მარინა აბრამოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მარინა აბრამოვიჩი
Marina Abramović. The Cleaner (45524492341).jpg
აბრამოვიჩი 2018 წელს
დაიბადა 30 ნოემბერი, 1946 (1946-11-30) (74 წლის)
დაბადების ადგილი ბელგრადი, სერბეთი, იუგოსლავია
მიმდინარეობა კონცეპტუალიზმი
საიტი mai.art

მარინა აბრამოვიჩი (30 ნოემბერი, 1946) — სერბი კონცეპტუალისტი და პერფორმანს არტისტი, ფილანტროპი,[1] მწერალი და კინორეჟისორი.[2] მისი შემოქმედება შემსრულებელსა და მაყურებელს შორის ურთიერთობასა და სხეულისა და გონების შესაძლებლობებს იკვლევს.[3] მან პერფორმანსში მაყურებლის მონაწილეობის ახალი ცნება შემოიღო, რაც „ტკივილთან, სისხლთან და სხეულის შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაპირისპირებაზე“ ფოკუსირებას გულისხმობს.[4]

ადრეული ცხოვრება, განათლება და სწავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბრამოვიჩი 1946 წლის 30 ნოემბერს დღევანდელ სერბეთში, ბელგრადში, დაიბადა. მისი მშობლები მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იუგოსლავიის მებრძოლი პარტიზანები იყვნენ.[5] ომის შემდეგ ორივე მათგანმა „ეროვნული გმირის“ წოდება მიიღო და იუგოსლავიის მთავრობაში თანამდებობა მოიპოვა.[6]

აბრამოვიჩი ექვს წლამდე ბებია-ბაბუამ გაზარდა.[7] როცა იგი ექვსი წლის იყო, მისი ძმა დაიბადა, რის შემდეგაც იგი მშობლებთან გადავიდა. აბრამოვიჩი სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, ფრანგულ და ინგლისურ ენებს. იგი ხელოვნებით იყო დაინტერესებული და ხშირად ხატავდა.[6]

მშობლების სახლში აბრამოვიჩი დედის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.[8] 1998 წლის ინტერვიუში იგი იხსენებს: „დედაჩემს მე და ჩემი ძმა სამხედრო რეჟიმის მსგავსი კონტროლის ქვეშ ვყავდით. 29 წლამდე სახლიდან 10 საათის შემდეგ გასვლის უფლება არ მქონდა... ყოველი პერფორმანსი, რომელიც იუგოსლავიაში ჩავატარე, 10 საათამდე მთავრდებოდა, რადგან ამ დროისთვის სახლში უნდა ვყოფილიყავი. სრულიად გიჟურად ჟღერს, თუმცა საკუთარი თავის დაჭრა, გამათრახება, დაწვა, ‒ ეს ყველაფერი 10 საათამდე გავაკეთე.“[9]

2013 წლის ინტერვიუში აბრამოვიჩმა განაცახა: „დედაჩემსა და მამაჩემს საშინელი ქორწინება ჰქონდათ.“[10] მან გაიხსენა შემთხვევა, როცა მამამისმა 12 შამპანურის ბოთლი დაამსხვრი და სახლიდან წავიდა, რასაც „თავისი ბავშვობის ყველაზე საშინელი მომენტი“ უწოდა.[10]

1965-1970 წლებში აბრამოვიჩი ბელგრადში ნატიფი ხელოვნების აკადემიიის სტუდენტი იყო. 1972 წელს მან მაგისტრის ხარისხი მიიღო, რის შემდეგაც 1973-1975 წლებში ნატიფი ხელოვნების აკადემიაში ქალაქ ნოვი-სადში ასწავლიდა. ამ პერიოდში მან პირველი სოლო პერფორმანსების ჩატარება დაიწყო.[11]

1971-1976 წლებში აბრამოვიჩი ნეზა პარიპოვიჩზე იყო დაქორწინებული. 1976 წელს იგი ამსტერდამში პერფორმანსის ჩასატარებლად წავიდა,[12] სადაც მუდმივად დარჩენა გადაწყვიტა.

