თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
ზოგადი ინფორმაცია
შენობის ტიპი საკონცერტო დარბაზი
არქიტექტურული სტილი ნეომავრიტანული სტილი
ქვეყანა საქართველო
ქალაქი თბილისი
მდებარეობა თბილისი[1]
მისამართი რუსთაველის გამზირი 25 / ლაღიძე რევაზის ქუჩა 1, თბილისი[1]
კოორდინატები 41°42′04″ ჩ. გ. 44°47′46″ ა. გ. / 41.701111° ჩ. გ. 44.796306° ა. გ. / 41.701111; 44.796306
მფლობელი თბილისის მუნიციპალიტეტი
დაიწყო 1851
დასრულდა 1896
არქიტექტორ(ებ)ი ჯოვანი სკუდიერი, ვიქტორ შრეტერი
საიტი
http://www.opera.ge

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი — ოპერის სახლი ქ. თბილისში, საქართველოს მთავარი მუსიკალური თეატრი, თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და ქალაქის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ცენტრი უკანასკნელი საუკუნენახევრის მანძილზე. დაარსდა 1851 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენა სპექტაკლიდან „გედების ტბა“

საქართველოში ოპერის თეატრის დაარსება იმ ზოგად პოლიტიკურ-კულტურული პროცესების უშუალო გამოძახილი და გაგრძელება იყო, რამაც იგი რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ მოიცვა და მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა კულტურული ცხოვრების და ეროვნულ-საგანმანათლებლო მოძრაობის გააქტიურების თვალსაზრისით.

1844 წელს საქართველოში დანიშნულმა კავკასიის მთავარმართებელმა, გენერალ-ფელდმარშალმა, დიპლომატმა გრაფმა მიხეილ ვორონცოვმა მრავალ, სხვადასხვა სახის კულტურულ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. 1845 წელს მან სტავროპოლიდან მოიწვია მსახიობთა დასი იაცენკოს ხელმძღვანელობით, რომელთაც სპეციალური სცენა გამოუყო. ამ მიზნით იაცენკომ მანეჟის შენობა გამოიყენა, რომელიც გადააკეთებინა საოპერო სცენად და შეიქმნა თეატრის დირექცია ცხრა კაცის შემადგენლობით. დასმა სპექტაკლების გამართვა 1845 წლის 20 სექტემბრიდან დაიწყო. წარმოდგენები კვირაში ორჯერ იმართებოდა და უმთავრესად ვოდევილებისა და კომედიებისაგან შედგებოდა.

1845–1846 წლების სეზონში თეატრში დირიჟორობდნენ კამენსკი და პეტროვი, შემდეგ მოიწვიეს მალაგანი და შენინგი.

1846 წლის 15 სექტემბერს მალაგანის ხელმძღვანელობით სპექტაკლის დაწყებამდე შესრულდა ობერის ოპერა „ფენელას“ უვერტიურა, ხოლო შესვენების დროს — მალაგანის სიმფონია, რაც ოპერისათვის განკუთვნილ სცენაზე სიმფონიური მუსიკის შესრულების პირველი პრეცედენტი იყო. შემდგომში ეს ტრადიციადაც კი იქცა. ვორონცოვმა მსახიობები საიმპერატორო თეატრებიდანაც მოიწვია. შემდგომში წარმოდგენები ქართულ ენაზეც ითარგმნებოდა.

1850 წლის 2 იანვარს დაიდგა გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“. ამ პროცესების პარალელურად თბილისში მუდმივი საოპერო თეატრი შენდებოდა. 1851 წლის გაზაფხულზე თბილისში მოწვეული იყო იტალიური საოპერო დასი იმხანად ცნობილი დირიჟორის ბარბიერის ხელმძღვანელობით, რომელმაც სამი თვის განმავლობაში თორმეტი საოპერო დადგმა განახორციელა. ამასთან დაკავშირებით ორკესტრი გამდიდრდა ახალი საკრავებით, ნოტებით. თბილისში ჩამოვიდნენ და დამკვიდრდნენ უცხოელი ორკესტრანტები.

