შინაარსზე გადასვლა

ლითოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლითოგრაფია (ძვ. ბერძნ. λίθος — „ქვა“ და γράφω — „ვწერ“, „ვხატავ“) — ბეჭდვის ხერხი, რომლის დროს ანაბეჭდის მისაღებად საღებავი დაწნევით გადააქვთ ბრტყელი (არარელიეფური) საბეჭდი ფორმიდან უშუალოდ ქაღალდზე. ლითოგრაფიული ხერხით შესრულებული ნაწარმოები, საწარმო, რომელიც სპეციალიაზებულია ამ ხერხით ბეჭდვაზე. ლითოგრაფია ბრტყელი ბეჭდვის პირველსახეა. ლითოგრაფიაში საბეჭდ ფორმას წარმოადგენს ქვის (კირქვის) გლუვი (კალმის გრაფიკის აღწარმოებისათვის) ან მარცვლოვანი (ფანქრით ნახატის აღწარმოებისათვის) ზედაპირი, რომელზეც გამოსახულება დააქვთ სქელი ტუშით (ფუნჯით ან კალმით) ან ლითოგრაფიული ფანქრით. ხშირად გამოსახულება ქვაზე გადააქვთ სპეციალურ ლითოგრაფიულ ქაღალდზე (კორნპაპირზე) შესრულებული ნახატიდან. ქვის ქიმიური დამუშავების, ფორმის ზედაპირზე წყლისა და საღებავის თანამიმდევრული დატანის შვმდეგ ხდება ბეჭდვა.

ალიოზ ზენეფელდერი

ლთოგრაფია გამოიგონა ა. ზენეფელდერმა 1798 წელს გერმანიაში. მანვე 1806 წელს მიუნხენში გახსნა პირველი ლითოგრაფიული სახელოსნო. მსგავსი სახელოსნოები გაიხსნა 1816 წელს პარიზსა და პეტერბურგში, 1822 წელს — ლონდონში. XIX საუკუნეში ლითოგრაფია ფართოდ გამოიყენებოდა სურათების, პლაკატების, ეტიკეტების, რუკებისა და სხვათა აღწარმოებისათვის. შემდეგში წარმოიშვა ლითოგრაფიის მოდიფიკაციები: ავტოლითოგრაფია, ქრომოლითოგრაფია და სხვა. XX საუკუნის 20-იან წლებში ლითოგრაფია განდევნა უფრო სრულყოფილმა ოფსეტურმა ბეჭდვამ და იგი იქცა დაზგურ ტექნიკად, რომლის ძირითადი სახეობაა ავტოლითოგრაფია.

