ლექსთწყობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლექსთწყობა, იგივე ვერსიფიკაცია (ლათ. versus — ლექსი და facio — ვქმნი) — მხატვრული მეტყველების ბგერითი, მეტრულ-რიტმული, ფსიქოლოგიურ-ინტონაციური ორგანიზაცია, რომლის მოწესრიგებულობა, საკუთრივ მას ესთეტიკური ფენომენის მნიშვნელობას სძენს. ლექსითი მეტყველებისათვის ნიშანდობლივი დაყოფა რიტმულ-ინტონაციურ მონაკვეთებად (ტაეპებად) დამახასიათებელია ყველა ენისთვის, მაგრამ ტაეპის შინაგანი ორგანიზაცია (სალექსო საზომი, მეტრი) სხვადასხვაგვარია სხვადასხვა ენაში და განისაზღვრება ყოველი ენის ბუნებით. შესაბამისად, შეიქმნა ლექსთწყობის სხვადასხვა სისტემები, რომლებიც იყოფა ორ ძირითად კატეგორიად: მეტრული (რომლებსაც საფუძვლად უდევს რიტმული მოდიფიკაციები) და დისმეტრიული.

ლექსითი მეტყველების საწყისები სინკრეტიზმის ხანაშია, როდესაც სიმღერა, პოეზია, მუსიკა და ცეკვა მთლიანობაში იყო წარმოდგენილი. ხელოვნების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ლექსითი მეტყველება გამოეყო მელოდიას, რომელიც ძირეულად განსხვავდება მისგან ბგერის სიმაღლითა და ხანგრძლივობით, კილოს ორგანიზაციითა და ტემბრით. ლექსით მეტყველებასაც და მელოდიასაც აქვთ მეტრულ-რიტმული სტრუქტურა, მაგრამ თუ მუსიკალური რიტმი უწყვეტია, მუსიკალურ პაუზებს განსაზღვრული მეტრი აქვს და ისინი მუსიკალურ საზომში შედის, ლექსის რიტმი წყვეტილია, ყოველ ტაეპში რიტმული მოძრაობა თავიდან იწყება, ტაეპების შიგა პაუზები და პაუზები ტაეპებს შორის მკაცრად განსაზღვრული არ არის და სალექსო საზომში არ შედის.

ლექსთწყობის ძირითადი რიტმულ-ინტონაციური ერთეულია ტაეპი (აღმოსავლურ პოეზიაში — ბაიათი), რომელიც იყოფა უფრო წვრილ ერთეულებად (ნახევარტაეპედი, მუხლი, ტერფი) ან ერთიანდება უფრო რთულ სალექსო ერთეულებად — სტროფებად.

ლექსთწყობის კომპონენტებია ასევე: რითმა, ასონანსი, ალიტერაცია, ანაფორა, ეპიფორა, ბგერწერა, ანჟამბემანი და სხვ.