1851 წლის 9 ნოემბერს თბილისის პირველი საოპერო სეზონიც გაიხსნა. წარმოდგენილი იყო გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, რომელსაც გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად, მასპინძლები ბარბიერის დასს და ოპერაში იმ საღამოს შეკრებილ საზოგადოებას მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ წამოუძღვნენ. ჭეშმარიტად სახალხო ზეიმად ქცეულმა სანახაობამ პირდაპირ მდინარე მტკვარში გადაინაცვლა, სადაც ტივებზე მოკალათებული ხალხი მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდა ოპერის თეატრის გახსნას თბილისში. არიებს იტალიური ოპერიდან დილამდე ენაცვლებოდა ადგილობრივი ქალაქური მუსიკის ჰანგები.

პირველ წარმოდგენას მოჰყვა „ერნანი“, „ნორმა“, „სევილიელი დალაქი“ და სხვა ოპერები. ამ შესანიშნავმა თეატრმა ახლად დადგმული საოპერო სპექტაკლებით მნიშვნელოვნად აამაღლა თბილისის კულტურული ცხოვრების საერთო დონე. თბილისელ მელომანთა შორის იტალიელი კომპოზიტორებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ბელინი, დონიცეტი, როსინი, ვერდი. ლამაზი საბალეტო სცენებით და ვირტუოზული ვოკალური ტექნიკის მდიდარ საოპერო სპექტაკლებს არ შეიძლებოდა არ მიეზიდა სანახაობებისადმი ემოციური დამოკიდებულებით გამორჩეული ტემპერამენტული აუდიტორია. მას ხიბლავდა მეიერბერის „ჰუგენოტები“ და „აფრიკელი ქალი“, ჰალევის „კარდინალის ქალიშვილი“, ობერის „ფენელა“. მოგვიანებით თბილისში საოცარ დაინტერესებას იჩენდნენ გერმანული ოპერის, კერძოდ რიხარდ ვაგნერის მუსიკის მიმართ. შესანიშნავია ისიც, რომ ევროპაში შექმნილი ყოველი მაღალმხატვრული საოპერო თხზულება ერთი ან ორი წლის შემდეგ უკვე თბილისის ოპერის სცენაზე იდგმებოდა.

თბილისი XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფაქტობრივად „ოპერომანიით“ იყო შეპყრობილი. ამ გარემოებამ გადაწყვიტა საოპერო დასის შექმნაც, რაც აუცილებელი იყო სრულფასოვანი დადგმების განსახორციელებლად. ამ მიზნით 1852 წელს, უკვე მეორე სეზონზე მოიწვიეს რუსული საბალეტო დასი პეტერბურგიდან, რომელმაც 1852 წლის 5 ოქტომბერს მაყურებელს შესთავაზა ტალიონის ბალეტ „სილფიდას“ II მოქმედების ნაწყვეტი და სხვადასხვა ცეკვები. ეს იყო პირველი საბალეტო წარმოდგენა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე. პირველი მთლიანი საბალეტო სპექტაკლი კი ბალეტმაისტერ მანოხინის მიერ დადგმული შმიდტის ბალეტი „გიტანა“ იყო, რომლის პრემიერა 1894 წლის 18 იანვარს შედგა. თეატრი არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ საოპერო სპექტაკლებით და 1860 წლის ზაფხულში ორკესტრი შენინგის და კატანის დირიჟორობით კონცერტებსაც მართავდა იმხანად ყველაზე დიდ, მუშთაიდის პარკში, აგრეთვე თბილისის სხვა შენობებში.

1874 წელს ოპერის შენობა დაიწვა, მიუხედავად ამისა დასმა მუშაობა არ შეწყვიტა და დროებით „საზაფხულო თეატრის“ სცენაზე გადაინაცვლა. ამ პერიოდმა 22 წელი გასტანა. თბილისის კულტურული ცხოვრება ახალ-ახალი ღირსშესანიშნავი მოვლენებით მდიდრდებოდა. თეატრის სცენაზე მუშაობა დაიწყო რუსულმა საოპერო დასმა; დაიდგა პეტრე ჩაიკოვსკის, ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის, ანტონ რუბინშტეინის ოპერები. თეატრის მხატვრული დონის ამაღლებას ხელი შეუწყო რუსი კომპოზიტორის — მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის მოღვაწეობამ, რომელიც თეატრს სათავეში 1883—1893 წლებში ედგა.

80-იან წლებში განსაკუთრებით გამოცოცხლდა ქალაქის საკონცერტო ცხოვრება. თბილისში კონცერტებით გამოდიოდნენ ცნობილი შემსრულებლები: გალი, პატი, ბარძი, მაზინი, კუბელიკი, ჩაიკოვსკი, რუბინშტეინი, რახმანინოვი, ზარუდნაია, იაკოვლევი, უსატოვი და ამ უკანასკნელის მოწაფე, დიდი რუსი მომღერალი ფიოდორ შალიაპინი.

