ლევან ვაშაყმაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ლევან ვაშაყმაძე (დ. 5 მარტი, 1945, ლიხაური) — ქართველი ექიმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არის რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი თორაკო-აბდომინალური ონკოლოგიისა და ქირურგიის სფეროში. დაამთავრა ლიხაურის საშუალო სკოლა. 1969 წელს, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ოზურგეთის რაიონის სოფელ კონჩხათის ამბულატორიის გამგედ. შემდგომ წლებში მუშაობდა ორდინატორად ქალაქ მახარაძის (დღევანდელი ოზურგეთი) ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში და სასწრაფო დახმარების ექიმად. 1973 წელს ჩაირიცხა საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის საკავშირო სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკურ ორდინატურაში, მოსკოვში. 1975-1978 წლებში სწავლა განაგრძო ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „საყლაპავი მილის ანასტომოზების ფორმირება მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით“. პარალელურად, სხვადასხვა დროს, იგი მუშაობდა კვლევითი ინსტიტუტის ონკოლოგიურ ლაბორატორიაში ლაბორანტად, შემდგომ – უფროს ლაბორანტად და ლაბორატორიის გამგედ. ასევე, ქირურგად ს. პ. ბოტკინის სახელობის საავადმყოფოს გულმკერდის ქირურგიის განყოფილებაში.

1980 წლიდან ლევან ვაშაყმაძე გადავიდა პ. ა. გერცენის სახელობის მოსკოვის სამეცნიერო-კვლევით ონკოლოგიურ ინსტიტუტში. თავდაპირველად მუშაობდა უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ მუშაკად, 1983 წელს კი გადაიყვანეს განყოფილების გამგედ მუცლის ღრუს ორგანოების ონკოლოგიური კვლევის დარგში. 1991 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე – „კუჭის პროქსიმალური ნაწილის კიბო – დიაგნოსტიკის დაზუსტების პრინციპები და მკურნალობის მეთოდები“. 2002 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება. 2003 წლიდან ხელმძღვანელობდა მოსკოვის პ. ა. გერცენის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თორაკო–აბდომინალური ქირურგიის განყოფილებას. 2013 წლის ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე ნ. ნ. ბლოხინიხ სახელობის რუსეთის ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელია.

ლევან ვაშაყმაძის პრაქტიკულმა და სამეცნიერო მოღვაწეობამ დიდი აღიარება ჰპოვა მთელ რუსეთის ფედერაციაში. იგი ყოველწლიურად აკეთებს ასზე მეტ ოპერაციას საყლაპავი მილის, კუჭისა და ნაწლავების სიმსივნეებზე და ასევე ოპერაციებს პირველადი მეტასტაზური წარმონაქმნების გაუვნებელყოფის მიზნით. იგი ახალი მეთოდებით ახდენს მუცლის ღრუს ორგანოების სიმსივნური დაავადებების ლოკალიზაციას, რათა დაავადებული ადამიანის ორგანიზმში მეტად არ მოხდეს კიბოს მეტასტასების გაშლა-გამრავლება-გავრცელება, რის შედეგად ადამიანს ეძლევა სიცოცხლის გაგრძელების საშუალება ჩვეულებრივი ცხოვრებით.

ბატონი ლევანი ჩართულია ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში, კვლავ იკვლევს, სწავლობს და კოლეგებსაც ასწავლის ამ საშინელი სენის წინააღმდეგ ბრძოლას. დღითიდღე აუმჯობესებს ონკოლოგიური დარგის ოპერაციებს ახალი ტექნიკისა და ახალი მეთოდების გამოყენებითა და დანერგვით. მას გამოქვეყნებული აქვს 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მის მიერ დამუშავებული მეთოდები დაცულია 11 საავტორო მოწმობით.

ლევან ვაშაყმაძე, ასევე, ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ი. მ. სეჩენევის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემიაში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 11 დისერტაცია. არის ქალაქ მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის ონკოლოგთა საზოგადოების მმართველობის წევრი, ასევე, ჟურნალის – „Онкологическая колопроктология“ – რედკოლოგიის წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გურული ვაშაყმაძეები: ლევან არჩილის ძე ვაშაყმაძე // ფესვები: ორი ლტოლვილი გვარის – ხურციძეთა და ვაშაყმაძეთა თანაცხოვრება იმერეთში და მათი ღირსეული შთამომავალნი / ავთანდილ ვაშაყმაძე, ქუთაისი, 2014, გვ. 388-389

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]