ქრისტეფორე ჯაყელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯაყელი.
ქრისტეფორე ჯაყელი
დაბ. თარიღი 25 დეკემბერი, 1917(1917-12-25)
დაბ. ადგილი შრომა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
გარდ. თარიღი 21 ნოემბერი, 1991(1991-11-21) (73 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი

ქრისტეფორე ჯაყელი (დ. 25 დეკემბერი, 1917 — გ. 21 ნოემბერი, 1991) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1950), პროფესორი (1986). საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი (1984).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტეფორე ჯაყელმა 1934 წელს დაამთავრა ბათუმის რკინიგზის სატრანსპორტო-სამშენებლო სასწავლებელი, ხოლო 1940 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი. 1934–36 წლებში მუშაობდა ურეკის ციტრუსების საბჭოთა მეურნეობაში ტექნიკოს-მშენებლად; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა გეოგრაფიის კათედრაზე პრეპარატორად, შემდეგ ქუთაისის 25-ე საშუალო სკოლაში მასწავლებლად; 1940 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით (1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში), რომელიც 1948 წელს დაასრულა; 1950–54 წლებში მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1954 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1974–87 წლებში იყო ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე.[1]

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1949 წელს თემაზე: „მდინარეების სუფსისა და ნატანების აუზების ფიზიკურ-გეოგრაფიული (ლანდშაფტური) დახასიათება“. ქრისტეფორე ჯაყელი არის 170-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა შორის 100 გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და უცხოურ ენებზე. მისი კვლევის ძირითად საგანს შეადგენდა ფიზიკური გეოგრაფიის როგორც ზოგადი, ისე რეგიონალური პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ლანდშაფტების კომპლექსური თავისებურებების კვლევაზე, მათი რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და გარემოს დაცვის პრობლემებზე.[1]

გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი (ძირითადად მთიანი რეგიონების) ფიზიკურ-გეოგრაფიული კარტირებისა და დარაიონების საქმეში.[1] 1965 წელს მელენტი სანებლიძესთან ერთად დააარსა მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარი.[2]

ქრისტეფორე ჯაყელის თანაავტორობით შედგენილია საქართველოს ბუნებრივი ზონები და ლანდშაფტური რუკები, ასევე ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების რუკები, რომლებსაც გარდა შემეცნებითი, პრაქტიკულ-გამოყენებითი მნიშვნელობა აქვთ. იგი ავტორია მრავალი ათეული სამეცნიერო-პოპულარული, საენციკლოპედიო სტატიებისა.[1]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბუნებრივი რესურსების გამოყენება და ბუნების დაცვა. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1977.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003
  2. თსუ გეოგრაფიის დეპარტამენტის კარტოგრაფიული ფონდი