თეატრის ახალი შენობა 1896 წლის 3 ნოემბერს მიხაილ გლინკას ოპერით „ივან სუსანინი“. ეს დადგმა განახორციელა რუსულმა საოპერო დასმა, რომლის რეპერტუარის წყალობით ქართული საზოგადოება რუს კომპოზიტორთა საოპერო ნაწარმოებებსაც გაეცნო.

სხვადასხვა დროს ამ სცენაზე ცნობილი საოპერო და საბალეტო დასები გამოდიოდნენ: იტალიური ოპერა (1897-98, 1910), ვენის საიმპერატორო ოპერეტა (1903), მოსკოვისა და პეტერბურგის კომიკური ოპერები (1907), პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი (1907-08, 1913); მღეროდნენ XIX—XX საუკუნეში მოღვაწე შესანიშნავი მომღერლები: შალიაპინი, სიბირიაკოვი, მოზჟუხინი, დავიდოვი, სობინოვი და სხვა. აღსანიშნავია, რომ 1905 წელს დაფუძნებულმა თბილისის ფილარმონიულმა საზოგადოებამ განახორციელა რუსული და დასვლეთ ევროპული ოპერების ქართულ ენაზე დადგმა, რაც საოპერო ხელოვნების შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესს უწყობდა ხელს და შესაბამისად, მოსახლეობის სულ უფრო ფართო ფენებს იზიდავდა. ყოველივე ამან და ქართულმა სასიმღერო თუ პოეტურმა ტრადიციამ ხელი შეუწყო ქართული ეროვნული ოპერის შექმნას, რომელსაც ახალი ქართული პროფესიული მუსიკის ისტორიის პირველი ეტაპი უკავშირდება.

შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპერის ძველი შენობა

ვორონცოვის თაოსნობით 1847 წლის 15 აპრილს საძირკველი ჩაეყარა ოპერის თეატრის მშენებლობას, რომელიც იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის ხელმძღვანელობით ოთხი წლის მანძილზე გრძელდებოდა და 1851 წლისათვის დასრულდა. ინტერიერი მოხატა და გააფორმა რუსმა მხატვარმა გ. გაგარინმა. თეატრი აიგო თბილისის ცენტრალურ, მაშინდელ ერევანსკის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი, ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორია). შენობის დაგეგმარების თავისებურება მშენებლობის პირობებით იყო ნაკარნახევი. მეფის ხაზინა უარს ამბობდა დაფინანსებაზე, ამიტომ კერძო პირს თბილისელ ვაჭარს ვინმე თამამშევს მიმართეს წინადადებით, რომ თეატრის გარდა შენობის დიდ ნაწილში სავაჭროები მოთავსდებოდა. ამასთან, მაღაზიები მის საკუთრებაში რჩებოდა, ხოლო თეატრი კი ქალაქს გადაეცემოდა. იტალიური რენესანსის სტილში აგებული მონუმენტური შენობა მაშინვე გაბატონდა მოედანზე.

ძველი შენობა, ხედი სოლოლაკის ქედიდან

მუსიკალური თვალსაზრისით ერთობ „ჭრელი“ ქალაქური ფოლკლორის პირობებში, თბილისის ოპერის თეატრი ქვეყნის კულტურული ყოფის უმნიშვნელოვანეს კერად გადაიქცა. ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი ოპერის თეატრი, რომელიც 800 მაყურებელს იტევდა, ფასადით და შიდა ინტერიერით იმხანად არსებულ ევროპის თეატრებს შორის არქიტექტურული იერით გამოირჩეოდა. 1851 წლის 12 აპრილს თეატრი გაიხსნა გრანდიოზული მეჯლისით, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოება დაესწრო. რამდენიმე თვეში XIX საუკუნის ერთ-ერთ პოპულარულ პარიზულ გაზეთში „ილუსტრასიონი“ (1851 წლის 25 ოქტომბერის ნომერი) დაიბეჭდა ედმონდ დე ბარესის ვრცელი სტატია თეატრის შიდა ხედის ორი სურათით. სტატიის ავტორი წერდა: „ქალაქის ეს ერთადერთი თეატრი, რომლის ინტერიერი მთლიანად მავრიტანული სტილითაა გაფორმებული, უდავოდ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ელეგანტურ, მოხდენილ და წარმტაც სათეატრო ნაგებობას, რისი აღქმაც ადამიანს შეუძლია.“

