ლევან მაღალაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლევან მაღალაშვილი (დ. 10 აგვისტო, 1879, თბილისი — გ. 22 აგვისტო, 1936, მიუნხენი) — ქართველი სამხედრო პირი, გენერ-ლეიტენანტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლის ლუარსაბ მაღალაშვილის და მარიამ მელიქიშვილის ოჯახში. მსახურობდა თერგის კაზაკთა ჯარის ვლადიკავკაზ–სუნჟის პირველ პოლკში. მონაწილეობდა 1900-1901 წლებში. ჩინეთზე ლაშქრობაში და რუსეთ-იაპონიის 1904–1905 წლების ომში (ამურის კაზაკთა ჯარის შემადგენლობაში). 1909 წლის 1 იანვრისთვის ლევან მაგალოვი თერგის კაზაკთა ჯარის ვლადიკავკაზ–სუნჟას პირველი პოლკის პოდიასაული იყო; იმავე წლის 24 ივლისისთვის – შტაბს–რიტმისტრი. 1914 წლიდან მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1916 წლის 19 დეკემბრიდან გახდა ცხენოსანი პოლკის პოდპოლკოვნიკი, 1916 წლის 11 სექტემბერს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა, 1917 წლის 5 ივლისს კი დაინიშნა თათართა ცხენოსანი პოლკის მეთაურად.

ლევან მაღალაშვილი 1918 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ თეთრ მოძრაობას შეუერთდა, მაგრამ როგორც კი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, იგი ქართული ჯარის რიგებში ჩადგა. 1919 წლიდან გენერალ–ლეიტენანტია. მეთაურობდა თათართა დივიზიას (ხალხში ცნობილია, როგორც „ველური დივიზია“), რომელიც შამქორში აწარმოებდა სისხლისმღვრელ ბრძოლებს ბოლშევიკების წინააღმდეგ.

სამხედრო დამსახურებისთვის ლევან მაღალაშვილი დაჯილდოებული იყო: წმ. გიორგის IV, წმ. ვლადიმერის IV (მახვილებითა და ბაფთით, 1915) ხარისხების ორდენებით.

1921 წლიდან ლევან მაღალაშვილი ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა გერმანიაში, მიუნხენში. გარდაიცვალა მიუნხენის სანატორიუმში ჭლექით. დაკრძალულია იქვე, ადგილობრივ სასაფლაოზე. დაქორწინებული იყო (1907 წლის 29 აპრილი) სოფიო ნიკოლოზის ასულ ბარათაშვილზე (1884–1977). ჰყავდათ ერთი ვაჟი – ნიკოლოზი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]