენობის სწორკუთხოვან გეგმაში ჩაწერილია, ერთმანეთისგან კედლებით გამიჯნული, სამი სადგომი, რომლებიც დამოუკიდებლად ეკლესიებს წარმოადგენდნენ. შუა ეკლესია გვერდით ეკლესიებთან შედარებით, უფრო განიერი და მაღალია. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია საკურთხევლის აფსიდით. საკურთხევლის სამხრეთით მოწყობილია გეგმით სწორკუთხა, მცირე სათავსი - სადიაკვნე, რომელსაც შუა ეკლესია სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოში გაჭრილი კარით უკავშირდება. მეორე შესასვლელი სათავსს დასავლეთიდან, სამხრეთის კედლიდან აქვს. ჩრდილოეთ ეკლესია ერთიანია – დაუნაწევრებელი. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია სწორი კედლით, რომელიც სამხრეთ სათავსის აღმოსავლეთ კედლის მსგავსად, შუა ეკლესიის აღმოსავლეთ კედელს ებმის. შუა ეკლესიის, ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, სადიაკვნეში შესასვლელის მოპირდაპირედ არსებული კარის მიხედვით , შეიძლება ვიფიქროთ, რომ უკანასკნელის მსგავსი სათავსი საკურთხევლის ჩრდილოეთითაც იყო მოწყობილი, რომელიც სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. ამ სათავსში შესასვლელის გვერდით, შუა ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში, კიდევ ერთი კარია და ჩრდილოეთ ეკლესიაში გადის. გვერდითი ეკლესიები ერთმანეთთან დაკავშირებულია დერეფნით, რომელიც მათ შორის, შენობის დასავლეთ ნაწილშია მოწყობილი. გათხრებისას ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის მთელ სიგრძეზე, ასევე აღმოსავლეთ სათავსების გარეპირის გასწვრივ, გამოჩნდა სამსაფეხურიანი ცოკოლი, რომელსაც ეყრდნობოდა შესაბამისი კედლები. გვერდითი ეკლესიების კედლებს ცოკოლი არა აქვს და მათი საჭირო საძირკველიც გაცილებით დაბალია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა წარმოვიდგინოთ ეკლესიის თავდაპირველი იერსახე–სამსაფეხურიან ცოკოლზე მდგარი დარბაზული ეკლესია, საკურთხევლის ორივე მხარეს მდებარე სწორკუთხა სათავასებით. გვერდითი ეკლესიების და მათი დამაკავშირებელი დერეფნის მშენებლობა, ეკლესიის აგებიდან მოკლე ხანში ჩატარებულ გადაკეთებას უკავშირდება.
ეკლესია ნაგებია მოზრდილი ზომის, ერთმანეთზე კარგად მორგებული რიყის ქვითა და კირის ხსნარით. კამარების, მთავარი ეკლესიის პილასტრების და მთავარი ეკლესიიდან ჩრდილოეთ გასასვლელი კარის თაღის წყობაში გამოყენებულია აგურიც. ძეგლი ძლიერაა დაზიანებული. თითქმის მთლიანადაა დანგრეული სამხრეთ ეკლესია და დასავლეთ გარშემოსავლელი. დანგრეულია ჩრდილოეთ ეკლესიის დასავლეთ ნაწილი და შუა ეკლესიის სამხრეთ კედელი. საკურთხევლის აფსიდი გეგმით ნალისებრი ფორმოსაა. აფსიდში გაჭრილია თითქმის პარალელურწირთხლებიანი სარკმელი. საკურთხეველი 0,85 მეტრით არის შემაღლებული. მასზე ასასვლელად მოწყობილია 1 მეტრის სიგანის ოთხსაფეხურიანი კიბე. კიბის პირველი საფეხური შელესილია და წითლადაა შეღებილი. აფსიდს ირგვლივ შემოუყვება ერთსაფეხურიანი შემაღლება. სარკმლის ქვეშ, კედელზე მიდგმულია ქვით ნაგები მორკალული ფორმის ტრაპეზი. აფსიდის ჩრდილოეთ ბოლოსთან შემორჩენილი იყო აგურის კანკელის ნაშთები. ჩრდილოეთ ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის გასწვრივ, საფეხურით შემაღლებული ბაქანია, რომლის შუაში დგას ქვითა და აგურით ნაგები, კედელზე მიყრდნობილი, ოთხკუთხა ტრაპეზი. ხოლო სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში საკმაოდ განიერ, ღრმა, ნალისებრთაღოვანი ნიშაა. სამხრეთ ეკლესიიდან სამხრეთ აღმოსავლეთ სათავსში შესასვლელი კარის მარჯვნივ, კუთხეში, ნატეხი აგურებით ნაშენი ემბაზია. იგო შენობის ერთ-ერთი გადაკეთების დროინდელი უნდა იყოს. ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია ორ მრგვალ სვეტზე დაყრდნობილი, სამმალიანი თაღოვანი შესასვლელი. შემორჩენილია ორივე სვეტის ნაშთი. სვეტები ნაგებია ნატეხი ქვით და გალესილია კირის დუღაბის მტკიცე ხსნარით. ჩრდილოეთ ეკლესიის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილზე მთავარ ეკლესიაში შესასვლელი კარის დასავლეთ წირთხლამდე, შემორჩენილია კამარის ნაშთი. დანარჩენი კედელი კი, ამ დონეზე, ვერტიკალურია. შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეკლესიის დასავლეთ ნაწილში კამარა კედელზე მიშენებულ პილასტრებს და მათზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობოდა. ისევე როგორც სამხრეთ ეკლესიისა და დასავლეთ გარშემოსავლელის კამარები. ორივეში ოთხ-ოთხი პილასტრია შემორჩენილი. ეკლესიის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, მის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან, აუგიათ პატარა, ნახევარწრიულაფსიდიანი სამლოცველო. მისი ჩრდილოეთ კედელი დაშენებულია სადიაკვნის სამხრეთ კედლის ნაშთზე. სამლოცველოს თავდაპირველად სამი შესასვლელი ჰქონია: სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. მოგვიანებით კი ჩრდილოეთის და დასავლეთის კარი ამოუქოლავთ. ეკლესიის ეზო შემოზღუდული იყო დიდი ზომის რიყის ქვებითა და ნატეხი ქვის მშრალი წყობით ნაგები გალავნით, რომელიც სავარაუდოდ IX-X საუკუნეებით თარიღდება.
