მაღრაანის ღვთისმშობლის ელესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაღრაანის ღვთისმშობლის ელესია — არქიტექტურული ძეგლი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში. აგებულია XVI-XVIII საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზული ნაგებობაა მისი ზომებია (9,5×6,4 მ). ნაგებია რიყის ქვის ჰორიზონტული წყობით. პილასტრები, საბჯენი თაღები, კამარა და კარ-სარკმლები აგურითაა გამოყვანილი. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. დასავლეთის კარი თაღოვანია და სწორკუთხა ჩაღრმავებაშია ჩასმული, რომელიც ხერხულა თავსართით სრულდება. სამხრეთის კარი აღდგენის დროს გაგანიერებული და ჰორიზონტალურად გადახურულია. ყველა კედელში თითო სარკმელია გაჭრილი. კედლები დასრულებულია აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნით. ეკლესია გადახურულია კრამიტით. აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდაა, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. სამხრეთი თაღის თავზე სწორკუთხა სამალავია, ჩრდილოეთი ნიშის გვერდით კი სათოფური. საკურთხეველში აგურით ნაგები ტრაპეზი დგას. აფსიდა დასრულებულია შეისრული კონქით, რომელიც პილასტრზე გადასულ ასეთივე ფორმის თაღს ეყრდნობა. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. დარბაზის გრძივ და დასავლეთის კედლის კუთხეებში წყვილი პილასტრია, რომელთა კაპიტლებზე დარბაზის შეისრული კამარის საბჯენი ასეთივე ფორმის თაღები გადადის. ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლების აღმოსავლეთ ნაწილში, სარკმლების ქვეშ სწორკუთხა ნიშია. კედლებში ჩართულია სათოფურები. იატაკი აგურფენილია. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ტაძრის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელზე, სარკმლის ზემოთ აგურის შეღრმავებით კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარია გამოყვანილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 13237