შინაარსზე გადასვლა

ლარნაკის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლარნაკის ციხესიმაგრე
მდებარეობა კვიპროსის დროშა კვიპროსი
ფუნქციური სტატუსი ისტორიული მუზეუმი
ისტორია
თარიღდება XII საუკუნე
ლარნაკის ციხესიმაგრე — კვიპროსი
ლარნაკის ციხესიმაგრე
ლარნაკის ციხესიმაგრე ვიკისაწყობში

ლარნაკის ციხესიმაგრე (ბერძ. Κάστρο Λάρνακας, თურქ. Larnaka Kalesi) —  შუა საუკუნეების  ციხესიმაგრე, რომელიც დააარსეს ევროპელებმა XIV საუკუნეში და აღადგინეს თურქებმა 1625 წელს კვიპროსის სამხრეთ სანაპიროს და საპორტო ქალაქ ლარნაკას დასაცავად. ნაგებობა მდებარეობს კვიპროსის სამხრეთ სანაპიროზე. მოგვიანებით ასრულებდა საარტილერიო სადგურის და ციხის ფუნქციას. ამჟამად შენობაში განთავსებულია ისტორიული მუზეუმი.[1]

ისტორიული მტკიცებულებების თანახმად, ციხესიმაგრე აშენდა ლარნაკას ნავსადგურში კვიპროსის მეფის იაკობ I დე ლუზინიანის (1382-1398) დროს. ციხესიმაგრე გახდა კვიპროსის სამხრეთ სანაპიროს თავდაცვითი სისტემის განუყოფელი ნაწილი, რომელიც გადაჭიმულია ფამაგუსტას პორტიდან პილას და ლიმასოლის მიდამოებში კონცხის გავლით აკროტირის ყურემდე.

ვენეციელთა ბატონობის პერიოდში (1489-1571 წწ.) ციხესიმაგრე ლარნაკის საზღვაო პორტის თავდაცვითი ნაგებობის ფუნქციას ასრულებდა, შემდეგ კი მთელ კუნძულთან ერთად ოსმალეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ მოექცა. ციხესიმაგრე არაერთხელ აღადგინეს და ხელახლა ააშენეს. 1625 წელს თურქებმა აღადგინეს სიმაგრე, რომელიც იმ დროისთვის თითქმის მთლიანად ჩამოინგრა (ამას მოწმობს ციხის შესასვლელის ზემოთ განთავსებული დაფა), რის შემდეგაც ციხესიმაგრემ შეიძინა თანამედროვე სახე, რომელიც აერთიანებდა რომაული და ოსმალეთის არქიტექტურის თავისებურებებს. თუმცა, XVIII საუკუნისთვის ნაგებობა ნაწილობრივ განადგურდა.

ფინიკუდესის ბულვარი

1878 წელს ბრიტანელების მოსვლასთან ერთად ციხე გარემონტდა. ასრულებდა სასამართლოს ფუნქციას, მასში განთავსდა პოლიციის განყოფილება, ციხე, სისრულეში მოყავდათ სიკვდილით დასჯის განაჩენი. 1948 წელს ლარნაკის ციხეში ბოლო პატიმარი დასაჯეს სიკვდილით. ამის შემდეგ პოლიციის განყოფილება გადავიდა ფინიკუდესის ბულვარის მოპირდაპირე მხარეს და ციხესიმაგრის შენობაში გაიხსნა ისტორიული მუზეუმი. 1963 წელს ქალაქში მიმდინარე არეულობის დროს მუზეუმის ზოგიერთი ექსპონატი მოიპარეს ან მნიშვნელოვნად დაზიანდა.[2][3]

ციხესიმაგრის ეზო, 2022

არქეოლოგიური კვლევების თანახმად, თავდაპირველი ნაგებობა გაცილებით დიდი იყო ვიდრე ოსმალეთის მიერ 1625 წელს აღდგენილი ციხესიმაგრე. მისი ტერიტორია ვრცელდებოდა ჩრდილოეთით და სამხრეთ-დასავლეთით. თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია სიმაგრის მხოლოდ  სამხრეთ ნაწილის თაღები და ნახევარწრიული აფსიდა, რომლის გასწვრივ არის ნიქოზიის გოთური ტაძრებიდან  ჩამოტანილი XIV საუკუნის საფლავის ქვები.

ციხესიმაგრის შიდა მხარე და თაღოვანი გალერეა

ციხესიმაგრის ჩრდილოეთ ნაწილში შემორჩენილია ოსმალური სტილის ორი მიმდებარე ორსართულიანი ნაგებობა, მათგან ერთ-ერთის პირველ სართულზე განლაგებულია თაღოვანი გალერეა, რომელიც ასრულებს შიდა ეზოს და ამავე დროს სიმაგრეში შესასვლელის ფუნქციას. შესასვლელიდან მარჯვნივ მდებარე ოთახი განკუთვნილი იყო მსჯავრდებულთა სიკვდილით დასჯისთვის, რისთვისაც ბრიტანელებმა ოთახში დამონტაჟეს სახრჩობელა.

შენობის მეორე სართულზე ლარნაკას ისტორიული მუზეუმია, რომელიც იკავებს ოთხ ოთახს. მუზეუმში განთავსებულია IV-VII საუკუნეების ადრეული ქრისტიანული ბაზილიკების ექსპონატები. კედლებზე  ადრეული ქრისტიანობის პერიოდის ფრესკების ფოტოებია. მუზეუმი მნახველებისთვის  ღიაა მთელი კვირის განმავლობაში.[4][5]

ციხესიმაგრეში განლაგებულია XX საუკუნის დასაწყისის Friedrich Krupp AG-ის ფირმის ქვემეხები, რომლებიც ზალპით ხვდებოდნენ ნავსადგურში შესულ გემებს. ციხესიმაგრის ეზოში ამჟამად რეგულარულად იმართება სიმფონიური მუსიკის კონცერტები და თეატრალური ფესტივალები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]