მაიონი (ვულკანი)
მაიონი | |
---|---|
მაიონი 2020 წელს | |
კოორდინატები: 13°15′24″ ჩ. გ. 123°41′06″ ა. გ. / 13.25667° ჩ. გ. 123.68500° ა. გ. | |
ქვეყანა | ფილიპინები |
ტერიტორიული ერთეული | ბიკოლის რეგიონი ალბაი |
სიმაღლე | 2 463 მ |
ასაკი | >20 000 წ. |
მაიონი (ტაგალ. Bulkang Mayon; ასევე ცნობილი როგორც მაიონის მთა და მაიონის ვულკანი; ესპ. Monte Mayón, Volcán Mayón) ― აქტიური სტრატოვულკანი ალბაის პროვინციაში, ბიკოლის რეგიონში, ფილიპინებში. პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი „სრულყოფილი კონუსითაა“ ცნობილი, რადგანაც ვულკანს სიმეტრიული კონუსის ფორმა აქვს და ფილიპინურ მითოლოგიაში წმინდა ადგილად ითვლება.
1938 წლის 20 იანვარს მაიონის ვულკანი და მიმდებარე ტერიტორიები ფილიპინების მასშტაბით პირველ ეროვნულ პარკად გამოცხადდა. 2000 წელს პარკი ხელახლა კლასიფიცირდა ბუნების პარკად და ვულკან მაიონის ბუნების პარკი ეწოდა. ვულკანი ალბაის ბიოსფერული ნაკრძალის ცენტრალური ობიექტია, რომელიც 2016 წელს იუნესკოს ეგიდით შეიქმნა და დღეისთვის მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესატანადაა ნომინირებული.
მაიონი ფილიპინების ყველაზე აქტიური ვულკანია და მის აქტივობას რეგულარულად აკვირდება ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტი, რომლის პროვინციული შტაბ-ბინა მწვერვალიდან 12 კმ-ის დაშორებით, ლიგნიონ-ჰილში მდებარეობს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაიონი ალბაის პროვინციისა და ბიკოლის რეგიონის უმაღლესი წერტილი და მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ვულკანის სიმაღლე 2 463 მეტრია და ალბაის ყურედან 10 კმ-ითაა დაშორებული.[1][2] გეოგრაფიულად, ვულკანი რვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მოიცავს: ლეგასპის, დარაგის, კამალიგის, გინობატანის, ლიგაოს, ტაბაკოს, მალილიპოტის და სანტო-დომინგოს.
გეოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაიონი კლასიკური სტრატოვულკანია პატარა ვულკანური კრატერით. კონუსის სიმეტრიულობის გამო იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ვულკანადაა მიჩნეული.[2]
წყნარი ოკეანის ირგვლივ არსებული სხვა ვულკანების მსგავსად, მაიონიც ცეცხლოვან სარტყელს მიეკუთვნება. ვულკანი ლუსონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ბიკოლის თაღი ერთ-ერთია ღრმა ზღვის 7 ღარს შორის. ბიკოლის თაღის ვულკანიზმი ფილიპინების ღრმულის გასწვრივ ფილიპინების ფილის დასავლეთ სუბდუქციასთანაა დაკავშირებული. თაღი 12 აქტიურ და მიძინებულ ვულკანს მოიცავს. მაიონთან ერთად თაღის შემადგენლობაშია: ისაროგის, ირიგას, მალინაოსა და მასარაგის მთებიც, რომლებიც ძირითადად ბაზალტის, ანდეზიტისა და ბაზალტური ანდეზიტისგანაა აგებული.[3]
2021 წლის აგვისტოში მაიონის ნიადაგში ანტიბიოტიკებისა და კიბოს საწინააღმდეგო ბაქტერიების სახეობები აღმოაჩინეს.[4]
ამოფრქვევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაიონი ფილიპინების ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელიც ბოლო 500 წლის მანძილზე 47-ჯერ ამოიფრქვა. ვულკანის ამოფრქვევის შესახებ პირველი ჩანაწერები 1616 წლით თარიღდება.[5] პირველი ამოფრქვევა, რომლის შესახებაც ვრცელი ჩანაწერები არსებობს, 1766 წლის 20 ივლისითაა დათარიღებული და ექვს დღეს გაგრძელდა.[6][7]
მაიონი ყველაზე მასშტაბურად 1814 წლის 1-ელ თებერვალს ამოიფრქვა. ამოფრქვევის დროს ვულკანური ექსპლუზიურობის ინდექსი 4-ს გაუტოლდა.[5][8] ვულკანიდან ამოფრქვეულმა მუქმა ფერფლმა ქალაქი კაგსავა მთლიანად დაფარა. ქალაქის 1 200 მკვიდრი დაიღუპა. ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის შეფასებით, ეს იყო მაიონის ისტორიაში ყველაზე ლეტალური ამოფრქვევა.[5][8]
1881 წლის 6 ივლისიდან 1882 წლის აგვისტომდე პერიოდში მაიონი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა. ვულკანური ექსპლოზიურობის ინდექსი 3-ს გაუტოლდა. 1881 წლის 25 დეკემბერს ვულკანის აქტივობას ბუნებისმეტყველი, პროფესორი და გეოლოგი, სემიუელ კნილენდი დააკვირდა.
