მაკენზი სკოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაკენზი სკოტი
ინგლ. MacKenzie Scott
დაბადების სახელი მაკენზი სკოტ ტატლი
დაბადების თარიღი 7 აპრილი 1970 (51 წლის)
სან-ფრანცისკო, კალიფორნია
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მწერალი
მეწარმე
ფილანთროპი
მეუღლე(ები) ჯეფ ბეზოსი
დენ ჯუეტი
შვილ(ებ)ი 4
ჯილდოები ამერიკის წიგნის პრემია (2006)

მაკენზი სკოტი (მაკენზი სკოტ ტატლი, შემდეგ მაკენზი ბეზოსი ინგლ.  MacKenzie Scott; Tuttle; Bezos,  1970 წლის 7 აპრილი, სან-ფრანცისკო, კალიფორნია) — ამერიკელი მწერალი და ქველმოქმედი. Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფრი  ბეზოსის ყოფილი ცოლი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკენზი სკოტი დაიბადა 1970 წლის 7 აპრილს სან-ფრანცისკოში, კალიფორნია. მისი მამა ფინანსური დაგეგმარების სპეციალისტი გახლდათ. 1988 წელს მაკენზიმ დაამთავრა ჰოჩკისის კერძო სკოლა ლეიკვილში (კონექტიკუტის შტატი). 1992 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი პრინსტონის უნივერსიტეტში, სადაც  მისი მასწავლებელი გახლდათ ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში ტონი მორისონი. მორისონმა მაკენზი ტატლი დაახასიათა, როგორც „ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი, რომელიც ოდესმე მყოლია ჩემს შემოქმედებითი წერის კლასში“. იგი ასევე მუშაობდა მორისონის მკვლევარ ასისტენტად 1992 წლის რომანზე „ ჯაზი“.

მაკენზი თავის მომავალ მეუღლეს, ჯეფ ბეზოსს, 1993 წელს შეხვდა საინვესტიციო კომპანია  D. E. Shaw-ში. ისინი 3 თვის შემდეგ დაინიშნენ და ექვსი თვის შემდეგ დაქორწინდნენ. წყვილს სამი ვაჟი და ერთი ჩინეთში ნაშვილები ქალიშვილი ჰყავს.[2]

1994 წელს წყვილი  სიეტლში გადავიდა და კომპანია დააარსა. მაკენზი გახდა ბუღალტერი და Amazon-ის პირველი თანამშრომელი. თუმცა, 2000 წლის შემდეგ, მთელი ყურადღება ოჯახზე გადაიტანა, მან დატოვა კომპანია და აღარასოდეს დაუკავებია მნიშვნელოვანი პოზიციები.

2014 წელს მაკენზიმ დააარსა ბულინგის საწინააღმდეგო ორგანიზაცია Bystander Revolution.

2019 წელს მაკენზი ოფიციალურად გაშორდა ქმარს, რომელმაც განქორწინების პროცესის შედეგად დაუტოვა თავისი კუთვნილი Amazon-ის აქციების 25% (ამაზონის მთლიანი აქციების 4%), რომელიც იმ დროს შეადგენდა 35,6 მილიარდ დოლარს. განქორწინების შემდეგ მაკენზიმ ასევე ოფიციალურად შეიცვალა გვარი და გახდა სკოტი (მეორე სახელი, რომელიც დაბადებისას ბაბუის პატივსაცემოდ დაარქვეს).[3]

2021 წლის 6 მარტს, Pledge of Giving ვებსაიტის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ სკოტი დაქორწინდა საშუალო სკოლის ქიმიის მასწავლებელ დენ ჯევეტზე.

მაკენზი სკოტი შუაში, უკანა რიგში.

2020 წლის 10 ივლისს მაკენზი სკოტის ქონება შეადგენდა 62,3 მილიარდ დოლარს. იგი გახდა უმდიდრესი ქალი აშშ-ში. სექტემბრის დასაწყისში, Amazon-ის აქციების ზრდის გამო, მისმა ქონებამ 68 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამგვარად, მან პლანეტის უმდიდრესი ქალის ტიტული მოიპოვა.[4]

Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, მაკენზი სკოტი ასევე გახლავთ  მე-13 უმდიდრესი ადამიანი მსოფლიოში

გლობალური Forbes-ის მიხედვით, მაკენზი სკოტი  2021 წელს გახდა  მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც თავად ამტკიცებს,  წერას სერიოზულად  6 წლის ასაკში შეუდგა, როდესაც დაწერა 142 გვერდიანი წიგნი „წიგნის ჭია“. წიგნი  წყალდიდობის შედეგად განადგურდა.

მაკენზი სკოტის პირველი წიგნი „ლუთერ ოლბრაიტის გამოცდა“, რომლის დასრულებას 10 წელი დასჭირდა, 2005 წელს გამოიცა. 2006 წელს მან მიიღო ამერიკის ლიტერატურული პრემია.

2013 წელს გამოვიდა მისი მეორე წიგნი „ხაფანგები“.[5]

ქველმოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის მაისში მაკენზი სკოტმა ხელი მოაწერა Giving Pledge-ს საქველმოქმედო კამპანიას, რა დროსაც მან აიღო ვალდებულება თავისი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი სიცოცხლის განმავლობაში ქველმოქმედებას მოახმაროს.

2020 წლის ივლისში სკოტმა განაცხადა, რომ მან შესწირა 1,7 მილიარდი დოლარი 116 არაკომერციულ ორგანიზაციას. 2020 წლის დეკემბერში კიდევ 4,15 მილიარდი დოლარი  — 384 ორგანიზაციას. ოთხი თვის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  COVID-19-ის პანდემიის დროს ეკონომიკურად დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერას და მათი პრობლემის მოგვარებას.

სკოტის 2020 წლის საქველმოქმედო შემოწირულობამ შეადგინა $5,8 მილიარდი დოლარი. ეს იყო საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის კერძო პირის მიერ გაწეული  ერთ-ერთი ყველაზე დიდი წლიური შემოწირულობა.

2021 წლის 15 ივნისს სკოტმა  კიდევ 2,7 მილიარდი დოლარის შემოწირულობა განახორციელა  286 ორგანიზაციისთვის.

Forbes-ის ცნობით, სკოტმა ერთი წლის განმავლობაში (2020 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე) 780 ორგანიზაციას 8,5 მილიარდი დოლარი შესწირა.[6][7][8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Bloomberg Billionaires Index: MacKenzie Scott". Bloomberg. Retrieved November 22, 2021.
  2. "Jeff Bezos Fast Facts". CNN. 2019. Archived from the original on December 12, 2018. Retrieved January 9, 2019.
  3. Snider, Mike (January 9, 2019). "Amazon CEO Jeff Bezos and wife MacKenzie to divorce after 25 years of marriage". USA Today. Archived from the original on January 9, 2019. Retrieved January 9, 2019.
  4. "MacKenzie Scott: The 100 Most Influential People of 2020". Time. Retrieved September 23, 2020.
  5. "7 Things To Know About MacKenzie Scott, The Woman Who Donated $6 Billion In 2020". British Vogue. December 22, 2020. Retrieved December 24, 2020.
  6. "Philanthropist MacKenzie Scott gives away $2.7bn to hundreds of charities". June 15, 2021.
  7. "MacKenzie Scott". Forbes. Retrieved September 29, 2020.
  8. Statt, Nick (July 28, 2020). "MacKenzie Scott has already donated nearly $1.7 billion of her Amazon wealth since divorcing Jeff Bezos". The Verge. Retrieved July 28, 2020.