ლავრენტი არდაზიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლავრენტი არდაზიანი
Lavrenti Ardaziani.png
დაბ. თარიღი 1815
დაბ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1 (13) იანვარი 1870
გარდ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
საქმიანობა ჟურნალისტი და მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია

ლავრენტი პეტრეს ძე არდაზიანი (დ. 1815, თბილისი ― გ. 13 იანვარი [ძვ. სტ. 1 იანვარი], 1870, იქვე) — ქართველი მწერალი, ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არდაზიანის მამა, დეკანოზი პეტრე, და დედა, სოფიო, განათლებული და ქართული მწერლობის მოყვარული პირები იყვნენ. არდაზიანმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1837). 1846 წლიდან მსახურობდა ე. წ. საქართველო-იმერეთის გუბერნიის სამმართველოში, „ამიერკავკასიის პრიკაზში“, გენერალურ-გუბერნატორის კანცელარიაში, თბილისის საოლქო სასამართლოში და სხვა.

სამწერლო ასპარეზზე არდაზიანი გამოვიდა შექსპირის „ჰამლეტის“ პროზაული თარგმანით („ცისკარი, 1858“) და მალე „ცისკრის“ წამყვანი თანამშრომელი გახდა. არდაზიანმა ადრევე გამოამჟღავნა ცხოვრების მოვლენების შეცნობის უნარი (ლექსი „ფულები“ — „ცისკარი“, 1859), ხოლო ცნობილ რომანში "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ („ცისკარი“, 1861) დამაჯერებლად ასახა ძველი სოციალური ყოფის და ბურჟუაზიული ურთიერთობების დამკვიდრების გარდაუვალობა საქართველოში. თუმცა მწერალი ლიბერალური თავადაზნაურობის პოზიციებზე იდგა, მისი რომანის წარმატება თავად-აზნაურთა რომანტიკულმა სახეებმა კი არ განაპირობა, არამედ სავაჭრო ბურჟუაზიის წარმომადგენლის - მეჯღანუაშვილის ცხოვრებისა და ფსიქოლოგიის დაკვირვებულმა, რეალისტურმა ანალიზმა. ავტორის სურვილის წინააღმდეგ რომანი გვარწმუნებს, რომ მაღალი წოდება უძლურია მეჯღანუაშვილების წინაშე. ბატონყმური ურთიერთობის დრომოჭმულობა არდაზიანმა გვიჩვენა რომანში „მორჩილი“ („ცისკარი“,1862).

იმდროინდელი ქართული ჟურნალისტიკის საყურადღებო მოვლენა იყო არდაზიანის პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები: „Белый обзор 12 книжек журнала „Заря“. С января по декабрь 1858 г. ნ. ბერძენოვისა“ („ცისკარი“, 1859), „პასუხი უ. ბერძენოვის პასუხისგებაზე“ („ცისკარი“, 1859), „ორიოდე სიტყვა შესახებ თერგდალეულის სტატიისა“ („ცისკარი“, 1863). ამ წერილებში არდაზიანმა პირველმა მიაქცია ყურადღბა ქართული პროზის ჩამორჩენის მიზეზებს, შეეხო სამწერლო ენის სასაუბრო ენასთან დაახლოების აუცილებლობას. მხატვრულ ნარკვევში „მოგზაურობა ტფილისის ტროტუარზედ“ („ცისკარი“, 1862) არდაზიანმა ამხილა ტრაბახა დილეტანტები, „ცრუგანათლებულნი“. არდაზიანის ფსევდონიმების „ბიძია თონიკე“, „ალექსი ელბაკიძე“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამეზარდაშვილი დ., ნარკვევები ქართული რეალიზმის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1953;
  • გაჩეჩილაძე ა., ნარკვევები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1952;
  • კოტეტიშვილი ვ., ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), თბ., 1959;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]