ლამარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლამარია — მარცვლეულის ნაყოფიერების, მეწველი საქონლისა და ხელსაქმის მფარველი სვანური ქალღვთაება. მისი კულტი აღმოცენდა ძვ. აგრარული ქალღვთაებისა და ქრისტიანული მარიამ ღვთისმობლის კულტის შერწყმის შედეგად. ქრისტიანობის გავლენით ქალღვთაების ძვ. სახელი გაქრა და შესაბამისი ქრისტიანი წმინდანის სახელით შეიცვალა. სვანების წარმოდგენით, ლამარიას ღვთაებათა პანთეონში უკანასკნელი ადგილი ეჭირა. ლამარიას დღეობები ძირითადად ახალი წლისა და ადრესაგაზაფხულო დღესასწაულთა ციკლს ემთხვეოდა. მის სახელობაზე დიასახლისი სპეციალურ კიდობანში ინახავდა საუკეთესო მარცვლის ფქვილს, რომელსაც ლამარიას კულტმსახურების დროს იყენებდნენ. მაგალითად, ახალი წლის ციკლის ერთ-ერთ დღესასწაულზე, შუშხვამის ღამეს აცხობდნენ საგანგებო, შუაში გახვრეტილ, დისკოსებურ ქიმებიან კვერს, რომელიც ოჯახის წევრთა კეთილდღეობისათვის იყო განკუთვნილი და წლის ბოლომდე კერის თავზე ეკიდა. ლამარიას სახელობისად ითვლებოდა საგაზაფხულო დღეობა ლილაშუნე-თესლობა. ამ დღეს აცხობდნენ ხარისა და სახვნელის გამოსახულების კვერებს, აწყობდნენ ტაბლაზე ან სპეციალურ მრგვალ კვერზე, ე. წ. კალოზე, და ლამარიას წირავდნენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბარდაველიძე ვ., ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები, თბ., 1953;
  • ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 1, თბ., 1979;