ლევან მუღალაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლევან მუღალაშვილი (დ. 1875, სოფ. გურჯაანი — გ. 1955, გურჯაანი) — ქართველი მომღერალი, მოკახურე-ლოტბარი, ფოლკლორისტი.

ადრინდელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევან მუღალაშვილი დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. ათი წლის ლევანი გუთანზე სამუშაოდ გაიგზავნა. მან მთელი თავისი ყრმობის წლები მოჯამაგირეობაში გაატარა. როცა 21 წლის გახდა, ჯარში წაიყვანეს. იქ მან წერა-კითხვა ისწავლა და მეთაურობაც მიიღო. 1897 წელს, დემობილიზების შემდეგ ლევანი თბილისს გაემგზავრა სამუშაოს საშოვნელად. პირველად მუშაობა დაიწყო ყარსის რკინიგზაზე, სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე. ორი წლის შემდეგ მან ყარსის გზაზე მუშაობას თავი დაანება და თბილისში, პლეხანოვის გამზირზე, ინჟინერ პასეკის კანტორაში დადგა დარაჯად. ეს იყო 900-იან წლებში.

ამ დროს მან გაიცნო სემინარიის სტუდენტი პეტრე კაპანაძე, რომელიც ხშირად დადიოდა მასთან და ასწავლიდა წიგნსა და ნოტებს. პეტრე კაპანაძე იყო ლევანის პირველი მასწავლებელი და გზის მაჩვენებელი. როდესაც ლევანი გურჯაანში დაბრუნდა, გულმოდგინედ შეუდგა ხალხური სიმღერების შესწავლას, გაიღრმავა ცოდნა ამ დარგში და დაიწყო ხალხის სამსახური.

შემოქმედებითი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900 წლიდან მუშაობდა ლევანი ხალხური სიმღერის შეკრების, შესწავლის, დამუშავებისა და გუნდების საშუალებით ხალხშივე ამ სიმღერის გავრცელების საქმეში. ჯერ თავისივე ოჯახში დებსა და ძმებს შეასწავლა სიმღერები, შემდეგ, როცა საკუთარ სახლში დაუდიოდა მოწაფეები, რომელთაც დაუზარებლად ასწავლიდა სიმღერებს.

მას ჰყავდა მომღერალთა პატარა ჯგუფები, რომელთაც გამოიყვანდა ხოლმე საქველმოქმედო მიზნით გამართულ საღამოებზე. ეს საღამოები იმართებოდა თავადების სახლებსა და ეზოებში; როცა კახეთში რკინიგზა გაჰყავდათ, ლევანი თავისი გუნდით მომსახურებას უწევდა რკინიგზის მუშებსა და მოსამსახურეებს. ლევან მუღალაშვილის გუნდი ყველა ოლიმპიადაში პირველ ადგილზე გამოდიოდა.

1929 წელს რეჟისორ აკაკი ფაღავას ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით გამართული საქართველოს ხალხური შემოქმედების მეორე ოლიმპიადა დაამშვენა ლევან მუღალაშვილის გუნდის გამოსვლამ. ასევე წარმატებით წარსდგა იგი მესამე ოლიმპიადაზე თბილისის საოპერო თეატრში.

1936 წელს თბილისში, პლეხანოვის სახელობის კლუბში გამართულ შეჯიბრზე გურჯაანის ლევან მუღალაშვილის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა და დაჯილდოვდა მოსკოვში რკინიგზის საკავშირო ოლიმპიადაზე გაგზავნით, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ეს არ მოხერხდა. 1937-1938 წლების ოლიმპიადებზე გურჯაანის მომღერალთა გუნდი დააჯილდოვეს სიგელებით, ფულადი და ძვირფასი საჩუქრებით. 1938 წლიდან გურჯაანის მომღერალთა გუნდი რაიონულ ეთნოგრაფიულ გუნდად აღიარეს და ყოველწლიური დოტაცია დაუნიშნეს. გუნდის წევრები მთავრობის მიერ დაწესებულ თანხიდან საესტრადო ტანისამოსით შემოსეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაღალაშვილი ლ., კახელი ლოტბარები (გურჯაანი), წიგნი I, ISBN 978-9941-9773-4-3