მარიამ დადიანი ანჩაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მარიამ დადიანი ანჩაბაძე (დ. 18 დეკემბერი, 1870, სოფელი სვირი — გ. 1959) — ქართველი საზოგადო მოღვაწე. სწორედ ამ ოჯახში 26 წლით ადრე დაიბადა მისი მამა სახელოვანი საზოგადო მოღვაწე და მწერალი ნიკო ტარიელის ძე დადიანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიამ დადიანი ანჩაბაძე დედის ადრე გარდაცვალების გამო, მარიამისა და მისი ძმის, შალვა დადიანის აღზრდით მათი მამა ნიკო დადიანი იყო დაკავებული, რომელმაც შვილებს საშუალო განათლება ოჯახშივე მისცა.

აღსანიშნავია, რომ მარიამი ცნობილ აფხაზ საზოგადო მოღვაწე თარაშ (ტარას) ანჩაბაძეზე დაქორწინდა. სწორედ ამის შემდგომ, იგი აქტიურად ჩაერთო სოხუმის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. სწორედ, რომ მარიამ ანჩაბაძის ინიციატივით, 1903 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილება ჩამოყალიბდა, რომლის გამგეობასაც წლების მანძილზე იგი უცვლელად თავმჯდომარეობდა. სწორედ აღნიშნულმა საზოგადოებამ 1910 წელს სოხუმში ქართული სკოლა დაარსა. მარიამ ანჩაბაძის დაუღალავი მცდელობის და შრომის შედეგია, რომ მან 1900 წლიდან რუსებს სამოქალაქო სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება შემოაღებინა. მარიამ დადიანი ანჩაბაძე სოხუმში ცხოვრების დროს არაერთ ცნობილ აფხაზ და ქართველ მოღვაწესთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის: გიორგი შარვაშიძესთან, თედო სახოკიასთან, სპირიდონ ნორაკიძესთან, ივანე გეგიასთან და სხვა.

მარიამის ხელშეწყობით, სოხუმში ადგილობრივი ძალებით წარმოდგენები და საღამოები იმართებოდა, ხოლო თბილისისა და ქუთაისის სათეატრო დასებთან თანამშრომლობით, პერიოდულად ქართული სპექტაკლები იდგმებოდა. აღნიშნული ღონისძიებებიდან შემოსული თანხები კი ხშირ შემთხვეავში ისევ საზოგადოებრივ აქტივობებს ხმარდებოდა.

"უზენაესის განგებისგან ჩვენს სარწმუნოებაში უდიდესი დანიშნულება აქვს ქალს. ღვთის მშობელი ქალი იყო. ხოლო, როდესაც პატარა იყო ეს ქალი, მისმა მშობლებმა ტაძრად მიიყვანეს და იქ კი ეს პატარა მარიამი მღვდელმთავარმა შეიყვანა წმინდათა-წმინდაში, სადაც გარდა სასულიერო პირებისა იმ დროში თვით მამა კაცსაც აღკრძალული ჰქონდათ შესვლა....დღეს კი თვით ეხლანდელი რევოლუციაც, რომ არ მომხდარიყო და სხვათა შორის მას ქალთა გათანასწორების ლო ზუნგიც არ გამოეტანა, სჯული ქრისტესი გვასწავლიდა ამას. ამისათვის ქალები უსათუოდ მოვითხოვთ სარწმუნოების საქმეში, სასულიერო უწყებაში სათანადო ადგილის დაჭერას და მე პირადათ როგორც სოხუმელ ქართველ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე უსათუოდ ვიცავ გათანასწორების პრინციპს და მოვითხოვ, რომ სასულიერო უწყებაში ქალებს მიენიჭოს არამც თუ მარტო მედავითნეობა არამედ მიეცეთ უფლება ეკლესიაში ქადაგებისა და საზოგადოთ სამისიონერო მოვალეობათ აღსრულებისა, მხოლოდ, როგორც მორწმუნე ქალს ტრადიციით შეუძლებლად მიმაჩნია ქალი ეკურთხოს მღვდლათ, ან ხელდასხმული იქმნეს მღვდელმთავრად და საზოგადოთ აღასრულოს ღვთის მსახურება, რადგან დღევანდელი ჩვენი რწმენის მიხედვით მღვდელი და მღვდელმთავარნი არიან ქრისტესა და მოციქულების მაგიერნი და მამაკაცთ უფრო შეჰფერით მათი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ #27, 19 ოქტომბერი, 1917. სიტყვა თქმული მარიამ ანჩაბაძის მიერ ქ. თბილისში საკათალიკოსო კრებაზე 15 სექტემბერს, 1917.