ლანდშაფტური რუკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლანდშაფტური რუკარუკა, რომელიც ასახავს გეოგრაფიული კომპლექსების (ლანდშაფტების) განლაგებას და მათ სივრცით სტრუქტურას. ლანდშაფტურ რუკაზე გეოგრაფიული კომპლექსები ერთიანდება საკლასიფიკაციო ჯგუფებად (კლასი, ტიპი, სახე და სხვა). ლანდშაფტური რუკის უნივერსალური ხასიათი, რომელიც ტერიტორიის ბუნებრივი პირობების ყველაზე სრულ სინთეზს იძლევა, განსაზღვრავს მისი პრაქტიკული გამოყენების ფართო შესაძლებლობას.[1]

ზოგადსამეცნიერო ტიპის ლანდშაფტური რუკის საფუძველზე იქმნება სხვადასხვა გამოყენებითი ლანდშაფტური რუკა (აგროსაწარმოო, საინჟინრო-გეოგრაფიული, მელიორაციული, სამედიცინო-გეოგრაფიული, სამხედრო-გეოგრაფიული, არქიტექტურულ-დაგეგმარებითი), რომლებზეც გეოგრაფიული კომპლექსები დაჯგუფებულია მათი სამეურნეო და ეკოლოგიური პოტენციალის შეფასების თვალსაზრისით. ლანდშაფტური რუკა გამოხატავს გეოგრაფიულ კომპლექსებს და მათ სივრცობრივ შეფარდებას. ადგენენ სხვადასხვა მასშტაბში. არჩევენ რუკების შემდეგ ჯგუფებს: 1. მსხვილმასშტაბიან დეტალურს (1:10000 და უფრო მსხვილი), 2. გაერთიანებული მსხვილმასშტაბიანი (1:10000–100000), 3. საშუალომასშტაბიანს (1:200000, 1:1000000), 4. წვრილმასშტაბიანს (1:1000000 უფრო წვრილი), რომელზეც გამოისახება ლანდშაფტი.[1]

ლანდშაფტური რუკა პროგნოზული რუკების შედგენის საფუძველია, რომელზედაც გამოიხატება გეოგრაფიული კომპლექსების მოსალოდნელი ცვლილება ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად. პირველი ლანდშაფტური რუკები შეიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში სსრკ-ში, თუმცა ფართოდ გავრცელდა მხოლოდ 60-იან წლებში, როდესაც ისინი გამოქვეყნდა კომპლექსურ ატლასებში (მაგალითად, „საქართველოს სსრ ატლასი“, 1964 და სხვა). ლანდშაფტური კარტოგრაფირება განვითარებულია გერმანიაში, პოლონეთში, რუმინეთში და სხვა. ლანდშაფტის ყველა რუკა ტიპოლოგიურია.[2][3]

საქართველოს ლანდშაფტური რუკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წელს გამოვიდა საქართველოს პირველი ეროვნული ატლასი — „საქართველოს სსრ ატლასი“, რომელშიც გამოქვეყნდა „საქართველოს ლანდშაფტური რუკა“, რომელთა ავტორები იყვნენ ალექსანდრე ჯავახიშვილი, დავით უკლება, ქრისტეფორე ჯაყელი და მელიტონ სანებლიძე. 1970 წელს, თბილისში გამოიცა საშუალომასშტაბიანი ფერადი „საქართველოს ლანდშაფტური რუკა“, რომლის ავტორები იყვნენ დავით უკლება, ქრისტეფორე ჯაყელი და მელიტონ სანებლიძე. 1983 წელს მოსკოვში გამოიცა ამიერკავკასიის პირველი საშუალომასშტაბიანი ლანდშაფტური რუკა, რომლის ავტორები იყვნენ დავით უკლება, ბუდაგ ბუდაგოვი, მუსეიბ მუსეიბოვი და სხვა.[4][5]

1979 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობათა შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში შედგა „კავკასიის ლანდშაფტური რუკა“ 1:1000000 მასშტაბში ნიკოლოზ ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით.[6]

2009–12 წლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობდა სამეცნიერო გრანტი (# GNSF/ST08/5-431) თემაზე „საქართველოს ახალი ლანდშაფტური რუკა და გეოინფორმაციული სისტემა“. 2012 წელს შედგენილი საქართველოს ახალი ლანდშაფტური რუკის გეოინფორმაციული სისტემა ბევრად უფრო მსხვილმასშტაბიანია (1:200000). ამ რუკაზე გათვალისწინებულია ყველა კომპონენტის დეტალური თავისებურება, დიფერენცირებულია ლანდშაფტის უფრო მცირე რანგის ტაქსონომიური ერთეულები — ლანდშაფტის სახეები (1052 — ლანდშაფტის სახე).[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ავტ. კოლექტივი (2014). ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი, გვ. 29. 
  2. Исаченко А. Г., Физико-географическое картирование, ч. 3, Л., 1961
  3. Материалы Комиссии по ландшафтным картам, в. 1-3, Л., 1961-63.
  4. Уклеба Д., Будагов Б. и др. Ландшафтная карта Закавказья, М.: ГУГК, 1983 (масштаб 1:600,000)
  5. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი | ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-21. ციტირების თარიღი: 2021-03-23.
  6. 6.0 6.1 საქართველოს ლანდშაფტური რუკის მსხვილმასშტაბიანი გეოინფორმაციული სისტემა