1990-1995 წლებში აბრამოვიჩი პარიზის ნატიფი ხელოვნების აკადემიისა და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი იყო. 1992-1995 წლებში იგი მოწვეული პროფესორი იყო ჰამბურგის ნატიფი ხელოვნების უნივერსიტეტში. 1997-2004 წლებში აბრამოვიჩი ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლეს სკოლაში პერფორმანს-არტის პროფესორი იყო.[13][14]

2016 წელს აბრამოვიჩმა განაცახა, რომ ცხოვრების მანძილზე აბორტი სამჯერ გაიკეთა და აღნიშნა, რომ ბავშვების ყოლა „მისი საქმისთვის საშინელება იქნებოდა“.[15][16]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიტმი 10, 1973[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

photograph
აბრამოვიჩი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 2010 წელს

აბრამოვიჩმა პირველი პერფორმანსი 1973 წელს ედინბურგში ჩაატარა,[17] რომელზეც იგი რიტუალისა და ჟესტიკულაციის ელემენტებს იკვლევდა. პერფორმანსისთვის მან ოცი დანა და ორი ხმისჩამწერი აპარატი გამოიყენა. იგი დანას თითებს შორის რიტმულად ირტყავდა და როცა სისწრაფისგან დანა ხელში ესობოდა, იმავეს მომდევნო დანით აგრძელებდა. იგი ყველაფერს ხმისჩამწერ აპარატზე იწერდა. დანების ამოწურვის შემდეგ ჩანაწერს ისმენდა და ცდილობდა, ქმედებები ზუსტად იმავენაირად გაემეორებინა და იგივე შეცდომები დაეშვა. ამ პერფორმანსით აბრამოვიჩი სხეულის ფიზიკურ და მენტალურ ლიმიტებს იკვლევდა. რიტმი 10-ის შემდეგ მან პერფორმერის ცნობიერების მდგომარეობის გააზრება დაიწყო, რის შესახებაც განაცხადა: „როდესაც პერფორმანსის მდგომარეობაში ხვდები, შენ შეგიძლია უბიძგო შენს სხეულს, გააკეთოს ისეთი რამ, რასაც ჩვეულებრივ გარემოში ვერასდროს გააკეთებდი.“[18]

რიტმი 5, 1974[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ პერფორმანისთვის აბრამოვიჩმა ხუთქიმიანი ვარსკვლავის ხის კონსტრუქცია გამოიყენა. პერფორმერმა კონსტრუქციას ცეცხლი მოუკიდა, რის შემდეგაც დაიჭრა ხელისა და ფეხის ფრჩხილები, თმა შეიჭრა და ეს ყველაფერი ცეცხლში ჩაყარა. ვარსკვლავი კომუნისტური სიმბოლო იყო და მისი დაწვა ფიზიკურ და მენტალურ განწმენდას გამოხატავდა. პერფორმანსის ფინალურ ნაწილში აბრამოვიჩი კონსტრუქციის ცენტრში დაწვა, სადაც მან გამონაბოლქვის გამო გონება დაკარგა. როცა ცეცხლი ჩაიწვა და პერფორმერი კვლავ გაუნძრევლად იწვა, მაყურებელმა მხოლოდ მაშინღა გააცნობიერა მომხდარი, რის შემდეგაც აბრამოვიჩს შესაბამისი დახმარება გაუწიეს.