მხატვრული ლითოგრაფიის სპეციფიკური ენა შეიქმნა 1820-იან წლებში საფრანგეთში რომანტიზმის გავლენით. ლითოგრაფიას მიმართეს ესპანელმა ფ. გოიამ და ინგლისელმა რ. ბონინგტონმა, ფრანგებმა: თ. ჟერიკომ, ნ. შარლემ, ო. რაფემ, ა. დევერიამ, ე. დელაკრუამ და სხვა. ლოგრაფიის ისტორიის ადრინდელ პერიოდში ყველაზე გავრცელებული ჟანრი იყო ზნეობის კარიკატურა (ა. მონიე, ლ. ბუალი), რომელიც ივლისის რვეოლუციის (1830) შემდეგ პოლიტიკურმა და სოციალურმა კარიკატურამ შეცვალა (გრანვილი, შ. ტრავიესი, ა. დეკანი). ო. დომიეს ვირტუოზულმა სერიებმა დიდი გავლვნა იქონიეს ლითოგრაფიის შემდგომ განვითარებაზე. მრავალი ოსტატი ქმნიდა ჟანრულ კარიკტურებს, მათ შორის გამოირჩეოდნენ პ. გავარნი, ა. შამი, ა. მენცელი და სხვა. XIX საუკუნის I ნახვვარში ლითოგრაფიამ დიდი ადგილი დაიჭირა ლათინური ამერიკის მხატვრების, განსაკუთრებით კოსტუპრიზმის წარმომადგენელთა ხელოვნებაში. ამავე პერიოდში რუსეთში ლითოგრაფიის ტექნიკით დაინტერესდნენ მხატვრები ა. ორლოვსკი, ო. კიპრენსკი, ა. ვენეციანოვი, კ. ბრიულოვი და სხვა. 1820-1830-იან წლებში რუსი მხატვრები ძირითადად პეიზაჟის ჟანრში მუშაობდნენ (ს. გალაქტიონოვი, ა. ბრიულოვი და სხვ. XIX საუკუნის შუა წლებში გაჩნდა ჟანრული (ი. შჩედროვსკი) და სატირული (ვ. ტიმი) ლითოგრაფიები. მათი ტრადიციები XX საუკუნის II ნახევარში განაგრძეს ილუსტრატორებმა და ჟანრული კარიკატურის ოსტატებმა პ. შმელკოვმა, პ. ბოკლევსკიმ, ა. ლებედევმა და სხვ. 1840-იანი წლებიდან ჟურნალებში ქსილოგრაფიის გაბატონების გამო ლითოგრაფიის ხელოვნება დაეცა. 1860-იანი წლების დასასრულიდან საფრანგეთში დაიწყო ლითოგრაფიის ახალი აღმავლობა. ე. მანემ იპოვა ლითოგრაფიის ახალი მხატვრული შესაძლებლობები. ლითოგრაფიას ხშირად მიმართავდნენ იმპრესიონისტები, ო. რენუარი, ე. დეგა, კ. პისარო. იმპრესიონიზმი თავისებურად გამომჟღავნდა გერმანელი (ლ. კორინთი, მ. ლიბერმანი, მ. სლეფოგტი) და ამერიკელი (ჯ. უისლერი) ლითოგრაფიებში. XIX საუკუნის დასასრულს ლითოგრაფიაში შესამჩნევი კვალი დატოვა სიმბოლიზმმა და „მოდერნის“ სტილმა (რ. რედონი, ე. კარიერი — საფრანგეთში, ფ. როფსი — ბელგიაში: ე. მუნკი — ნორვეგიაში). XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ლითოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ფერადმა ესტამპმა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ აფიშებში (ა. ტ.ულუზ-ლოტრეკი, მ. დენი, პ. ბონარი, ე. ვიუიარი — საფრანგეთში). ო. დომიეს ტრადიციები გაგრძელდა ჟ. ლ. ფორენისა და თ. სტეინლენის ლითოგრაფიულ ფურცლებში. რუსეთში ლითოგრაფიისადმი ინტერესის განახლება გამომჟღავნდა ი. შიშკინის პეიზაჟებში, ი. რეპინის ჟანრულ სცენებსა და ილუსტრაციებში, ვ. სეროვის პორტრეტებში. 1910-იან წლებში ლითოგრაფიას მიმართავდნენ ნ. გონჩაროვა და მ. ლარიონოვი.

პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) შემდეგ მძაფრი სოციალური პროტესტით განიმსჭვალა გერმანელ ექსპრესიონისტთა ლითოგრაფიები (მ. ბეკმანი, ჯ. გროსი, ე, ბარლახი). ფაშიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული კოლვიცის (30-იანი წლები) ნამუშევრები. XX საუკუნეში ლითოგრაფიას მიმართავდნენ და მიმართავენ დიდი ოსტატები, ა. მატისი, პ. პიკასო და მ. შაგალი — საფრანგეთში; ო. კოკოშა — ავსტრიაში; ჰ. ერნი — შვეიცარიაში; ო. დიქსი — გფრ-ში; ფ. ტოპოლსკი — ინგლისში; მ. შვაბინსკი — ჩეხოსლოვაკიაში; გ. მუკი — იტალიაში; დ. სიკეიროსი — მექსიკაში; მ. დობუჟინსკი, ვ. ვატაგინი, გ. ვერეისკი, ვ. ლებედევი, ე. ჩარუშინი, ე. კიბრიკი და სხვა —რუსეთსა და სსრკ-ში. საქართველოში ლითოგრაფიის ტექნიკაში მუშაობენ, უ. ჯაფარიძე, დ. გაბაშვილი, ე. ანდრონიკაშვილი და სხვა.