ძველი შენობა 1874 წლის 11 ოქტომბრის ხანძარმა გაანადგურდა, პრაქტიკულად არ გადარჩა არც ერთი დეკორაცია, კოსტიუმი, თუ რეკვიზიტი, ვერ მოხერხდა მდიდარი სანოტო ბიბლიოთეკის გადარჩენაც. შენობა იმდენად დაზიანდა, რომ გადაწყდა ახლის აშენება(აღადგინეს მხოლოდ ზედა ნაწილი, სადაც ქარვასლა მდებარეობდა).

ახალი შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

1896 წლის 3 ნოემბერს გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) დამთავრდა არქიტექტორ ვიქტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული ახალი — ე. წ. „სახაზინო თეატრის“ მშენებლობა, რომელიც 1200 კაცზე იყო გათვლილი (ეს არის დღევანდელი ოპერის თეატრის შენობა). თეატრის გეგმის პროტოტიპად რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის თეატრი იყო აღებული.

შენობის სახეს ისლამური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტების ერთობლიობა განსაზღვრავს (კედლის სიბრტყის დამანაწევრებელი მუქი და ღია ფერის ჰორიზონტალური ზოლები, სწორკუთხა ნიშაში ჩასმული შეისრული და ნალისებური ღიობები, სტალაქტიტური ფრიზები, სტუკოს ტექნიკით შესრულებული კედლის მონაკვეთები, მუშარაბიანი სარკმლები და სხვ.). ფასადის მთავარ აქცენტს წარმოადგენს უხვად შემკული ორსართულიანი პორტიკი. ინტერიერს ნაძერწ შემკულობასთან ერთად ფსევდო-მავრიტანული მოხატულობა და ელეგანტური წვრილი სვეტების და აჟურული კონსოლებისგან შემდგარი რკინის კონსტრუქციები ამკობს.

ახალ შენობასაც 1973 წელს ხანძარი გაუჩნდა, რომელმაც თითქმის მთლიანად დააზიანა ინტერიერი.

რეკონსტრუქცია ხანძრის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამწვარი ოპერა

ხანძრის შემდეგ თეატრის შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა (არქიტექტორები — მეძმარიაშვილი, ჩაჩანიძე). რეკონსტრუქციის ავტორებმა შეძლეს შენობის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილის შენარჩუნება, რომელსაც ქმნის ისრული თაღები, დეკორატიული კოშკურები, სტალაქტიკური მორთულობა, ორნამენტული მოტივები და ა. შ; შენარჩუნდა შენობის წინა ფასადი. ცვლილება განიცადა გვერდითმა ფასადებმა, ზოგ ადგილას დაემატა ერთი სართული. განსაკუთრებით შეიცვალა და გაიზარდა სცენის ნაწილი, საფუძვლიანად შეიცვალა მაყურებელთა დარბაზის ფორმა და იერსახე. თეატრის მაყურებელთა დარბაზი 1065 მაყურებელს იტევს. სცენის პორტალის ზომებია 16x10 მ. სცენას აქვს 4 მოძრავი ბაქანი. თეატრში ექვსი სარეპეტიციო დარბაზია, მათ შორის სამი საბალეტო, ორი საოპერო და ერთი — ორკესტრისთვის. საორკესტრო ორმოს კონსტრუქცია ასაწევ-დასაწევი იატაკით სიმფონიური კონცერტების ჩატარების საშუალებას იძლევა. თეატრის ფოიეში მდებარეობს შესანიშნავი დარბაზები, ე. წ. წითელი დარბაზი და სარკეებიანი დარბაზები, სადაც შეიძლება კამერული კონცერტებისა და სხვადასხვა სახის შეხვედრების გამართვა.
2010 წელს თეატრის შენობაში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები. მიმდინარეობს ძირითადი შენობის, დარბაზის, დამხმარე ნაგებობების, ყველა ფლიგელისა და დონის, ასევე გარე ტეორიტორიის სრული განახლება და რეკონსტრუქცია. თეატრს დაემატება ახალი ფუნქციის მქონე ობიექტები და ტერიტორიები. სცენა და ასევე ყველა საჭირო კომუნიკაცია აღჭურვილია უახლესი ცენტრალიზებული და კომპიუტერიზირებული მართვის სისტემით. განახლებული თეატრის გახსნა დაგეგმილია 2015 წლის გაზაფხულზე.