მოგვიანებით აბრამოვიჩმა ამ პერფორმანსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: „ძალიან გავბრაზდი, როცა ფიზიკურ ლიმიტს გადავცდი. როცა ცნობიერებას კარგავ, პერფორმანსის შესრულება აღარ შეგიძლია.“[19]

რიტმი 2, 1974[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიტმი 2 ზაგრების თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ჩატარდა. პერფორმანსი ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ნაწილში, რომელიც ხანგრძლივობა 50 წუთი იყო, აბრამოვიჩმა მიიღო მედიკამენტები, რომლებსაც, როგორც თავად აღწერა, „კატატონიით დაავადებულ პაციენტებს აძლევენ, რათა სხეულის პოზიციის შეცვლა აიძულონ.“ მედიკამენტების მიღების შემდეგ აბრამოვიჩმა საკუთარ სხეულზე კონტროლი სრულად დაკარგა, ამასთანავე კი სრულად ინარჩუნებდა ცნობიერებას. ათწუთიანი შესვენების შემდეგ მან მორიგი მედიკამენტები მიიღო, რომლებსაც „შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებს დასამშვიდებლად აძლევენ.“ პერფორმანსი ხუთი საათი გაგრძელდა, სანამ მედიკამენტებს მოქმედების ვადა არ გაუვიდა.[20][21][22]

რიტმი 0, 1974[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერფორმერსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის საზღვრების გასაგებად, აბრამოვიჩმა ნეაპოლში სტუდია მორაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერფორმანსი ჩაატარა, რომელშიც თავად პასიურ როლს ასრულებდა, მაყურებელს კი ყველაფრის უფლება ჰქონდა.

აბრამოვიჩი დარბაზის ცენტრში გაუნძრევლად იდგა. მაგიდაზე 72 სხვადასხვა საგანი ეწყო, მათ შორის იყო ვარდი, თაფლი, სუნამო, ლურსმანი, მაკრატელი, სკალპელი და ცეცხლსასროლი იარაღი. მაყურებელს აბრამოვიჩის სხეულთან მიმართებით ამ ნივთების გამოყენება სურვილისამებრ შეეძლო. აბრამოვიჩის მიზანი იყო გაეგო, თუ რას მოიმოქმედებდნენ ადამიანები ამგვარ სიტუაციაში.[23]

მაგიდაზე განთავსებული ინსტრუქცია იტყობინებოდა:

მაგიდაზე 72 ნივთი დევს, რომლებიც ჩემს მიმართ შეგიძლიათ ისე გამოიყენოთ, როგორც მოისურვებთ.
პერფორმანსი:
მე ნივთი ვარ.
ამ დროის მანძილზე საკუთარ თავზე ვიღებ მთელ პასუხისმგებლობას.
შოუს ხანგრძლივობა: 6 საათი.[24]

მარინა აბრამოვიჩი პიბოდის 72-ე დაჯილდოებაზე 2013 წელს

თავდაპირველად ადამიანები პასიურობდნენ და ფრთხილად იქცეოდნენ, ხოლო, როცა თანდათან გააცნობიერეს, რომ ქმედებებში შეზღუდულნი არ იყვნენ, სისასტიკის გამოვლენა დაიწყეს. ხელოვნების კრიტიკოსი კომას მაკკეილეი, რომელიც პერფორმანსს ესწრებოდა, იხსენებს:

„ყველაფერი მსუბუქად დაიწყო. ვიღაცამ მხოლოდ შეაბრუნა აბრამოვიჩი, ვიღაცამ ხელი აუწია, ვიღაც კი ინტიმურ ადგილებზე შეეხო, შემდეგ სიტუაცია საგრძნობლად დამძიმდა. სამი საათის შემდეგ, სამართებლით ტანსაცმელი გაუჭრეს, ოთხ საათში კი სამართებელმა მის კანზე გადაინაცვლა. აბრამოჩი ისე იყო გატაცებული იდეით, რომ ალბათ გაუპატიურების ან მოკვლის საფრთხის წინაშეც არავის გაუწევდა წინააღმდეგობას.

