ლეჩაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლეჩაქიქართველი ქალის თავხურვის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი (ჩიხტაკოპთან და ბაღდადთან ერთად). ამზადებდნენ სხვადასხვა ფერისა და ხარისხის თხელი ქსოვილისაგან (ტული, ბლონდი, ატლასი, „ჯალშაია“, „თალათინი“, „ფლორი“, „შილა“, „მარმაში“, „ბურსუ“ და სხვა). ლეჩაქს ტოლფერდა სამკუთხედის ფორმა ჰქონდა და გარშემო არშიას ავლებდნენ. ადგილობრივი სალეჩაქე არშიებიდან განთქმული იყო „თელავური“ და „კახური“ არშიები.

XIX საუკუნეში საქართველოში გავრცელებული იყო სამნაირი ლეჩაქი — სადა, ნაკერი (აბრეშუმით ან სირმით ნაქარგი) და დასმული (ბასმით — თეთრი წებოთი მოხატული). სადა ლეჩაქს მოხუცი და მგლოვიარე ქალები (ესენი უარშიოდ) ატარებდნენ; ნაკერსა და დაბასმულს კი — უპირატესად ახალგაზრდები. სახელწოდება ლეჩაქი კავკასიის და შუა აზიის ხალხებშიც იყო გავრცელებული. მის ნაცვლად ძველ ქართულ წყაროებში გვხვდება „კუბასტი“, „მაკნანი“, „მაკინაკი“, „ჩიქოლა“.

ლეჩაქი ქართულ წერილობით ძეგლებში XVII საუკუნიდან გვხვდება, მაგრამ უფრო ადრეული პერიოდის კედლის მხატვრობისა და მინიატურების მიხედვით ჩანს, რომ ბადურად ნაქსოვი თავსაბურავები XII საუკუნის საქართველოშიც ფართოდ ყოფილა გავრცელებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოჭორიშვილი ლ., კახური ჩაცმა-დახურვა (ქალის ჩაცმულობა),«ანალები», 1947, ტ. 1;
  • ყარაულაშვილი ც., ხალხური ქსოვის ისტორიიდან. ბადური ქსოვა, კტ.: საქართველოს ეთნოგრაფიის საკითხები, თბ., 1964;
  • ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3-4, თბ., 1962;
  • ყარაულაშვილი ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 208, თბ., 1983 წელი.