გალავანი ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან იწყება, მიემართება სამხრეთით და ჩადის ღელის პირამდე, საიდანაც იგი სწორი კუთხით უხვევს აღმოსავლეთისკენ და ღელეს გაუყვება. დაახლოებით 20 მეტრის შემდეგ უხვევს ჩრდილოეთისკენ და მრუდი ხაზით მიემართება ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხისაკენ. ეკლესიის ეზოში გავლებულ სადაზვერვო თხრილში აღმოჩნდა ოთხი რკინის განსხვავებული ფორმის ისრისპირი, რაც არ გამორიცხავს არც ქრონოლოგიურ სხვაობას და არც განსხვავებულ მეპატრონეს. ეს ფაქტი თავისთავად მიგვანიშნებს ძეგლის ტრაგიკულ ისტორიაზე. ეზოშივე ეკლესიის სამხრეთ კედლიდან, ღელის პირამდე გაითხარა სამაროვანი. სავარაუდოა რომ სამაროვანი ვრცელდებოდა ეკლესიის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მხარესაც. აღმოჩენილი იქნა თვრამეტი ხელუხლებელი და ათი დარღვეული სამარხი. ისინი ორ ფენად იყო განლაგებული. მათი ნაწილის სახურავები მიწიდან 0,3-0,4 მეტრ სიღრმეზე მდებარეობდა. სამარხთა დიდი ნაწილი ქვაყუთებია, რომლებიც ოთხივე მხრიდან შემოსაზღვრულია შედარებით სწორი ფილებით და გადახურული იყო მსგავსივე ოთხი-ხუთი ფილაქვით. სამარხთა ნაწილი გარშემოწყობილი იყო მოზრდილი, ბრტყელი რიყის ქვებით და გადახურული იყო ასეთივე ქვებით. ორი სამარხი უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვების რამდენიმე რიგით იყო ამოშენებული. ასევე, ორ შემთხვევაში დადასტურდა ორმოსამარხები და ნაჩქარევად დაფლული მიცვალებულები. სამარხთა დიდი ნაწილი ინდივიდუალურია, ნაწილში კი წყვილად დაკრძალვაა დაფიქსირებული. ზოგი ხელმეორედაა გამოყენებული და შესაძლოა მრავალგზისაც, ყველა სამარხი დაფლულია დასავლეთ-აღმოსავლეთისკენ. ჩონჩხების პოზა ქრისტიანულია – ზურგზე გაშოტილი, თავით დასავლეთისკენ, ხელები დაწყობილი აქვთ მკერდზე ან მუცლის არეში, ზოგჯერ ტანის გასწვრივ. სამარხთა უმეტესობა უინვენტაროა. აღმოჩენილ ინვენტარს შორის კი ჭარბობს მინის სამაჯურები: ცისფერი, შავი, ღვინისფერი, სადაღეროიანი, გრეხილღეროიანი, ბრტყელი, დიდი თუ მცირე ზომის. ასევე ნაპოვნი იქნა თხელკედლიანი მინის ჭურჭლის ფრაგმენტები, მინის და ფაიანსის, სარდიონის და სხვა მინერალების მძივები. ასევე სპილენძის ბეჭდები, აბზინდა, სამაჯური, რკინის დანა და სხვ. თიხის ნაწარმიდან დადასტურდა მოჭიქული ჯამების ფრაგმენტი, ჩამოღვენთილი ჭიქურით შემკული ფირუზისფერი და სოსანისფერი ხალებით რომელთა თარიღი IX-XI საუკუნეებით შეიძლება განისაზღვროს. ასევე XI-XII საუკუნეებისთვის დამახასიათებელი, ამოკაწრული ორნამენტით მორთული და ერთფერად მოჭიქული ჯამები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 412-414.