შინაარსზე გადასვლა

მამხუტის ზედა ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მამხუტის ზედა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში (ყოფილი სარაჩლო), სოფლის განაპირას, ზღვის დონიდან 707 მეტრზე. ეკლესია აგებულია VI საუკუნეში.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა, რომელსაც აქვს ერთნავიანი მინაშენი ჩრდილოეთის კედელზე. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ადგილობრივი ქვა, რომელიც დუღაბითაა ნაშენი, ხოლო სამშენებლო წყობა თარაზულია. ეკლესიის ფასადზე გამოხატულია ცხოველების რელიეფური გამოსახულებები. შენობა გადახურულია კრამიტით. ფასადების მორთულობა რელიეფურია. ტაძარი დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. სარკმლის თავსართებზე და ლავგარდანზე (იგივე კარნიზი) გამოსახულია გეომეტრიული ორნამენტები. კარნიზი აგურისგანაა გამოყვანლი და ერთსაფეხურიანია. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში მდებარე კარი სწორკუთხა ანუ არქიტრავულია. ტაძრის ძირითადი დარბაზსა და ასევე ჩრდილოეთის მინაშენის სარკმლები თაღოვანია. დარბაზის აღმოსავლეთში მდებარე საკურთხეველი ნახევრაწრიული ნალსებური აფსიდითაა გადახურული. საკურთხეველში მდებარე ნიშა სწორკუთხაა.

ეკლესიის შიდა გადახურვა ცილინდრულია. აფსიდი სრულდება კონქით. ეკლესიის კედელს გრძივი თაღები დაუყვება. პილასტრები სრულდება ორნამენტირებული სვეტისთავებით. ეკლესია რესტავრირებულია. აღმოსავლეთი სარკმლის თავზე წვრილი ორნამენტირებული წარბია, რომლის თავზეც ბოლნური ჯვარია გამოკვეთილი. ეკლესია ამჟამად ძალზედ დაზიანებულია.

მამხუტის ზედა ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]