პირველი ქართული ოპერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი პირველი ქართული ოპერა იყო რევაზ გოგნიაშვილის „ქრისტინე“ (1918 წლის 17 ივნისი), თუმცა ამ ჟანრის პირველ კლასიკურ ნიმუშებად ითვლება 1919 წელს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგმული ოპერები: 5 თებერვალს — დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, 21 თებერვალს — ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, 11 დეკემბერს ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“. პირველი ქართული ოპერა დაკავშირებულია მელიტონ ბალანჩივაძის სახელთან. ფრაგმენტები მისი ოპერიდან „თამარ ცბიერი“ შესრულდა 1897 წლის 20 დეკემბერს პეტერბურგში, თუმცა სრული სახით თბილისის ოპერის სცენაზე მხოლოდ 1925-26 წლების სეზონში დაიდგა. ამ ოპერებმა პირველი წარმოდგენებიდანვე განსაზღვრა ქართული საოპერო თეატრის ეროვნული სახე. სწორედ მათში ავლენდნენ თავიანთ განსაკუთრებულ თვისებებს ქართული ვოკალური სკოლის საუკეთესო წარმომადგენლები: ვანო სარაჯიშვილი, სანდრო ინაშვილი, ნიკო ქუმსიაშვილი, დავით ანდღულაძე, პეტრე ამირანაშვილი, დავით გამრეკელი, დავით მჭედლიშვილი, ბათუ კრავეიშვილი, ნადეჟდა ხარაძე, ნადეჟდა ცომაია, ვერა დავიდოვა, მერი. ნაკაშიძე და სხვები.

1937 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ქართველი კლასიკოსის ზაქარია ფალიაშვილის სახელს ატარებს. თეატრი ამაყობს ისეთი შესანიშნავი მომღერლებით, როგორებიც არიან: ლამარა ჭყონია, მედეა ამირანაშვილი, თამარ გურგენიძე, ცისანა ტატიშვილი, მაყვალა ქარსაშვილი, ზურაბ ანჯაფარიძე, ნოდარ ანდღულაძე, ზურაბ სოტკილავა, პაატა ბურჭულაძე, თემურ გუგუშვილი, ლიანა კალმახელიძე, ჯემალ მდივანი, ელდარ გეწაძე, ვალერიანო გამგებელი (ესპანეთი), ლადო ათანელი (გერმანია), ნაირა გლუნჩაძე (გერმანია), ეთერ ჭყონია (ეთერ ლამორისი, ესპანეთი), იანო ალიბეგაშვილი (იანო თამარი, იტალია), შალვა მუქერია (ავსტრია), რომელიც სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდნენ ქართველი დირიჟორები: ივანე ფალიაშვილი, ევგენი მიქელაძე, ოდისეი დიმიტრიადი, ვახტანგ ფალიაშვილი, დიდიმ მირცხულავა, ზაქარია ხუროძე, ჯანსუღ კახიძე, გივი მუნჯიშვილი; რეჟისორები: ალექსანდრე წუწუნავა, კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ვახტანგ ტაბლიაშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, გიგა ლორთქიფანიძე; მხატვრები: ვ. სიდამონ-ერისთავი, სერგო ქობულაძე, თამარ აბაკელია, სიმონ ვირსალაძე, ივანე ასკურავა.

30-იანი წლებიდან ქართული ოპერები გასცდა საქართველოს ფარგლებს. ამიერიდან ისინი იდგმებოდა არა მხოლოდ თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე, არამედ საზღვარგარეთაც (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი, გერმანია, ბულგარეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი). 1966 წელს თბილისის ოპერის თეატრმა მონაწილეობა მიიღო უნგრეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში — „სეგედის საერთაშორისო თამაშობანი“ და საფრანგეთში გამართულ პარიზის მუსიკის IV საერთაშორისო ფესტივალში, სადაც წარმოადგინა ალექსი მაჭავარიანის „ოტელო“ და დავით თორაძის „გორდა“.