სიტუაცია უმართავი გახდა, როცა აბრამოვიჩს საკუთარი თავისთვის მიაშვერინეს დატენილი იარაღი, რომელიც ორგანიზატორმა სასწრაფოდ გაატანინა. ექვსი საათის შემდეგ, როცა გამოცხადდა, რომ პერფორმანსი დასრულდა, მაყურებელმა დარბაზი მაშინვე დატოვა.[25] შოუს შესახებ აბრამოვიჩი იხსენებს:

ვისწავლე, რომ თუ ადამიანებს გადაწყვეტილების უფლების მიღებას მისცემ, შეიძლება მოგკლან კიდევ... თავს ძალადობის მსხვერპლად ვგრძნობდი: მათ ტანსაცმელი დამიჭრეს, მუცელში ვარდის ეკლების შემასეს, ერთმა იარაღი შუბლზეც კი მომადო. ატმოსფერო აგრესიული განწყობით აივსო. ექვსი საათის შემდეგ, როცა ხალხისკენ მოძრაობა დავიწყე, ყველამ თავი ამარიდა, რათა ჩემთან რეალურ დაპირისპირებას გაქცეოდნენ.[26][27]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Marina Abramović | Exhibition | Royal Academy of Arts.
  2. РТС :: Марина Абрамовић: Ја сам номадска екс-Југословенка! (2016).
  3. Roizman, Ilene (2018). „Marina Abramovic pushes the limits of performance art“. Scene 360.
  4. Demaria, Cristina (2004). „The Performative Body of Marina Abramovic“. European Journal of Women's Studies. 11 (3): 295. doi:10.1177/1350506804044464. S2CID 145363453.
  5. Marina Abramović. Lacan.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 17, 2013. ციტირების თარიღი: მარტი 14, 2021.
  6. 6.0 6.1 O'Hagan, Sean (October 2, 2010). „Interview: Marina Abramović“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077.
  7. „Marina Abramović: The grandmother of performance art on her 'brand'. The Independent (ინგლისური).
  8. „Biography of Marina Abramović – Moderna Museet i Stockholm“. Moderna Museet i Stockholm (ინგლისური).
  9. Quoted in Thomas McEvilley, "Stages of Energy: Performance Art Ground Zero?" in Abramović, Artist Body, [Charta, 1998].
  10. 10.0 10.1 Ouzounian, Richard (May 31, 2013). „Famous for The Artist Is Present, Abramovic will share The Life and Death of Marina Abramovic and more with Toronto June 14 to 23“. The Toronto Star. ISSN 0319-0781.
  11. „Marina Abramovic“. Moderna Museet.
  12. Marina Abramović. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 21, 2015. ციტირების თარიღი: მარტი 14, 2021.
  13. Biografie von Marina Abramović – Marina Abramović auf artnet.
  14. Marina Abramović CV | Artists | Lisson Gallery.
  15. Marina Abramovic had three abortions because children would have been a 'disaster' for her art.
  16. Marina Abramović says having children would have been 'a disaster for my work'.
  17. Media Art Net – Abramovic, Marina: Rhythm 10.
  18. Kaplan, 9
  19. Daneri, 29
  20. Dezeuze, Anna; Ward, Frazer (2012) "Marina Abramovic: Approaching zero", The "Do-It-Yourself" Artwork: Participation from Fluxus to New Media. Manchester: Manchester University Press, გვ. 132–144. ISBN 978-0-7190-8747-9. 
  21. Pejic, Bojana; Abramovic, Marina; McEvilley, Thomas; Stoos, Toni (1998) Marina Abramovic: Artist Body. Milano: Charta. ISBN 978-88-8158-175-7. 
  22. Danto, Arthur; Iles, Chrissie; Abramovic, Marina (2010) Marina Abramovic: The Artist is Present, Klaus Biesenbach (ed.), Second Printing, New York: The Museum of Modern Art, New York. ISBN 978-0-87070-747-6. 
  23. Abramović 2014, c. 00:00 mins.
  24. Ward 2012, p. 119.
  25. Abramović 2014, c. 01:45 mins.
  26. Audience To Be en-US (2019-02-11).
  27. Daneri, 29; and 30