მარინა ალექსიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარინა ალექსიძე (დ. 22 ივნისი, 1949) — ქართველი ბალერინა, პედაგოგი, ბალეტმაისტერ-რეპეტიტორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წელს დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი. (პედაგოგები ვიხოდცევა და ჭაბუკიანი). 1975 წელს კი – ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი.

1967-1994 წლებში წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი იყო. მისი რეპერტუარი აღსანიშნავი და გამოსარჩევია: კიტრი („დონ კიხოტი“), ოდეტა-ოდილია („გედების ტბა“), მირტა („ჟიზელი“), გრან პა („რაიმონდა“), ბესი („პორგი და ბესი“, ლავროვსკის ქორეოგრაფია), დეზდემონა, ემილია („მავრის პავანა“ ხ. ლიმონის ქორეოგრაფია), კარმენი („კარმენ-სიუიტა“ ალონსოს ქორეოგრაფია), სოლო პარტიები ჯორჯ ბალანჩინის ბალეტში „სერენადა“, ალექსიძის ბალეტებში: კლიტემენსტრა („ორესტეა“), მედეა („მედეა“), ბახის „ჩაკონა“.

მარინა ალექსიძე 1988-1990 წლებში მუშაობდა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგად, ხოლო 1992-1994 წლებში იყო ბალეტმაისტერ გიორგი ალექსიძის ასისტენტი. შესრულებული აქვს სოლო და წამყვანი პარტიები საბალეტო დასის რეპერტუარის ყველა კლასიკურ და ნეოკლასიკურ დადგმაში. მონაწილეობდა გიორგი ალექსიძის ყველა საავტორო სპექტაკლში.

1994-2004 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის გამგე.

უნდა აღინიშნოს, რომ 1980 წელს მიენიჭა ხელოვნებაში შეტანილი წვლილითვის საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

1987-1997 წლებში მიწვეული იყო ტალინის, ეკატერინბურგის, ნოვოსიბირსკის, ალმა-ატის, ერევნის, კიშინოვის, დუშანბეს, კრასნოდარის ოპერისა და ბალეტის თეატრებში ბალეტმაისტერ-რეპეტიტორად.

2004 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორია, აღზარდა არაერთი თაობა.

აღსანიშნავია, რომ მარინა ალექსიძე არის მემკვიდრე გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიისა, რომელიც დაახლოებით სამასამდე ქორეოგრაფიულ დადგმას მოიცავს. სწორედ მასვე უნდა ვუმადლოდეთ გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის ვიდეოარქივის შენარჩუნება, რომელმაც ჩვენამდე თითქმის სრულად მოაღწია.

2011 წელს ალექსიძეების ოჯახმა დააფუძნა გიორგი ალექსიძის სახელობის „თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი“. მარინა ალექსიძე კი ამ ფონდის მიერ განხორციელებული ყველა პროექტის მთავარი კონსულტანტია. ეს ფონდი ეხმარება ახალგაზრდა ბალერინებს, განვითარებაში. გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის შენარჩუნება, მომავალი თაობებისათვის მისი გაზიარება და პოპულარიზაცია ფონდის მნიშვნელოვანი ამოცანაა. ასევე ამ ფონდის მიზანია საქართველოში თანამედროვე ბალეტის განვითარება და პოპულარიზაცია; ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც მოქმედ ქორეოგრაფებს და შემსრულებლებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში ხელს შეუწყობს.

2016 წლიდან მარინა ალექსიძე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ კამერული დასის მმართველი და მთავარი ბალეტმაისტერია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]