საქართველოს დიდი მეგობრის ჰერმან ვედეკინდის ინიციატივით 1974 წელს გერმანიის ქალაქ საარბრიუკენში, ქართულ კულტურულ დღეებზე ადგილობრივი ოპერის თეატრის სცენაზე ქართულმა სადადგმო შემოქმედებითმა ჯგუფმა განახორციელა „აბესალომ და ეთერისა“ და „დაისის“ დადგმები. გივი აზმაიფარაშვილის დირიჟორობით შედგა ოთარ თაქთაქიშვილის ოპერის „მინდიას“ პრემიერა.

რეპერტუარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრის რეპერტუარში მსოფლიო საოპერო და საბალეტო კლასიკასთან ერთად წლების მანძილზე წარმოდგენილი იყო ქართველი კომპოზიტორების შალვა მშველიძის, ანდრია ბალანჩივაძის, ალექსი მაჭავარიანის, რევაზ გაბიჩვაძის, ოთარ თაქთაქიშვილის, დავით თორაძის, რევაზ ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის ნაწარმოებებით. სპექტაკლებს დგამენ რეჟისორები გიგა ლორთქიფანიძე, გიზო ჟორდანია, გურამ მელივა, რობერტ სტურუა, დავით საყვარელიძე. მხატვრები: ფარნაოზ ლაპიაშვილი, იური გეგეშიძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, მურაზ მურვანიძე. ბოლო წლების მანძილზე საგასტროლოდ ჩამოსულ შემსრულებლებს შორის აღსანიშნავია მანუელ ბელტრანი, ბარი ანდერსონი, ელენე ობრაზცოვა, სერგეი ფილინი, სან-ფრანცისკოს საბალეტო დასი.

დასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982—2002 წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი იყო ქართველი მუსიკოსი და საზოგადო მოღვაწე ჯანსუღ კახიძე. ამჟამად თეატრის შტატი 780 თანამშრომელს მოიცავს. საოპერო დასში გაერთიანებულია 46 ვოკალისტი, გუნდში 78 მომღერალი, საბალეტო დასში 70 მოცეკვავე, ორკესტრში 121 მუსიკოსი. თეატრთან არსებობს სამხატვრო-საწარმოო სახელოსნოები სადაც მზადდება სპექტაკლებისათვის აუცილებელი მაკეტები, სასცენო დეკორაციები, იკერება კოსტიუმები.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ბადრი მაისურაძე, მთავარი დირიჟორი - ჯანლუკა მარჩიანო, ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი — ნინო ანანიაშვილი.

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალექსანდრე დიუმა (უფროსი), რომელიც 1859 წელს ეწვია თბილისს, თავის წიგნში „მოგზაურობა კავკასიაში“ აღნიშნავდა: „ჩემი ცხოვრების მანძილზე მე თითქმის ყველა თეატრი მოვინახულე, მაგრამ ვერც ერთი მათთგანი ვერ შეედრება სილამაზით თბილისის თეატრს“.
  • ქართული კულტურისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩაიკოვსკის ხუთგზის სტუმრობას საქართველოში 1886—1890 წლებში. რუსი კომპოზიტორი მუდამ აღფრთოვანებული რჩებოდა ქართული საზოგადოების დამოკიდებულებით ოპერის და ზოგადად აკადემიური მუსიკისადმი. იგი საგანგებოდ უსვამდა ხაზს მისი ოპერებისადმი არსებულ ცხოველ ინტერესს საქართველოში — „ჩემი ოპერები აქ უფრო ხშირად იდგმება და უფრო უყვართ, ვიდრე სხვაგან“.
  • თბილისის ოპერის სცენაზე დაიწყო პროფესიული სასცენო მოღვაწეობა, ცნობილმა რუსმა ოპერის მომღერალმა ფიოდორ შალიაპინმა. 1893-94 წლის სეზონში შეასრულა მეფისტოტელის (გუნოს „ფაუსტი“) და მეწისქვილის (დარგომიჟსკის „ალი“) პარტიები.
  • 1905-1907 წლებში თბილისის ოპერის სცენაზე გამოდიოდა უდიდესი იტალიელი ბარიტონი ტიტა რუფო. მომღერალი ავტობიოგრაფიულ წიგნში „ჩემი ცხოვრების პარაბოლა” თავად იხსენებს ამ ფაქტს.
  • ოპერის ბაღში დაკრძალულნი არიან: ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი და კლასიკოსი ზაქარია ფალიაშვილი; ქართველი ტენორები ვანო სარაჯიშვილი და ზურაბ ანჯაფარიძე.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, მეორე გამოცემა, 2006, ISBN 99940-0-923-0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Wiki Loves Monuments monuments database — 2017.