მაიონის ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი ამოფრქვევა 1897 წლის 23 ივნისს დაფიქსირდა (ვულკანური ექსპლოზიურობის ინდექსი 3) და შვიდ დღეს გაგრძელდა. 11 კმ-ით აღმოსავლეთით სოფელი ბაკაკაი 15 მეტრის სიმაღლის ლავით დაიფარა. სანტო-დომინგოში 100 ადამიანი ვულკანიდან ამოფრქვეულმა ორთქლმა და ჩამოცვენილმა ქვებმა და კენჭებმა იმსხვერპლა.[2]
ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიუტის მეცნიერების რეკომენდაციით, სახიფატო ზონიდან 73 000 ადამიანის ევაკუაციის შემდეგ 1984 წლის ამოფრქვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.[9] 1993 წელს პიროკლასტიკურ ამოფრქვევას 79 ადამიანი იმსხვერპლა, მეტწილად, ფერმერები.[10] ამოფრქვევის შემდეგ ალბაის პროვინციულმა მთავრობამ 50 000 მკვიდრის ევაკუაცია მოახდინა.[8]
მითოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გადმოცემების თანახმად, ვულკანი შეყვარებულების: მაგაიონისა და პანგანორონის საფლავზე ამოიზარდა. ანტიკურ ხანაში ბიკოლანოებმა ვულკანს ლეგენდარული გმირი პრინცესას, დარაგანგ მაგაიონის („მშვენიერი ქალბატონი“) სახელი უწოდეს. დროთა განმავლობაში ბიკოლანოებმა ვულკანი უზენაესი ღმერთის, გუგურანგის სამყოფელად მიიჩნიეს.[11] ვულკანთან და მის ლანდშაფტთან არაერთი ფესტივალი და რიტუალია დაკავშირებული.[12]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Climbing Mayon Volcano დაარქივებული 2012-08-08 საიტზე Wayback Machine.
- Philippine Institute of Volcanology and Seismology (PHIVOLCS) Mayon Volcano Page დაარქივებული 2018-10-10 საიტზე Wayback Machine.
- Mayon Volcano Observatory დაარქივებული 2018-10-05 საიტზე Wayback Machine.
- Majestic Mt. Mayon – Cagsawa Ruin Park – images by Jenny Exconde.
- NASA Earth Observatory page დაარქივებული 2021-11-21 საიტზე Wayback Machine.
- Mayon (ინგლისური) — სტატია გლობალური ვულკანიზმის პროგრამიდან
- Smithsonian Institution page on Mayon
- Mocha Uson apologizes for Mayon location mistake
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mayon Volcano, Philippines. Philippines Department of Tourism. Volcano.und.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 12, 2007. ციტირების თარიღი: ნოემბერი 24, 2021.
- ↑ 2.0 2.1 2.2 David, Lee (2008). "Natural Disasters", pp. 416–417. Infobase Publishing.
- ↑ Van Westen, Cees; Dayao, Arlene; Voskuil, Robert (1994). „Geomorphology of the Mayon Volcano and its Relation to Hazards“: 1–30m. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ „Potentially antibiotic bacterial species found in Mt. Mayon soils“. ABS-CBN News (ინგლისური). August 3, 2021. ციტირების თარიღი: August 4, 2021.
- ↑ 5.0 5.1 5.2 "Mayon Volcano" Retrieved May 8, 2019.
- ↑ Ocampo, Ambeth R. (May 7, 2013). „The Mayon eruption of 1814“. Philippine Daily Inquirer. ციტირების თარიღი: May 7, 2013.
- ↑
- ↑ 8.0 8.1 8.2 „Mayon eruption first in 5 years; last episode occurred in 2001“. GMA News. August 7, 2006. ციტირების თარიღი: August 5, 2019.
- ↑ USGS. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 15, 2012. ციტირების თარიღი: ნოემბერი 24, 2021.
- ↑ „'Ominous quiet' at Mayon volcano“. BBC. August 10, 2006. ციტირების თარიღი: May 12, 2013.
- ↑ Ancient Bicolano Pantheon of Deities and Creatures – Philippine Mythology (February 8, 2016). ციტირების თარიღი: August 28, 2019
- ↑ England, Vaudine (December 14, 2009). „Mount Mayon: a tale of love and destruction“. BBC News. ციტირების თარიღი: December 25, 2009.