მარეხ გოძიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარეხ გოძიაშვილი (დ. 30 დეკემბერი, 1926 — გ. 2017) — ქართველი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი (1968).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარეხ გოძიაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1948 წელს.

დები იშხნელების პოპულარულობის შედეგად, ორმოცდაათიან წლებში ბევრი აკუსტიკური დუეტი, ტრიო და კვარტეტი წარმოიქმნა. გამოჩნდნენ ახალი მუსიკოსები, მათ შორის რა თქმა უნდა იყო მარეხ გოძიაშვილი, რომელიც სწორედ ამ სასიმღერო ფორმატს გაჰყვა და ის თანამედროვე ქართული მუსიკის ერთ-ერთ მთავარ განშტოებად აქცია.

1953 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი. სწორედ ამავე წელს დაარსდა ვოკალურ–საკრავიერი ტრიო, რომელსაც დიდხანს ხელმძღვანელობდა. ის ქართველ კომპოზიტორთა მრავალი სიმღერის პირველი შემსრულებელი გახლდათ. მარეხ გოძიაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ქალაქური სიმღერის პროპაგანდაში. ის ხშირად მართავდა კონცერტებს სსრკ ქალაქებსა და საზღვარგარეთ, მათ შორის იყო არაერთი გასტროლი (დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ეგვიპტე, ინდოეთი, კუბა, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, თურქეთი და სხვა).

მარეხ გოძიაშვილის მიერ შესრულებული სიმღერებიდან პოპულარობით სარგებლობდა – მილორავას „ყვავილებში დამეკარგე“, „შემირიგდი“, გოგი ცაბაძის „გამოღმით შენ ხარ“, მისი საკუთარი „წაღვერი და თბილისი“ და „მაგნოლია“ (იოსებ ნონეშვილის ლექსებზე). 1957 წელს მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI და 1959 წლის ვენის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი.

გამორჩეულია მარეხ გოძიაშვილის და ტრიო „ლილეს“ შესრულებული სიმღერები.

აღსანიშნავია, რომ მარეხ გოძიაშვილს ჰქონდა სასიამოვნო ტემბრის ხმა. ის იყო ნამდვილი ეროვნული კოლორიტის, განსაკუთრებით კი ქალაქური ფოლკლორის გრძნობით დაჯილდოებული. მის მიერ შექმნილ ტრიოს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ქართული ქალაქური სიმღერის საუკეთესო ნიმუშების პროპაგანდაში. მასთან ერთად აღნიშნულ ტრიოში მღეროდნენ: კოტე მაკარიძე და ამირან ებრალიძე.

მარეხ გოძიაშვილის სიმღერებიდან აღსანიშნავია და დღემდე პოპულარულია „გაზაფხული“, „გამიგონია“.

ასევე გოძიაშვილის მიერ შესრულებული სიმღერებიდან გამორჩეულია და პოპულარულია დღესაც - „წაღვერი და თბილისი“, რომლის არაერთი ვერსია არსებობს ქართული ესტრადის მომღერლების მიერ შესრულებული, მაგალითად ნინო ჩხეიძის ვარიანტი.

1968 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება.

1977 წელს ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთავის, დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. მარეხ გოძიაშვილი ასევე 2010 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. მასთან ერთად ეს წოდება, ამ წელს არაერთმა ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა მიიღო, მათ შორის აღსანიშნავია თეიმურაზ წიკლაური.

მარეხ გოძიაშვილი გარდაიცვალა 2017 წელს, 90 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი., გვ.,396-397

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]